Accounting Technologies

ინტერვიუ ნატო დავითაშვილთან

- ქალბატონო  ნატო, ხშირად თქვენ ქართველ ჯოან როულინგს გიწოდებენ. შეიძლება ითქვას, ერთადერთი მწერალი ხართ საქართველოში, რომელიც ფენტეზის ჟანრში მუშაობს და ძალიან წარმატებულადაც. რატომ გადაწყვიტეთ ამ ჟანრში მუშაობა?

- ყოველთვის მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის კითხვა, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით. სამწუხაროდ, როცა ამ ჟანრში ქართველი ავტორების წიგნები მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ ასეთი წიგნი უბრალოდ არ არსებობდა, მხედველობაში მაქვს, ფენტეზი კლასიკური გაგებით და არა ტექსტი ფენტეზის ელემენტებით. ფაქტობრივად, იმის წერა დავიწყე, რისი წაკითხვაც თავად მსურდა და ვერ ვიპოვე. ამასთან, ფენტეზი საუკეთესო საშუალებაა გამოიყენო მითოლოგიური გმირები და მკითხველისთვის ახლობელ პერსონაჟებად აქციო.

- ხომ არაა დაგეგმილი თქვენი წიგნების თარგმნა უცხო ენებზე. ალბათ ისინი მკითხველთა უფრო დიდ აუდიტორიას იმსახურებენ.

- თარგმანთან დაკავშირებით სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ამით არავინაა დაინტერესებული.

- როგორია წიგნის წერის სამზარეულო? თქვენ ალბათ ბევრი მასალის მოძიება, შესწავლა, გაცნობა გიწევთ. თუ იცავთ ისტორიული ან გეოგრაფიული ადგილების სიზუსტეს, თუ დიდწილად ეს გამოგონილი სამყაროა?

- პირველი წიგნის დაწერის წინ მართლა ბევრი მასალის მოძიება და შესწავლა დამჭირდა. ვსწავლობდი ქართულ მითოლოგიას, ეთნოგრაფიას, ისტორიულ წყაროებს. ვეძებდი საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მხოლოდ მეტალურგიის შესახებ დაწერილ წიგნებში მოვიძიებდი. მთელი ორი წელი მოვანდომე შეგროვებას, დახარისხებასა და შესწავლას. ამიტომ იყო რომ „ამბავი ლილე იროელისა“ სამი წელი იწერებოდა.

ის ადგილები, რომლებიც ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებულ წიგნებში ხვდება მკითხველს, ძირითადად რეალური ადგილებია: ფასისი, ბეჩო, სარაპანი, ტაბაკონი, ჭიუხები და ა.შ. დანარჩენ წიგნებში, სადაც ორიგინალური სამყაროები მაქვს შექმნილი, იქ, რა თქმა უნდა, ჩემი გამოგონილია. თუმცა, თუ რომელიმე რეალური ადგილისა თუ მდინარის სახელი მომეწონება, მომავალში გამოსაყენებლადვინიშნავ. ასევე ადამიანთა საინტერესო სახელებსაც ვაგროვებ.

- როგორც ვიცით, თქვენ სკოლაშიც მუშაობთ. როგორია თქვენი, როგორც პედაგოგის მიდგომა - რა მეთოდებით ახერხებთ, შეაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

- ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ვასწავლი „ფოლკლორსა და მითოლოგიას“. ბავშვის წიგნით დასაინტერესებლად რამდენიმე მეთოდს ვიყენებ. მაგალითად, ვცდილობ, მათ მოვარგო ავტორის როლი და კონკრეტული სქემის მიხედვით მოვაგონებინო სიუჟეტები. შემდეგ ვადარებთ, ეს სქემა როგორ არის გაშლილი რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში. ანდა, ვუკითხავ ტექსტის ნაწილს და ვთხოვ, გაგრძელება დაწერონ. შემდეგ თავად კითხულობენ გაგრძელებას და

- უკუკავშირი თუ გაქვთ მკითხველთან, გიწევთ მათთან რაიმე სახის ურთიერთობა და იმის გაგება, რა მოსწონთ და თუ ითვალისწინებთ მათ აზრს.

- უკუკავშირის გარეშე, მაგალითად, არც დაიწერებოდა „აიას გზა“. ძალიან ბევრი მკითხველი მთხოვდა პირველ წიგნში დაძინებული გმირის - კაისას გამოღვიძებას. როცა მოვიფიქრე და მოვლენებიც მის გამოსაღვიძებლად შესაბამისად განვითარდა, დავწერე კიდეც.

ფენტეზი მხოლოდ საბავშო საკითხავი ჟანრი არ არის და ჩემი წიგნებიც ცალსახად საბავშვოები არ არის. მათ ბევრი მოზრდილი მკითხველიც ჰყავს. განსაკუთრებით ხშირად მეხმიანებიან ის მკითხველები, რომლებიც ჩემს წიგნებს ოჯახის სხვადასხვა ასაკის წევრებთან ერთად კითხულობენ.

 

რა თქმა უნდა, მკითხველის აზრი მაინტერესებს, მაგრამ წერისას მხოლოდ ჩემსას ვითვალისწინებ. რადგან ვერ დავწერ ისეთ ამბავს, რომლის განვითარებაც თავად არ მაინტერესებს.

- რამდენიმე წიგნი, როგორც ვიცით, დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვისაც გაქვთ. ამ მიმართულებით უფრო იშვიათად მუშაობთ. რითაა ეს განპირობებული?

- დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს გამოცემული - „პატარა დინოზავრი დინდინელა“. წელს გამოვა კიდევ ერთი წიგნი „მემე, მემემ, გვაპოვნინე!“

სკოლაში, როდესაც მოსწავლეებს რომელიმე მითოლოგიურ პერსონაჟს ვაცნობ, ფოლკლორულ ნარატივთან ერთად აუცილებლად ვუყვები ჩემს გამოგონილ ზღაპარს. ასეთი ბევრი ზღაპარი მაქვს. ალბათ, ოდესმე დავწერ და გამოვცემ კიდეც.

- რა წიგნს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.

- ახლახანს დავასრულე „ორსის ორდენის სამხეცე“. წერისას ყოველთვის ვცდილობ, ახალი წიგნი რაიმე ნიშნით ჩემთვისაც საინტერესო იყოს და ექსპერიმენტის ხასიათი ჰქონდეს. ამიტომ იყო რომ „ლილეს“ შემდეგ, სადაც ქართული მითოლოგიური სამყარო გამოვიყენე, „როცა ფრთოსანი ლომები

დაბრუნდებიან“ დავწერე, სადაც გამოგონილი სამყარო მთლიანად მე მეკუთვნოდა. „ორსის ორდენის სამხეცეც“ ასეთი ექსპერიმენტია. ჟანრობრივად მხოლოდ ფენტეზი არ არის. ამ ჟანრს ლიტერატურაში სამეცნიერო ფენტეზი ჰქვია.

- რომელი წიგნი ან მწერალი იყო ბავშვობაში ყველაზე საყვარელი და თუ იქონია რომელიმე ავტორმა თქვენს შემოქმედებაზე გავლენა?

- ბავშობაში ძალიან მიყვარდა სათავგადასავლო წიგნების კითხვა. არ ვიცი, ამან რამდენად მოახდინა გავლენა ჩემზე. იქნებ მოახდინა კიდეც, რადგან ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამბავს, გმირების თავგადასავალს.