
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
- რამ განაპირობა, რომ ბავშვებისთვის დაიწყეთ წერა?
- სურვილმა, რომ საკუთარ ბავშვობაში ისევ დავბრუნებულიყავი.
- როგორ იბადებიან თქვენი პერსონაჟები? ჰყავთ თუ არა მათ პროტოტიპი?
- საკუთარი თავი და ის ბავშვები, მათ შორის ჩემი მოსწავლეები, ყოველდღიურად რომ ვხვდები. საბავშვო მწერალი ერთი მხრივ, უნდა საზრდოობდეს საკუთარი ბავშვობით და მეორე მხრივ, ეცადოს და იყოს ახალი თაობის თანამედროვე. ბეწვის ხიდია, მაგრამ აუცილებლად გასავლელი.
- პატარა მკითხველთან თუ გაქვთ უკუკავშირი, გიწევთ მათთან რაიმე სახის ურთიერთობა და იმის გაგება, რა მოსწონთ და თუ ითვალისწინებთ მათ აზრს?
- „თომას ზღაპრებს“ ძალიან გაუმართლა და კვირაში ორჯერ მაინც მიწევს
ბავშვებთან შეხვედრა თბილისსა თუ რეგიონში. მათ აზრს არათუ ვითვალისწინებ, ყველა ჩემი საბავშვო ტექსტი, მათ რჩევებსა და მოსაზრებებს ეყრდნობა.
- ალბათ მუშაობთ ახალ ნაწარმოებზეც. იქნებ გაგვიმხილოთ, რას შემოგვთავაზებთ მომავალში?
- ეს არის „თომას ზღაპრების“ მეორე წიგნი, რომელზეც პატარა მხატვარ,
ნიკოლოზ ლოლაძესთან ერთად ვმუშაობთ. შესანიშნავი პროცესია და
მრავალმხრივ საინტერესო, მადლობა ნიკალოს ამ შანსისთვის.
- თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე საბავშვო ლიტერატურისადმი. თქვენი აზრით, როგორია ის?
- თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა ტრანზაქციის ურთულეს პერიოდშია,
ერთი მხრივ უნდა შეინარჩუნოს ჯადოსნურობა, მეორე მხრივ ტექნოლოგიურ პროგრესსა და ტერმინებში გაწაფულ ბავშვებს არ ჩამორჩეს. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ადამიანი ყველაფერს დაძლევს.
- ბავშვობაში თუ გყავდათ საყვარელი საბავშვო მწერალი და რომელი იყო საყვარელი საბავშვო წიგნი?
- უამრავჯერ ვუბრუნდები ლინდგრენის მოთხრობებს და ნოდარ დუმბაძის ლექსებს. არაერთხელ გადამიკითხავს მორის ფოცხიშვილის „საგა პინგვინებზე“.
- რომელი იყო წიგნი, რომელიც პირველად წაიკითხეთ დამოუკიდებლად?
- ნამდვილად არ მახსოვს, მახსოვს რომ მშობლები მიკითხავდნენ ხოლმე, მათ შორის მარკ ტვენის “უფლისწულსა და მათხოვარს”.
- თქვენი საყვარელი სამი საბავშვო მწერალი.
- ასტრიდ ლიდგრენი, გივი ჭიჭინაძე, ნოდარ დუმბაძე.
- თქვენი საყვარელი სამი საბავშვო წიგნი.
- ლინდგრენის “ემილის თავგადასავალი”, სულაკაურის “სალამურას თავგადასავალი”, ჯადოსნური ზღაპრები - ქართული თუ უცხოური. თუ საბავშვოდ ჩავთვლით, მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი” და შემდეგ “ჰეკლბერი ფინი” განმსაზღვრელი წიგნებია ჩემს
ცხოვრებაში.
- თქვენი ნაწარმოებებიდან რომელია ყველაზე საყვარელი?
- სწორედ ზღაპრები, იმიტომ რომ ამ წიგნმა უამრავ შესანიშნავ პატარას შემახვედრა, საქართველოსა და თუ უცხოეთში
- თქვენი ზღაპრების გმირებიდან რომელია ყველაზე კეთილი?
- ალბათ, ბუ ბაიბურა. ის უპირობოდ კეთელია, ბაიბურას სარგებელი მხოლოდ ამ სიკეთის ქმნიდან მიღებული სიამოვნებაა.
- რის წაკითხვას ურჩევთ პატარებს?
- აუცილებლად მოითხოვონ თანამედროვე ქართველი მწერლების გამოცემები.
- აისახება თუ არა თქვენი ბავშვობის დროინდელი მოგონებები თქვენს ნაწარმოებებში?
- დიახ, დიდწილად ჩვენ საკუთარი ბავშვობის ჯამი ვართ
- დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ უყვართბავშვებს კითხვა? რაში მდგომარეობს პრობლემა? იქნებ ეს უფროსების ბრალია?
- ვფიქრობ, ეს სასკოლო გენერალური რეფორმის არარსებობის შედეგია. ლიტერატურის სწავლება სკოლებში დიდწილად არასწორი მიმართულებით ხორციელდება, რის შედეგსაც წლებია ვიმკით. ცხადია, საკუთარი წვლილი ელექტრონული სამყაროს დომინაციასაც აქვს, მაგრამ ეს პრობლემა სწორი მიდგომის შემთხვევაში, იოლად დაიძლევა და დაბალანსდება.
- რა აზრის ხართ საბავშვო ლიტერატურის წინაშე მდგარ სირთულეებზე. როგორც წინა თაობის მწერლები აღნიშნავენ ხოლმე, ეს პრობლემა არახალია და ეს დარგი მუდამ სიძნელეების წინაშე იდგა. როგორ ფიქრობთ, რითაა გამოწვეული ეს?
- ძალიან დასანანია, როცა საბავშვო მწერლობას მეორად მიმართულებად აღიქვამენ. არადა, უამრავი ბრწყინვალე თანამედროვე საბავშო მწერალი გვყავს, მე მათ რიგში, ცხადია, უკანასკნელი ვარ. მთავარი პრობლემა აღუქმელობა და დაუფასებლობაა. თუმცა აქ საკუ თარი წვლილი ყველა გვაქვს.
- როგორ ფიქრობთ, რა მოვალეობა აკისრიათ დღეს საბავშვო მწერლებს - გარდა იმისა, რომ წერონ ბავშვებისათვის.
- არა მხოლოდ მწერლებს, არამედ გამომცემლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ არსებობენ, მაგრამ აუცილებლად გაჩნდებიან, ვგულისხმობ ლიტერატურულ აგენტებს, აკისრიათ აუცილებელი როლი, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუების ან ზოგჯერ ცოტა დაზარებისა, დაჟინებით აკაკუნონ იმ დაწესებულების კარზე, რომელიც ბავშვებს უკავშირდება - სკოლებსა და ბაღებზე. აქტიური კომუნიკაცია, სწორი ვექტორების მონიშვნა არის აუცილებელი და გადაუდებელი საქმე.
- თქვენ, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორს, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ბიბლიოთეკის როლი მოზარდთა წიგნიერების დონის ამაღლების საქმეში? რა ტიპის აქტივობები ხორციელდება თქვენს ბიბლიოთეკაში ამ მიმართულებით?
- გარდა ხშირი სასკოლო ექსკურსიებისა, წიგნის მუზეუმში და დამოუკიდებლობის დარბაზში, ჩვენ ვაკეთებთ განახლებულ საბავშვო ოთახს და ფანტასტიკის დარბაზს, რომელიც მიმართული იქნება სწორედ საბავშვო ლიტერატურის პოპულარიციისკენ. თუმცა აქტიურობა ამ მხრივ გასაორმაგებელია და სიამოვნებით მოვისმენდი გამოცდილი საბავშვო მწერლებისა და სპეციალისტების აზრს.