
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
- ქალბატონო ნანა, რამდენი წელია, რაც პოლონეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ?
- თითქმის ორ ათეულზე მეტი წელია, რაც პოლონეთში ვცხოვრობ. წამოსვლამდე ვმუშაობდი ჩანტლაძის სახ. თეატრში, შემდეგ 5 წლის განმავლობაში ვასწავლიდი ხატვას, საერთაშორისო ბავშვთა ფოლკლორის ცენტრში, რომლის დირექტორი იმ დროს ქალბატონი ნათელა ჯიღაური გახლდათ. აქ ჩამოსვლის შემდეგ შემოქმედებითი საქმიანობის სფერო ფერწერა და ილუსტრაციაა. თბილისში ძირითადად გობელენების გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. იმ დროს. თბილისის ომამდე. ჯერ კიდევ იმართებოდა გამოფენები მხატვრის სახლსა და ეროვნულ გალერეაში, პოლონეთში ჩამოსვლისას არ გამჭირვებია გამომცემლობებთან თანამშრომლობის დაწყება. გავიარე ვარშავის კომპიუტერული ტექნოლოგიების სკოლის გრაფიკის კურსი. ასევე მეხმარებოდა ჩემი ფიზიკოსი მეუღლე. იმ დროს პოლონეთში ნაკლები იყო ასეთი ტექნოლოგიები. გამომცემლობისათვის კი მომგებიანი და ეფექტური იყო ისეთ ილუსტრატორებთან მუშაობა, ვინც ერთდროულად მხატვარიც იყო და კომპიუტერული გრაფიკოსიც. ვინც მხოლოდ ეგრეთწოდებულ `დისნეის სტილით” (კონტური და შიგ ჩასხმული ფერი) კი არა, არამედ უფრო ფერწერულ ილუსტრაციას შესთავაზებდა.
- როგორც ვიცით. ბევრ ევროპულ გამომცემლობასთან გიწევთ თანამშრომლობა. რა განსხვავებას ხედავთ მათსა და ქართულ გამომცემლობებთან თანამშრომლობაში?
- ვთანამშრომლობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორთან და გამომცემლობასთან, მუშაობა მიხდება აგრეთვე ქართულ გამომცემლობებთან. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ უცხოელი გამომცემელი ან ავტორი უფრო მეტად ჩართულია ილუსტრაციის თითოეული დეტალის შექმნის მსვლელობაში. ეს მხატვრისათვის ერთდროულად კომფორტულიცაა და ზოგჯერ მომაბეზრებელიც. ისინი ილუსტრაციის სიუჟეტს ტექსტიდან გამომდინარე ხშირად გკარნახობენ. ქართულ ტექსტებში მეტი პოეტურობა, მეტი მხატვრული დახვეწილობაა. ჩემთვის ეს უფრო მისაღები და საინტერესოა. ქართველ გამომცემელთან მუშაობა საპასუხისმგებლო, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.
- რამდენი საბავშვო წიგნი გაქვთ დასურათებული? რომელს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე საინტერესოს?
- ძირითადად, საბავშვო ლიტერატურის დასურათებით ვარ დაკავებული, რაც მოიცავს როგორც მხატვრული წიგნების დასურათებას, ასევე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში სამეცნიერო ტექსტების ილუსტრირებას. ბავშვები წიგნის ყველაზე ფაქიზი და პრეტენზიული მომხმარებლები არიან. უკვე წლებია, პოლონეთში დიდი ყურადღება ეთმობა წიგნის ყოველი გვერდის სიუჟეტის ნახატით შევსებას (Pიცტურე ბოოკს), რასაც ბავშვისათვის შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. უყალიბებს კარგ ესთეტიურ გემოვნებას, მათ უფრო მეტად მოსწონთ ასეთი წიგნების კითხვაცა და დათვალიერებაც. წიგნები კი უფრო გაყიდვადია. ქართველი ავტორებიდან ასეთ წიგნებზე მიმუშავია მარიამ წიკლაურის „ანბანის სამეფო” და `ზღაპარ იყო”. - ქართველ ავტორებთან თუ გიწევთ თანამშრომლობა? - უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობ ქართველ ავტორებთან და სხვადასხვა გამომცემელთან, წლებია პერიოდულად ვასურათებსაბავშვო ჟურნალ „ჯეჯილს”, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მის გამომცემელს.
- როგორია მუშაობის პროცესი - ილუსტრირების პროცესში ითვალისწინებთ ავტორის ან გამომცემლის მოთხოვნებს და აზრს, თუ დამოუკიდებლად იღებებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ წიგნის დასურათების პროცესში?
- დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტექსტის კარგად წაკითხვას. მეხმარება ასევე ავტორთან საუბარი, მისი ხედვა ამა თუ იმ პერსონაჟზე. ზოგჯერ პირველივე მითითება მეხმარება, მაპოვნინოს ნახატის ზუსტი განწყობა. მაგრამ ზოგჯერ ისეცაა, რომ არანაირი იდეა არ მებადება. ასსეტ დროს საუკეთესო გზამკვლევი ისევ ავტორთან დეტალური საუბარია, რომელსაც წარმოსახვაში უკვე დახატული ჰყავს თავისი პერსონაჟი. ხშირადაა, როცა ჩემი კონცეფცია არ დამთხვევია ავტორისას და თავიდან უნდა მომეძებნა გმირის ხასიათი. - საქართველოში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ? - ხმამაღლა ნათქვამად თუ არ ჩამომართმევთ, არ ვთვლი თავს საქართველოდან წასულად. პერიოდულად მაინც მიწევს გარკვეული შემოქმედებითი წვლილის შეტანა მის ყოფაში, რაც დიდი პატივი და ბედნიერებაა თითოეული ხელოვანისათვის.
- გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას, როგორც ფერმწერი?
- ვცდილობ, ვიყო უფრო აქტიური მხატვარი, როგორც ფერმწერი. დიდი დრო მიაქვს პედაგოგიურ საქმიანობას, ვასწავლი ფერწერას ერთ-ერთ უნივერსიტეტში, გასული წლის ოქტომბრიდან აგრეთვე გავხსენი მხატვრული გობელენის სახელოსნო, სადაც უფროსი ასაკის ათამდე მოსწავლე მყავს.
- როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ქართულ საბავშვო გამოცემებს, მოხვდეს ევროპულ ბაზარზე?
- ვფიქრობ, გამომცემლობები მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი მთარგმნელებთან თანამშრომლობით, თუმცა იგივე შემიძლია ვთქვა პოლონურ წიგნის ბაზარზე, ბეჭდური მედია თითქოს უკანა რიგებში მოაქცია ინტერნეტმა. - ამჯერად თუ მუშობთ რაიმე წიგნზე? - 11 ივნისს გაიმართება ახლახან დასურათებული პოეტური კრებულის `წერილები ქალებს”, იაკუბ იანიკის ავტორობით, რომელიც უფროსი მკითხველისათვისაა განკუთვნილი. წიგნის დასურათებისას ავტორმა მომცა იმის საშუალება, რომ გამომეყენებინა ჩემი ფერწერული ნამუშევრები და მათზე გარკვეული მხატვრული ექსპერიმენტული ხაზები დამემატებინა. საინტერესოა, როგორ მიიღებს მკითხველი.
- თქვენი სამომავლო გეგმები?
- თითოეული ადამიანის ცხოვრების მანძილზე არსებობს გარემოებები, რომლებსაც ჩვენდაუნებურად მივყავართ გარკვეული გეგმების დასახვამდე, რაც ერთგვარ კომპრომისზე წასვლას ნიშნავს. ალბათ ამიტომ მომწონს მოკლევადიანი მცირე კალენდარული გეგმები.