
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
- ქალბატონო მაკა,როგორც ვიცით თქვენ პოეტი და პროზაიკოსი ხართ ,რომანისტიც. როგორ გაჩნდა თქვენს შემოქმედებაში საბავშვო მწერლობა და რა მოგიტანათ ამ სიახლემ ?
- ჯერ კიდევ სკოლაში, ჩემს მეგობარტან ერთად ვწერდი საბავშვო წიგნებს და ვასურათებდი. ვიდრე დედა არ გავხდი, ეს გატაცება არ გამხსენებია. ბავშვებთან ერთად დავიწყე სათამაშო წიგნების აწყობა და ამასობაში ბევრი საბავშვო მოთხრობა და ლექსი შემომეწერა.შექმნილი ტექსტები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მივიტანე , მან კი შემომთავაზა, იმდროისთვის უკვე გარდაცვლილი დიდი ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის, სამი ბერძნული მითის საბავშვო ვერსიების წიგნად გადაქცევა. ასე გაჩნდა ჩემი პირველი საბავშვო წიგნი" ბერძნული და რომაული მითები. მალე ქართული მითებიც გამოვიდა და ასე გავხდი ჩემი შვილების მეგობრებში ყველაზე პოპულარული მწერალი.
- როგორ მოხდა რომ ამდენ ხანს თქვენი საავტორო წიგნი არ გამოცემულა?
- მართლაც 23 წლის წინ დაწყებული საბავშვო წიგნებიდან მხოლოდ წელს გამოვიდა ლექსების წიგნი "ოკრო-ბოკრო" ამ ხნის მანძილზე პერმანენტულად და ჟამგამოშვებით ვიბეჭდებოდი ჟურნალებში "ანო და ვანო", "საბავშვო ლიტერატურის ალმანახი". "დილა", "შოკოლიტი". წიგნის გამოცემას კი აღარ დაადგა საშველი. უკვე ხელი ჩავიქნიე და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე წიგნის მაღაზიაში წიგნი ჩემი ავტორობით.
- რამდენადაც ვიცი, შვედეთშიც იმოგზაურეთ და იქაც შექმენით პროზაული ნაწარმოები.
- ამ მართლაც ზღაპრულ ქვეყანაში ბევრი ვიმუშავეთ, შევქმენით 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის წიგნების მაკეტები. სამუშაო დასახელებებით „მედუზების ოჯახი", „მსხალის ისტორია", „ზღვის ცხენი და მაგნოლია". ვორქშოფის შემდეგ ერთი წიგნი უნდა გამოსულიყო შვედეთშიც და საქართველოშიც. ჩვენი ჯგუფის შექმნილი წიგნებიდან ვერც ერთმა არ გაიმარჯვა, მაგრამ შევიძინე საოცარი გამოცდილება და გამომყვა ულევი სითბო და საბავშვო ლიტერატურაში მუშაობის სურვილი.
- ალბათ გყავთ საყვარელი პერსონაჟები? გვიამბეთ რაიმე მათ შესახებ.
- მყავს და ძალიან მიყვარს - „ფეტრის მეტრი" .„რბილი კუბიკი რუბიკი", „შეყვარებული ფოსტალიონი", „ლუკა," „ბოშის გოგონა რამინა", „უსაყვარლესი ზღვის ცხენი“. ხანდახან მე თვითონ ვხატავ ჩემს პერსონაჟებს...სამწუხაროდ, ერთხელ დახატულ პერსონაჟს ვეღარ ვიმეორებ და ასე, რომ ილუსტრატორად ვერ გამოვდექი. ჩემი პერსონაჟები ხან ფანქრის წვერს მოსწყდებიან, ხან კი კალმისტრის. ასე იწყება ზღაპარი და გრძელდება წიგნის გამოცემამდე.შემდეგ კი ის უკვე ჩემი და ჩემი შვილების კი არა ყველას ზღაპარია.
- რას გძენთ თქვენს მკითხველთან შეხვედრა?
- უამრავ პოზიტიურ განცდას, კეთილ ღიმილს და იესოსეულ მიხვედრას - გამოუშვით ბავშვები ჩემამდე! მართლაც, არაფერი არ არის ისეთი ნამადვილი და ალალი,როგორც პატარა. ერთხელ ბავშვებმა ჩემი მოთხრობების მიხედვით ნახატები დახატეს და მომართვეს. ერთ-ერთი მხატვრის ნახატში ჩემი მაჯლაჯუნა კარადაში ზის და ზედ წარწერაა მაჯლაჯუნა - მაკა მიქელაძე.
- თქვენი სამომავლო გეგმები?
- ბატონმა გურამ პეტრიაშვილმა შემომთავაზა საერთო წიგნის შექმნა. ჩემს საყვარელ რძალთან და ცნობილ ქართველ საბავშვო ილუსტრატორთან ნინო ჩაკვეტაძესთან უნახავს ჩემი საბავშვო წიგნი და ერთ-ერტი პატარა მოთხრობის გაგრძელება დააპირა. ჯერ-ჯერობით ეს პროექტია. თითქმის დამთავრებული მაქვს საბავშვო მოტხრობების წიგნი "იყო, არის და იქნება..." რამდენჯერმე ვცადე საბავშვო რომანის დაწერა, მაგრამ.... პროექტები არ დააფინანსეს. ვნახოთ, რა იქნება. ვინ იცის ილუსტრირებული წიგნის შექმნასაც შევეჭიდო. ვნახოთ როგორ წარიმართება ჩემი საქმენისაგმირონი პატარებისათვის. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გამომცემლებზეა დამოკიდებული.
- კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი მოღვაწეობით საბავშვო ასპარეზზე?
-არც ისე. ბევრად მეტი შემეძლო და ბევრად მრავალფეროვნად შეიძლებოდა მიდგომა ამ უფაქიზესი ველის მწერლობასთან. დრო და ჟამი ბევრ რამეს განკარგავს. ვფიქრობ მომივა შვილიშვილების ხანა და ახალი იდეებიც დაგვატყდებიან თავს.
-როგორ წარმოგიდგენიათ საბავშვო ლიტერატურის შემდგომი განვითარება?
- ქართული საბავშვო ლიტერატურა, მშვენიერი დილემის წინაშე დგას, მოირგოს მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის ახალ-ახალი სამოსი. გაცნდა ფენტეზი, კომიქსი, თინეიჯერა ლიტერატურის ჩანასახები, სხვადასხვა ასაკის მკითხველისტვის სხვადასხვა მწერლები წერენ. ვინარჩუნებ ტრადიციულ სახესაც და ვთანამედროვდებით კიდეც. და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.არ ჩანს საბავშვო დეტექტივები, მძაფრსიუჟეტიანი ზღაპრები, საბავშვო ეპისტოლარული ჟანრი და ვინ მოსთვლის. ყველაფერს გამოუჩნდება ადგილი ბავშვების გულებში და ჩვენი მაღაზიების წიგნების თაროებზე.
- როგორ უნდა წერდეს საბავშვო მწერალი?
- აი ეს ზუსტად ვიცი! საბავშვო მწერალი უნდა წერდეს კარგად.
-რას ფიქრობთ საბავშვო ლიტერატურის ახალ ქართულ თარგმანებზე?
- ძალიან სასიამოვნოა, რომ ბევრი ახალი თარგმანი არსებობს, თუმცა არ მესმის, რატომ დაიჩაგრნენ ადრე გადათარმნილი საბავშვო წიგნების ავტორები და მათ ბევრად უკეთ გადათარგმნილი საბავშვო წიგნების განმეორებით გამოცემას რატომ ამჯობინეს ახალი და უხარისხო თარგმანები. რა თქმა უნდა ყველა წიგნზე ამას ვერ იტყვი, ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა მიეცა, ახალ ნაწარმოებებს გასცნობოდნენ ახალი და არა მშობლების ნაკითხი წიგნების გვერდებიდან.მე თვითონ ადაპტირებული ტექსტის ავტორი ვარ, მაგრამ მართალი გითხრათ გული მწყდება, რომ ნაწარმოები მთლიანად არ ვთარგმნე. უნდა ვაღიარო, რომ ადაპტირებული ტექსტები ბავშვებს უყვართ. ასე ისინი მარტივად იგებენ წიგნის შინაარსს და ბევრ შინაარსსაც კი გაეცნობიან. დროც არა აქვთ სქელტანიანი წიგნების საკითხავად, მაგრამ როგორ ვიზრუნოთ ბავშვის ლექსიკის სიმდიდრეზე და მხატვრულ აზროვნებაზე?! ეს დასაფიქრებელია. წაიკითხავს კი ის ლიტერატურულ დედანს, ადაპტირებული ტექსტების გადაბულბულების შემდეგ? ვფიქრობ, ადაპტირებულ ვერსიაშიც კი უნდა შევინარჩუნოთ მხატვრულობის დონე, რათა ბავშვს სურვილი გაუჩნდეს გაეცნოს ლიტერატურულ პირველწყაროს.