
2020
ქართველი ავტორების ახალი საბავშვო წიგნები (2020) „უჩვეულო კვირადღე“...
„შუქიფე"
ბოროტ ძალებთან მებრძოლი მეფე გულადი მოუთმენლად ელის ვაჟის დაბადებას, რათა ისიც ღირსეულ მეომრად აღზარდოს. თუმცა მისი მოლოდინი არ მართლდება და იბადება გოგონა. უცნაური ის არის, რომ გოგონას მანათობელი თმები აქვს. ამის გამო მეფე მას შუქიფეს დაარქმევს. შუქიფეს დაბადებას კიდევ ერთი, ცუდი ამბავი ახლავს: დედოფალი უგზო-უკვლოდ ქრება... თუ როგორ ახერხებს შუქიფე ბოროტი ძალების დამარცხებას, ვინ ეხმარება ამ გზაზე მას და ნახულობს თუ არა დედოფალს... ყველაფერ ამას წაიკითხავთ ზღაპარში.
ავტორი: მაია გელაშვილი. გამომცემლობა "პეგასი" 2019 წ.
ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე
ცნობილი ქართული ხალხური ზღაპარი "წიქარა" გიორგი ჯინჭარაძის ილუსტრაციებით. 2018 წლის ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც სხვა ქართველი მხატვარ-ილუსტრატორების ნამუშევრების გვერდით წარმოდგენილი იყო გიორგი ჯინჭარაძის ნახატები - "წიქარას" ილუსტრაციის ნაწილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპრის გამოცემის იდეაც სწორედ მაშინ დაიბადა.
გამომცემლობა "ზოლიანი კატა"
ავტორი: ლია შალვაშვილი.
ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე
ანდრია პატარა ბიჭია, რომელიც ნიავბიჭუნად გადაიქცევა, ღრუბელს ჩაეკონება და სიკეთის საძებნელად სამოგზაუროდ გაეშურება. პატარა მკითხველები ნიავბიჭუნასთან ერთად მოგზაურებენ დედამიწაზე, შეიმეცნებენ სამყაროს. ზღაპრის დასასრულს კი სითბოთი და სიკეთით სავსე დაუბრუნდებიან რეალურ გარემოს.
გამომცემლობა "შემეცნება" 2019 წ.
ავტორი და ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე
პატარა ლურჯი დათუნია ბრუუ დედასთან - დიდი დათვის თანავარსკვლავედთან ერთად ცაში ცხოვრობს. ის ერთხელ დედამიწაზე მოხვდება. პატარა მკითხველები დათუნიასთან
ერთად იმოგზაურებენ კოსმოსში და ფერად დედამიწაზე. ავტორი და ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე.
გამომცემლობა „შემეცნება“
2019 წ.
ავტორები: ნუნუ ჯანელიძე, დალი მუხაძე.
ილუსტრატორტი დალი მუხაძე
თუ გსურთ, მოისმინოთ გმირი ჭიანჭველების საბრძოლო მარში, გამხიარულდეთ თაფლის გამო ეშმაკუნა დრუნჩას მოგონილი ოინით, გაერთოთ ფუმფულა და ლამაზ ნაგაზთან დიალოგით, ჭარტალა კაჭკაჭების ჭორაობით, მამლის გრიპის გამო ატეხილი წიწინ-კრიახით, ეწვიოთ ღრუბლების თეატრს, დაესწროთ წვიმა-ბალერინების წარმოდგენას,შეიჭყიტოთ მელაკუდას სალონში, მაშინ თქვენ უნდა წაიკითხოთ ნუნუ ჯანელიძის და დალი მუხაძის
ერთობლივი წიგნი "ხატულა ლექსები". "აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"
2019 წ.
ავტორი ალექს ჩიღვინაძე
ილუსტრატორი: ანა ჯანელიძე
გინატრიათ, ნეტავ მეც შემეძლოს ჩიტივით ფრენაო? ამ წიგნში ეს შესაძლებელია. გაჰყევით მერცხლებს და ზემოდან თითქმის მთელ
თბილისს დაინახავთ. ფრენის გაკვეთილები კი სულ არ არის მოსაწყენი, როცა მამა თბილისის შესახებ საინტერესო ამბებს უყვება თავის
ბარტყს. თქვენც მიჰყევით უჩას და ჩიორას და შემოიფრინეთ მთელი ქალაქი.
2019 წ.
„კუკრუჭანები კოკლოზინები და სხვა გემრიელი რამეები პატარა მკითხველებისთვის"
ავტორი დიანა ანფიმიადი
ილუსტრატორი ანა ჯანელიძე
საყვარელი წიგნის კითხვისას დაფიქრებულხარ, მართლა ასე გემრიელია თუ არა იქ აღწერილი კერძები და ტკბილეული, რომელსაც წიგნის პერსონაჟები შეექცევიან? მწერლები მათ ხან გაკვრით აღწერენ და ხან ისე დაწვრილებით, რომ ბევრჯერ ნერწყვიც გადაგიყლაპავს. დიანა ანფიმიადიმ რამდენიმე ასეთ ლიტერატურულ კერძს მოუყარა თავი რეცეპტების ამ პატარა წიგნში და მათი მომზადების საკუთარი ვარიანტი შემოგვთავაზა.
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
2019 წ.
ავტორი გივი ჩიღვინაძე
გივი ჩიღვინაძის ამ წიგნში წელიწადის ოთხივე დროა წარმოდგენილი. ჯერ იხილავთ, როდის მოდიან პირველი ყვავილები ჩვენს ტყეებში... შემდეგ ზაფხულის ამბები გაგახალისებთ... მერე შემოდგომის აყვითლებულ მთებში დათვების რთველს დაესწრებით... ბოლოს ზამთრის თეთრ მდუმარებაში შეაბიჯებთ და ფიფქების შრიალში კურდღლის, კოდალას, და სხვათა თავგადასავლებს გაეცნობით... წაიკითხეთ ეს წიგნი - თქვენ თვალწინ ბუნების უმშვენიერესი
სურათები გადაიშლება...
ავტორი ვასილ გულეური
ვასილ გულეურის წიგნი „ მიკო და რეი“ წიგნი ადამიანებს შორის
გაუცხოებასა და გულგრილობაზეა, კიდევ - სითბოსა და მეგობრობის
ძალაზე. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში დასახმარებლად ჩამოდის
დედამიწაზე მიკო - გოგონა პლანეტა ბელატრექსიდან. გავყვეთ მიკოს და
რეის და ვნახოთ, როგორ შეძლებენ ისინი ამას.
2019 წ.
ავტორი და ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე
ლელა ცუცქირიძის ახალ წიგნში, რომელიც მის მიერვეა ილუსტრირებული, ყველაფერია პატარების კოგნიტური უნარებისა და ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად: სახალისო ლექსები, ლაბირინთები, განსხვავებები, წერტილოვანი გასაფერადებლები და სხვ. წიგნი მხოლოდ იმ ბავშვებისთვის არაა, ვინც ანბანს სწავლობს. ის მათთვისაცაა, ვისაც თავსატეხები და უბრალოდ, გაფერადება უყვარს. ხოლო თუ წიგნს პატარებთან ერთად დიდებიც წაიკითხავთ და გააფერადებთ, მერწმუნეთ,
ეს ყველაზე კარგი და სასარგებლო აქტივობა იქნება.
გამომცემლობა "შემეცნება"
2019 წ.
„იცეკვე, ალუბალა, იცეკვე“
ავტორი: ალექს ჩიღვინაძე
ალუბალა სხვა ჩიტებს არ ჰგავდა — ცეკვა უყვარდა და როცა ყველა სხვა ჩიტი გარიჟრაჟზე გალობდა, ის ხიდან ხეზე დახტოდა ცეკვა-ცეკვით. არავის მოსწონდა ალუბალას სილაღე და მხიარულება, ბუ უბღვერდა, ბეღურა ეჭიმებოდა და ოფოფი იფოფრებოდდა. ყველასაგან განსხვავებულად ყოფნა არ არის ადვილი და ალუბალაც თითქოს შეეგუა ბედს. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, იმას ვერავინ და ვერაფერი გადაგვაფიქრებინებს დიდი ხნით.
ილუსტრატორი: ანა ჯანელიძე. გამომცემლობა „ზოლიანი კატა“
„თოვლზე ნაწერი წერილები“
ავტორი დიანა ანფიმიადი
ახალი წელი ახლოვდება და გიოს ოჯახშიც წინასაახალწლო ფუსფუსი და სამზადისია. მაგრამ რატომაა ბიჭუნა ნაღვლიანი? - გიომ იცის, რომ სადღაც შორს, ცხელი უდაბნოს ერთ-ერთ ქვეყაანში ომია და ამ ომმა ერთ პატარა გოგონას ყველაფერი წაართვა... და ნეტავ, ვინ მიულოცავს მას ახალ წელს? გაინტერესებს, რას მოიფიქრებს გიო, როგორ განახორციელებს ჩანაფიქრს და რით გაახარებს გოგონას? - წაიკითხე „თოვლზე ნაწერი წერილები", აქ საოცარი ამბავი გელოდება სიკეთესა და გულისხმიერებაზე.
გამომცემლობა „პალიტრა ლ“
„ანბანი“
ავტორი თამრი ფხაკაძე
ნუცა, ბუცა, ანბანის თოჯინები და სხვები...
ერთხელ ანბანის თეატრის ბრაზიან დირექტორს ანბანის პაწია თოჯინები გაუნაწყენდნენ. გაეპარნენ და ყველა სათითაოდ დაიმალა. ეს რომ ბავშვებმა შეიტყვეს, ამ გაქცეულებს ზედ მიაყოლეს ბრაზიანი დირექტორიც; ხოლო მათ შორის ყველაზე ყოჩაღებმა გადაწყვიტეს, რომ დამალულები მოეძებნათ. ნამდვილი თავგადასავალი კი ერთ დიდ მინდორში დაიწყო... იარეს, იარეს და დიდი მინდორზე გავიდნენ. იქ მოლაპარაკე კურდღელი დაუხვდათ.
- მე ჯადოსნურ სიტყვებს გასწავლით, - თქვა კურდღელმა, - „ჩიკი, ჩიკი, ჩიკონი დაკარგულებს ვიპოვი!"
გამომცემლობა „პალიტრა ლ“
„იავნანა ლილისთვის“
ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე
„იავნანა ლილისთვის“ ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა… პუბლიკაცია მომზადებულია კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში.
გამომცემოლობა „პალიტრა ლ“
„ორსის ორდენის სამხეცე“
ავტორი ნატო დავითაშვილი
ორსის სისტემაში ოცდაოთხი სამყაროს შესაყარზე მდებარეობს ორსის ორდენი, რომლის მთავარი ფუნქციაც ამ სამყაროებისთვის უნიკალური უნარების მქონე ნივთების დამზადებაა. ამ, ზოგჯერ ზებუნებრივი თვისებების მქონე, ნივთებმა წესით ადამიანთა ცხოვრება უნდა გაამარტივოს და გააუმჯობესოს, მაგრამ არის კი მზად ორსის სამყარო, ორდენის მიღწევები დანიშნულებისამებრ გამოიყენოს?! ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი: ნივთების დამკვეთი და მეპატრონე თუ მათი შემქმნელი?
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“