Accounting Technologies

ინტერვიუ ნანა მელქაძესთან

 - ნანა, პროფესიით მხატვარი ხართ?

 - პროფესიით ვარ გრაფიკოსი. სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი მაგრამ ყოველთვის ილუსტრაციისაკენ მიმიწევდა გული და საბოლოოდ ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი. ეს არის ის საქმიანობა, რომელიც მინდა ყოველთვის ვაკეთო.

- რატომ გადაწყვიტეთ საბავშვო მხატვრობაში დაგეწყოთ მუშაობა?

 - ჩემი პროფესია ძალიან ახლოს არის ილუსტრაციასთან. თან როგორც ყოველთვის მშობლების პროფესია ხშირად გავლენას ახდენს შვილების პროფესიაზე. ჩემს შემთხვევაშიც ალბათ დიდი გავლენა იქონია მამაჩემის მხატვრობამ, მისმა ილუსტრაციებმა. ბავშვობიდან დიდი დოზით მქონდა შეხება ილუსტრაციასთან. პატარაობაში ხშირად ვიგონებდი პატარ-პატარა ისტორიებს და ვასურათებდი, როგორც წიგნებს, ძალიან მიყვარდა კომიქსების ხატვა, ეს ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა იყო. მომავალში მხოლოდ ამ სფეროში ვხედავდი საკუთარ თავს და სხვა რამ ვერ წარმომედგინა.

- გვიამბეთ, როგორ მუშაობთ საბავშვო წიგნზე? ავტორთან ერთად ირჩევთ ილუსტრაციის შინაარსს, სიუჟეტს თუ თავად წყვეტთ, რომელი ეპი\ზოდის დასურათება იქნება უფრო კარგი?

  - ვმუშაობ დამოუკიდებლადაც და ასევე ავტორთან შეთანხმებითაც, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. ძირითადად ჩემი და ავტორის შეხედულებები დასასურათებელი ეპიზოდის არჩევისას ერთმანეთს ემთხვევა. როცა ავტორი დაინტერესებულია, წინასწარ ვათანხმებთ ამა თუ იმ დეტალს, რომჩვენი მუშაობის შედეგი ყველასათვის დამაკმაყოფილებელი იყოს.

- საინტერესოა საბავშვო ილუსტრაციაზე მუშაობა? რითაა განსხვავებული და რა სპეციფიკა აქვს საბავშვო მხატვრობას  ზოგაგად?

- საბავშვო ილუსტრაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესოა, მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. ერთგვარი გამოწვევაა, თავი გაართვა ყველა ასაკისათვის შესაფერისი ილუსტრაციების შექმნას. შეუზღუდავად შეგვიძლია გამოვავლინოთ საკუთარი თავი და ფანტაზია. ბავშვისათვის საინტერესოა ილუსტრირებული წიგნების დათვალიერება. ამიტომ მნიშვნელოვანია - დიდი რაოდენობით შევთავაზოთ, რადგან მათი წიგნებთან პირველი კონტაქტი და

წიგნების შეყვარება სკოლის ასაკამდე მხოლოდ ილუსტრაციების მეშვეობით ხდება.

 - რამდენი საბავშვო წიგნი გაქვთ დასურათებული?

- ილუსტრაციის სფეროში ჩემი ათწლიანი მოღვაწეობის შედეგია ჩემს მიერ ილუსტრირებული დაახლოებით 35-მდე წიგნი. იქნება ეს ლექსები, ზღაპრები, მოთხრობები, სახელმძღვანელოები, სათამაშო წიგნები ყველაზე პატარებისათვის თუ სხვა.

  -რომელი მწერლის ნაწარმოების ილუსტრირება გსურთ ყველაზე მეტად? ალბათ გყავთ საყვარელი მწერლები.

- კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, ვისი ნაწარმოების დასურათებას ვისურვებდი, რადგან ყოველთვის დიდი სიამოვნებით და ინტერესით ვმუშაობ ყველა ავტორის ნაწარმოებზე - როგორც თანამედროვეებზე, ასევე წინა თაობების. ყველას ეპოქის ნაწარმოების დასურათებას აქვს თავისი ხიბლი.

- როგორც ვიცით, არაჩვეულებრივ საბავშვი საატებსაც ამზადებთ.  როგორ გაჩნდა ეს იდეა?

    - საათების იდეა ჩემი ფეისბუქმეგობრის ხელნაკეთი საათების ნახვის შემდეგ დამებადა და დიდი ხნის მანძილზე მეც მინდოდა, შემექმნა ხელით მოხატული, საბავშვო ინტერიერისათვის შესაფერისი საათი, მაგრამ არ ვიცოდი, რა მასალით. მოგვიანებით ხატვა დავიწყე ხის ნაფოტებზე და ამ მასალამ ისე გამიტაცა, რომ საათების იდეასაც მალევე ხორცი შეესხა.

- ყველაზე გამორჩეული პროექტი, რომელ\ზეც გიმუშავიათ. რით იყო ის განსაკუთრებული?

 - გამორჩეული წიგნი ალბათ ბავშვებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ მე შემიძლია გამოვყო ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, ნათია ჯანაშიას ლექსების კრებული "ენოტის რემონტი” გამომცემლობა "პალიტრა L”, რომელზეც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, აუჩქარებლად ვიმუშავე, ავტორთან ერთად, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია და ჩვენმა, ერთობლივად შეათანხმებულმა მუშაობამ დადებითი შედეგიც გამოიღო. წიგნი ძალიან მხიარული და ფერადი გამოვიდა. გამოვყოფ ასევე საქართველოს ისტორიის ათტომეულს (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) - ამ წიგნზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდი. წიგნი დატვირთულია ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებით, ბრძოლის სცენებით და გამოირჩევა ილუსტრაციის განსხვავებული, მოზარდებზე გათვლილი სტილით, რომელიც ჩემთვისაც სიახლე იყო. გამოვარჩევ ქართულ ხალხურ ზღაპრებს ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), რომლის სტილიც დანარჩენებისაგან განსხვავებულია, "გამოძერწილ ლექსებს" და სხვა.