
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
- ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, პროფესიით მუსიკოსი ხართ..
- პროფესიით ეთნომუსიკოლოგი ვარ. კონსერვატორიაში სწავლის დროს ერთნაირად მაინტერესებდა ეთნოგრაფია და ხალხური მუსიკა. არც არის გასაკვირი, რადგან ხალხური მუსიკა ყოფასთან ოდითგანვე მჭიდრო კავშირში იყო და მისგან დამოუკიდებლად არც მოიაზრებოდა. _ გვიამბეთ თქვენს პირველ წიგნზე `მხიარულ-ბრაზიანი ბატონები~. როგორ დაიბადა მისი დაწერის იდეა და როგორ იქცა იდეა წიგნად? _ როდესაც ხალხური სიმღერების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ვუყვებოდი იმ წესებსა თუ რიტუალებზე, რომლებთანაც იყო დაკავშირებული ესა თუ ის სიმღერა: ბავშვის დაბადებას თან ახლდა სიმღერა „მზე შინა“, აკვანში პირველად ჩაწვენისას უმღეროდნენ „ნაი-ნაი“-ს, დაძინებისას „ნანა“-ს. შრომის პროცესს თავისი შესაბამისი სიმღერა ახლდა, ასევე ქორწილს, ლხინსა თუ გლოვას. სწორედ ასეთი სწავლებისას, როდესაც ინფექციური დაავადება ბატონების საამებელ სიმღერა „საბოდიშო“-ს ვსწავლობდით,
მოვყევი, თუ როგორ ესახებოდათ ძველად ქართველებს ბატონების სამფლობელო. იქვე ბავშვებსაც დავაწერინე, როგორ წარმოედგინათ „იქაური“ ცხოვრება. ბავშვების ნააზრევი იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავწყვიტე, ზღაპრად შემეკრა, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერს მაინც ჩემეული სახე მივეცი და ასე დაიბადა ჩემი პირველი წიგნი „მხიარულ-ბრაზიანი ბატონები“. წიგნი, მართალია, შემეცნებითია, მაგრამ ამავდროულად მხატვრულიცაა. ამიტომ წიგნის მხატვარმა, ქეთევან ძიძიგურმა ავთენტურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული: სამოსით, საცხოვრებელი სახლებით, ნივთებითა თუ ბუნებით, ნახატები შექმნა. ასევე წიგნს ამშვენებს ძველი წიგნებიდან აღებული ქართული ორნამენტები. ამ წიგნზე მუშაობისას უამრავ ეთნგრაფიულ თუ სამედიცინო წიგნს გავეცანი. პირველ რიგში ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყო ეთნოგრაფიული მასალის სიზუსტით გადმოცემა, ამავდროულად ზღაპრულ საბურველში გახვევა, ისე რომ ბავშვებისთვის ეს მასალა საინტერესოდ ყოფილიყო გადმოცემული. ამავდროულად ის ნიშნები, თუ თარიღი, რომლებიც უკავშირდება ბატონების მობრძანებას, ასევე წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ ავადმყოფის მოვლისას, მაქსიმალური სიზუსტით არის აღწერილი. მეორე მიზანი ამ წიგნზე მუშაობისას ის იყო, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ლექსიკით, ტრადიციებით, საქმიანობითა თუ ხალხის ხასიათით ისე ყოფილიყო ნაჩვენები, რომ მკითხველისთვის ადვილად ამოსაცნობი ყოფილიყო. ბატონები ხომ სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ, თუმცა წიგნში არსადაა ნახსენები, თუ რომელ კუთხეში მოხვდა ესა თუ ის ბატონი. და ბოლოს, წიგნს სისრულეს მატებს თანდართული აუდიო-დისკი, სადაც საქართველოს შვიდი კუთხის შვიდი _ ბატონების საამებლად ნამღერი სიმღერაა ჩაწერილი.
- თქვენი მეორე წიგნის,. რას ეხება იგი - ისიც ფოლკლორულ მასალებს ეფუძნება?
- ჩემი პირველი წიგნი დაწერიდან ათი წლის მერე გამოიცა. ახლახანს გამოვიდა მეორე წიგნი - ზღაპარი „შუქიფე“. მასზე საუბარს მისი სახელწოდებიდან დავიწყებ. შუქიფე - გოგონას სახელია, რომელიც უკავშირდება სინათლეს, შუქის მოფენას. ზღაპრის მთავარი პერსონაჟი მეფის ასული შუქიფეა, რომლის სხივმფენ თმებს აქვს სასწაულებრივი ძალა: მის სიახლოვეს ყოველ სულიერს სიკეთის ქმნის სურვილი უჩნდება. ზღაპარში ვხვდებით სახეებს ქართული მითოლოგიიდან და ფოლკლორიდან: დევებს, ქაჯებს, მაჯლაჯუნებს, ალებს, როკაპს. ასევე კეთილ ქალღვთაებებს: მინდვრის დედოფალს, ადგილის დედას, წყლის და ცის დედოფალს, ნადირთა მფარველ დალის... მაშინ, როდესაც სახელმწიფო უკიდურეს გაჭირვებაშია, ხალხიც გაბოროტებული და საღ აზრს მოკლებული, იბადება შუქიფე. ძველი ლეგენდის მიხედვით მან უნდა იხსნას თავისი ქვეყანა ბნელეთის მბრძანებლისაგან. ამ გზაზე შუქიფეს წინ ეღობებიან ბოროტი სულები, ამავდროულად ყველანაირად ეხმარებიან და ხელს უწყობენ კეთილი ქალღვთაებები... რა თქმა უნდა, როგორც ყველა ზღაპრის ბოლო, ამ ზღაპრის დასასრულიც კეთილია.
- გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე...
- ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ ქალაქ ოზურგეთში. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საცხოვრებლად სრულიად უცხო ქალაქსა და გარემოში გადასვლა. თუმცა საქმის სიყვარულმა სძლია. ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ვარ. ასევე ვხელმძღვანელობ გოგონათა ხალხური სიმღერების გუნდს და მგალობელ-მომღერალთა ანსამბლს „სამშვენისი“.
- ალბათ მუშაობთ ახალ ნაწარმოებზეც . იქნებ გაგვიმხილოთ, რას შემოგვთავაზებთ მომავალში?
- ახალი ნაწარმოები ჩემს აზრებში ცოცხლობს. რატომღაც ველოდები მეორე წიგნის გამოცემას, რათა დავინახო რამდენად მოსაწონია მკითხველისთვის. ამის მერე უფრო თამამად ვიმუშავებდი, ან პირიქით.. მესამე წიგნიც ზღაპარი იქნება და კვლავ მითოლოგიურ პერსონაჟზე. მინდა ამირანის თემას შევეხო. ვნახოთ...
- ბავშვობაში თუ გყავდათ საყვარელი საბავშვო მწერალი და საბავშვო წიგნი.
- სიმართლე გითხრათ, არ მყოლია გამოკვეთილად რომელიმე საყვარელი ავტორი. ვუსმენდი ყველანაირ საინტერესო ისტორიას, რომ წამოვიზარდე, ვკითხულობდი რაც კი ხელში მომხვდებოდა. უფრო მეტად სევდიანი ამბები მომწონდა. განვიცდიდი ძალიან ასეთ დასასრულს. ჩემს ფიქრებში ვაგრძელებდი ამბავს და კეთილ ბოლოს ვუძებნიდი.
- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ბავშვებს კითხვა შევაყვაროთ?
- ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან და ხალხური სიმღერის სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვები უკეთ სწავლობენ, როცა მათ ზეპირი გადმოცემით ვასწავლით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვუკითხოთ ადრეულ ასაკში. გვქონდეს შეხვედრები სკოლებში, ბიბლიოთეკებში. „ცოცხალი წიგნები“ მოეწყოს ბავშვებისთვის. გეზი და მითითება სჭირდებათ ბავშვებს რომელ ასაკში რა წიგნი იკითხონ. შემდგომ გვქონდეს მსჯელობა წიგნის ემოციაზე... და კიდევ ერთს ვიტყოდი: მაგალითს დიდი ძალა აქვს. თუ სახლში უფროსი არ კითხულობს, ბავშვიც ვერ ეჩვევა წიგნის კითხვას. თუ ბავშვმა არ დაინახა უფროსისგან წიგნით გამოწვეული ემოცია, არ მოისმინა მშობლისაგან შემდეგი ფრაზა: იცი რა საოცარი რამ წავიკითხე... და შემდეგ ის „საოცარება“ და მასზე მსჯელობა არ მოისმინა, მისი აზრიც არ იკითხეს და არ მიეცა მსჯელობის საშუალება, მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში უფლება არ გვაქვს ბავშვებს წიგნის სიყვარული მოვთხოვოთ. თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა მრავალფეროვანია. იქმნება მრავალი ჟანრისა თუ თემატიკის წიგნები. მთავარია წიგნი ბავშვის გულამდე მივიდეს. ამის მერე მას დაძალება – რომ წაიკითხოს, აღარ სჭირდება წაკითხვაზე.