
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
ინტერვიუ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PრიEდ) წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელთან პაატა პაპავასთან
(2017. ჟურნალი „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“)
***
- გვიამბეთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის შესახებ - როდის დაიწყო და რას ისახავდა მიზნად?
- პროექტი 2011 წელს დაიწყო და აქტიურად ამოქმედდა 2012 წლიდან. პროექტს ჰქონდა ერთი ძირითადი მიზანი - მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესება სწავლის ფუნდამენტურ უნარებში - კითხვასა და მათემატიკაში. რა თქმა უნდა, ამ მისიის შესრულება არაერთი კონკრეტული მიზნისა და ამოცანის შესრულებას გულისხმობდა: მასწავლებლების მომზადებას, მრავალფეროვანი სასწავლო და მეთოდური რესურსის შექმნას, მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული გუნდების ჩამოყალიბებას, მშობლების გააქტიურებას. ორი წლის წინ პროექტს ახალი კომპონენტი დაემატა ბიზნეს-განათლების სახით.
კითხვის უნარის გაძლიერების მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი ინოვაცია დავძარით: კითხვის სწავლების მეთოდური განახლება პირველ კლასში და გაგება-გააზრების გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობების დანერგვა მთელ დაწყებით საფეხურზე.
- რამდენი სკოლა იყო ჩართული პროექტში?
- თავდაპირველად პროექტში 122 ქართული და არაქართულენოვანი სკოლა ჩაერთო საქართველოს ყველა რეგიონში. თანდათანობით სკოლების რაოდენობამ თითქმის 600-ს მიაღწია, მოსწავლეთა რაოდენობამ კი - 120,000-ს.
- ამჟამად არის თუ არა პროქტის ფარგლებში შექმნილი რესურსები ყველასთვის ხელმისაწვდომი?
- დიახ, პორტალი kargiskola.ge, რომელიც შეიცავს პროექტის ფარგლებში დამზადებულ უამრავ მეთოდურ თუ საკლასო რესურსს, მიმდინარე სასწავლო წლიდან ოფიციალურად გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ახლა მიმდინარეობს პორტალის გადაცემის პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. შესაბამისად, რესურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც პორტალზე დარეგისტრირდება.
- გაგრძელდება თუ არა პროექტი?
- დონორის მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტს აქვს დასაწყისი და დასასრული. პირველი ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ USAID-მა ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება პროექტის 18 თვით გაგრძელების შესახებ. ამ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება დავისახეთ მიზნად. მაგალითად, სპეციალური საგნობრივი კურსი ჩავუტარეთ ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს, რომლებიც კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. ახლახანს დავიწყეთ ე. წ. რემედიაციის, ანუ დამატებითი მეცადინეობის პროგრამის პილოტირება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც დაბალი მოსწრება აქვთ კითხვასა და მათემატიკაში. ვქმნით ახალ მეთოდურ ვიდეოსესიებს. დავწერეთ სპეციალური სიმღერაც დამწყები მკითხველებისთვის, რომელსაც მეთოდურ გზამკვლევთან ერთად მივაწვდით პირველი კლასის მასწავლებლებს. ასევე, შექმნილია და პილოტირების რეჟიმშია კლასგარეშე ინოვაციური სწავლების კლუბის მოდელი და 61 სკოლაში გრძელდება ბიზნეს უნარების სწავლება დაწყებით კლასებში.
- როგორ ფიქრობთ, რა მისცა პროექტმა პედაგოგებს და მოსწავლეებს?
- მასწავლებლებმა ახალი მეთოდებითა და რესურსებით გაამდიდრეს სასწავლო პროცესი. G-PriEd-ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ მეთოდური ტრენინგების გარდა, სკოლებს გადაეცა უამრავი ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსი: პატარა საკითხავი წიგნები, დიდი წიგნები, სიტყვების ბარათები, სასწავლო პლაკატები, დიაგნოსტიკური ტესტები, ონლაინ სასწავლო პროექტები, წერის სახალისო კომპიუტერული პროგრამა და კიდევ ბევრი სხვა. როცა მასწავლებლის სამუშაო ველზე ახალ მეთოდურ მითითებებს მრავალფეროვანი რესურსებიც ემატება, მას საგრძნობლად უფართოვდება სივრცე უფრო საინტერესო და შედეგიანი აქტივობების დასაგეგმად.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახა მოსწავლეთა მოტივაციაზე, აქტიურ სწავლაზე და, საბოლოოდ, გაუმჯობესებულ შედეგებზე არა მხოლოდ ქართულ ენასა და მათემატიკაში, არამედ სხვა საგნებშიც.
- თქვენ რომ სკოლა გქონდეთ, განათლების რომელ მოდელს აირჩევდით და რატომ?
რა თქმა უნდა, მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე დაფუძნებულს, მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით გამდიდრებულს, სიღრმისეულ აზროვნებასა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაზე ორიენტირებულს. ეს არის აქტიურ და სიღრმისეულ სწავლაზე აგებული ჩარჩო, რომლის რეალიზებისთვისაც სათანადოდ მომზადებული მასწავლებლების გუნდია საჭირო.
- რა სჭირდება ქვეყანას ეფექტური განათლების სისტემის ჩამოყალიბებისთვის?
- 10-15 წლის წინ ალბათ სხვა პასუხს გაგცემდით, მაგრამ ახლა ვიტყვი - პირველ რიგში ესაა ფინანსური უზრუნველყოფა, უფრო მსხვილი ბიუჯეტი. გარდა ამისა, სისტემას სჭირდება მეტი დამოუკიდებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ სკოლის დირექტორთა ფუნქციებს და იმას, თუ რამდენად ასრულებენ ისინი განმანათლებელი ლიდერების როლს, ანუ არ შემოიფარგლებიან საორგანიზაციო, ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების მართვით. სისტემას სჭირდება ლიდერები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისას, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებს დაეფუძნებიან.
- აკმაყოფილებს თუ არა დღეს არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები თანამედროვე სტანდარტებს? რა პრობლემებს ხედავთ ამ მხრივ?
- სამწუხაროდ, არა. სახელმძღვანელოების გაუმჯობესება ჩვენი განათლების სისტემის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად უნდა დაისახოს. ჩვენი პროექტის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ინტენსიური ტრენინგები ჩავუტარეთ ჯერ მომავალი სახელმძღვანელოების ავტორებს, შემდეგ კი შეფასების კომისიების წარმომადგენლებს. დავამუშავეთ საკმაოდ ვრცელი მასალა ტექსტების შექმნისა და ანალიზის შესახებ, პრაქტიკულად ვივარჯიშეთ სასწავლო მასალის გადამუშავებაზე, ტექსტის სირთულის დაბალანსებაზე, ეფექტური სავარჯიშოებისა და აქტივობების შემუშავებაზე. სახელმძღვანელოების ავტორებს წარვუდგინეთ G-PriEd-ის მიერ შემუშავებული ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთი თემატური ბლოკის ნიმუში. ასევე, მათ გადავეცით ტექსტის გასაანალიზებელი პროგრამა WordCalc, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტის ჩართულობის შედეგად მომავალი სახელმძღვანელოების ხარისხი გაუმჯობესდება და მიუახლოვდება საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებს.