
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
- გვიამბეთ, როგორ მოხდა, რომ პროფესიით ექიმმა, ბავშვებისთვის დაიწყეთ წერა?
- მსგავს შეკითხვას ხშირად მისვამდნენ, იმ დროიდან მოყოლებული, რაც საერთოდ, წერა დავიწყე... რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა, თუ მას დაბადებიდან დაჰყვა წერის ნიჭი, აუცილებლად იჩენს თავს, აუცილებლად მოძებნის გზას და გამოვა გარეთ, აუცილებლად მიიყვანს კალამთან. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. როგორც დედის, ისე მამის მხრიდან გენეტიკაში მაქვს სამწერლო-შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ამან მთელი ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრა. ბავშვებისათვის წერა მოგვიანებით დავიწყე და იცით, რის აღმოჩენამ გამაკვირვა? თურმე საბავშვო ნაწარმოები სწორედ ისეთივე შთაგონებით იბადება, როგორც სადიდო... არ მეგონა, თუ ეს ასე იქნებოდა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საბავშვო ლექსის „`წარმოშობის მექანიზმი“, მხატვრული გენეზისი არაფრით განხვავდებოდა, ზოგადად ლექსის „დაბადების“ პროცესისგან... როდესაც ეს აღმოვაჩინე, საბავშვო ლიტერატურის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი მეორე საოცნებო პროფესია მასწავლებლობა იყო... უზომოდ მიყვარს ბავშვები და როცა ვიგრძენი, რომ შემეძლო მათი ფაქიზი სულების „კეთილად აფორიაქება“, მათი უმშვენიერესი სახეების აფოფინება, მათ ანგელოზურ მზერაში ციცინათელების აციაგება, ჩავთვალე, რომ არდაწერა ღალატის ტოლფასი იქნებოდა.
- ვინ არიან თქვენი გმირები? რეალური ცხოვრებიდანაც ხომ არ შედიან თქვენს ნაწარმოებებში?
- რა თქმა უნდა. ჩემი გმირების უმრავლესობა რეალური ბავშვები არიან _ შვილიშვილები, ძმისშვილები, დისშვილები, მეზობლები... მე ყველა მათგანთან ვმეგობრობ. უფრო მეტიც, ისინი პირველი მკითხველებიც არიან და ხშირად თანაავტორებიც... ნაწარმოებში მათ სახელებს, როგორც წესი, არ ვცვლი, რადგან ბავშვებს ძალიან ახარებთ, როდესაც წიგნის ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარ თავს ხედავენ. მქონდა შემთხვევა, როცა ერთი ნაწარმოების წერისას ნათლად არ მქონდა წარმოდგენილი სიუჟეტის განვითარება და ფინალი, რამდენიმე ვარიანტზე ვყოყმანობდი... ბოლოს გადავწყვიტე ბავშვებისთვის მე ბავშვები პირველი მკითხველები და ხშირად თანაავტორები არიან... კითხა რჩევა. ასეც მოვიქეცი... ჯერ დაუსრულებელი მოთხრობა მე და პატარებმა ერთად წავიკითხეთ და მისი ბოლო ნაწილი მთლიანად ბავშვების ხედვისა და წარმოსახვის ნაყოფია.
- თქვენი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეული ნაწარმოებია „ გუგუმანა კლდის ამბავი“ . როგორ დაიწერა ის?
- „გუგუმანა კლდის ამბავი“ გამორჩეული ალბათ იმიტომ გამოვიდა, რომ მაგ წიგნში ჩემი ბავშვობაა აღწერილი ანუ ავტობიოგრაფიულია. მთელი ბავშვობა მე და ჩემს და-ძმას ხევსურეთის ულამაზეს სოფელ როშკაში, გუგუმანა კლდეზე გვაქვს გატარებული. დაიწყებოდა თუ არა ზაფხულის არდადეგები, მშობლებს სამი თვით მამიდასთან მივყავდით დასასვენებლად. ბარიდან ჩასულ ბავშვებზე მთაში მცხოვრებ თანატოლებთან ურთიერთობა, იქაური გარემო, უფროსების მონათხრობი მითები და ანდრეზები, ცხოვრების წესი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. სწორედ ეს იდუმალებით აღსავსე ემოციები და თავგადასავლებია ასახული ამ წიგნში. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ `გუგუმანა კლდის ამბავს“ სხვა თვალსაზრისითაც ერგო გამორჩეული `ხვედრი“... მისი რედაქტორი გახლავთ ამირან არაბული, ხოლო მხატვარი _ თენგიზ მირზაშვილი... ჩემი ყველა წიგნის (სამეცნიერო იქნება ეს თუ შემოქმედებითი, უფროსებისთვის თუ უმცროსებისთვის განკუთვნილი) უცვლელი რედაქტორი გახლავთ ბატონი ამირან არაბული. ყოველთვის, როცა რაღაცას ვქმნი, უპირველეს ყოვლისა, მისკენ მიმეჩქარება, რომ ვაჩვენო... ეს არჩევანი შემთხვევით არ მომხდარა... ბატონი ამირანის წარმომავლობა, განათლება, მისი ზედმიწევნით დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება და ნატიფი, `ჭვრეტითი“ მხატვრული ესთეტიზმი ის ქურაა, სადაც საბოლოოდ იწრთობა და იძერწება ჩემი ნაწარმოებები. ,,გუგუმანა კლდის ამბავი“-ის ხელნაწერი `ჩუბჩიკამაც“ გულდასმით წაიკითხა... მომცა არაერთი საგულისხმო რჩევა ტექსტის მხატვრულ სახესთან, ამა თუ იმ წინადადების ფორმასა და სტრუქტურასთან დაკავშირებით... ვფიქრობ, რომ ეს წიგნი რომ განსაკუთრებული გამოვიდა.
- საინტერესოა, რომ დიდი ხნია განშორების შემდეგ თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა კვლავ ხევსურეთს დაუკავშირდა..
- უკვე რვა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მშობლიურ კუთხეს დავუბრუნდი…თავდაპირველად პირაქეთა ხევსურეთში სამედიცინო სამსახურს ვხელმძღვანელობდი, ახლა კი ტურისტულ ბიზნესში ვსაქმიანობ...ერთი წელია, პროფესიით აღარ ვმუშაობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ არჩევანით, რაც გავაკეთე! ჩემი საოჯახო სასტუმრო სეზონურად (მხოლოდ ზაფხულში) მუშაობს, ხოლო ზამთრის პერიოდი შემოქმედებითი ცხოვრებისთვის მრჩება... ექიმად მუშაობის დროს ამის საშუალება არ მქონდა. აქაც ბავშვებთან მეგობრობა დამეხმარა ბევრი პრობლემის დაძლევაში... რამდენიმე წელია, ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია `ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის“ და ვცდილობ აქაური ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალო... სხვადასხვა ღონისძიებებით ვცდილობ იმასაც, რომ ბავშვებს წიგნები და კითხვა შევაყვარო...
- როგორ ფიქრობთ, რა არის ამისთვის საჭირო? ანუ იმისათვის, რომ ბავშვებს კითხვა შევაყვაროთ?
- ჩემი აზრით, ამისათვის სამი რამეა საჭირო: პირველი და მთავარი ის არის, რომ ოჯახში უფროსებმა შევძლოთ ბავშვებთან, როგორც თანატოლებთან გულწრფელი მეგობრობა... მეორე, საჭიროა რომ ჩვენ თვითონ, დიდებმა დავუთმოთ უფრო მეტი დრო წიგნების კითხვას...და მესამე, სახელმწიფოს აუცილებლად მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გააზრებული და სათანადო საკანონმდებლო აქტებში გაწერილი საგანმანათლებლო პრიორიტეტები. ვფიქრობ, რომ თუ ამ სამი მიმართულებით ერთდროულად და მონდომებით ვიმუშავებთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ და გვეყოლება უფრო განათლებული ახალგაზრდა თაობა, ვიდრე დღეს გვყავს. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, ამაზე ტელევიზიითაც და სოციალურ ქსელებშიც აქტიური საუბრები მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად იციან მშობლებმა თავიანთი შვილების სურვილები და მისწრაფებები... მშობლები ფიქრობდნენ, რომ მათი შვილების ოცნება ესა თუ ის ძვირადღირებული ნივთი იყო, მაშინ, როდესაც ბავშვების უმეტესობამ დაწერა, რომ მათი ოცნება დედასთან ან მამასთან ერთად მეტი დროის გატარება იყო! ხომ საგულისხმოა?! ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა უფროსებსა და პატარებს შორის თანასწორობის პრინციპზე დამყარებული მეგობრობა და თანხმობა სუფევს, ძნელი არ არის ერთმანეთის სურვილების გათვალისწინება და შესრულება! მაგრამ, როცა დედა შვილთან დღეში სულ რამდენიმე საათს ატარებს, ეს ურთიერთობა არ იქნება საკმარისი მიზნის მისაღწევად! ხოლო, თუ სახელმწიფოსაც არ ექნება მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და ყოველ წელს საგანმანათლებლო სფეროში `რეფორმის“ სახელით ახალახლი ექსპერიმენტები ჩატარდება, რა შედეგს მივიღებთ?! როგორც არ უნდა ეცადოს ოჯახი, საკუთარი ძალებით სწორად წარმართოს მომავალი თაობის განათლების საკითხი, სახელმწიფოსთან სინერგიული მოქმედების გარეშე ფონს ვერ გავა. ბავშვი ხომ სოციალური არსებაა, მას მოწყვლადი, სათუთი ფსიქიკა აქვს. ის რომ კლასში 30 თანატოლთან ერთად დაჯდება, აუცილებლად მიბაძავს უმრავლესობას. თუ მის თანაკლასელებსაც არ ეყვარებათ წიგნები და კითხვა, თუ ისინი წიგნის გმირების ნაცვლად ერთმანეთს კომპიუტერული თამაშების ცოდნით მოაწონებენ თავს, რა თქმა უნდა, უმცირესობაში დარჩენილი ბავშვი მალე შეიცვლის ინტერესებსა და ქცევას.
- რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო? ბუნება? ბავშვები? თუ ყველაფერი ერთად?
- უპირველეს ყოვლისა, უდიდესი სიყვარული ამ ყველაფრის მიმართ...
- გვეთანხმებით, რომ ქართველი საბავშვო მწერლები არ არიან რეალიზებული, როგორც სასურველი იქნებოდა?
- ვფიქრობ, რომ ქართულ საბავშვო მწერლობას უდიდესი სულიერი პოტენციალი და სრულიად უნიკალური, თვითმყოფადი შემოქმედებითი `წიაღი“ გააჩნია, რომელიც დღეს არათუ რეალიზებული, გაცნობიერებულიც არ არის სათანადოდ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში ყინული მაინც დაიძრა და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება. ბევრი ავტორისგან მსენია: `მე კონკურსისთვის არ ვწერ“, მაგრამ როგორც არ უნდა ვთქვათ, ფაქტია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საბავშვო მწერლობისადმი გამოხატული მხარდაჭერა და წახალისება, სხვადასხვა სალიტერატურო კონკურსების ტრადიციად ქცევა სტიმულს აძლევს როგორც საგამომცემლო ბიზნესს, ისე შემოქმედებით პროცესებს. აუცილებელია ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ინტენსიურად ხდებოდეს ქართველ ავტორთა შემოქმედების თარგმნა, მაგრამ ამ მხრივაც, არა მგონია სასურველი მდგომარეობა გვქონდეს. ჩემს მაგალითზე გეტყვი: ძაღლი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მომიკვდა. დიდი ხნის განმავლობაში `ტვინში“ მედო საბავშვო წიგნი ამ ამბავზე. იცით, რამდენი წელი ვატარე ასე თავით? მარტო იდეა კი არა, თითქმის მთელი ნაწარმოები (იცინის). უბრალოდ, ვერ დავჯექი, რომ დამეწყო წერა. დარწმუნებული ვარ, ყველა მწერალისთვის ნაცნობია ეს სიტუაცია. საბოლოო ბიძგი, რომ ბოლოსდაბოლოს, ეს წიგნი ქაღალდზე გადმომეტანა სწორედ შემოქმედებითმა კონკურსმა მომცა...
- ახლახანს ბავშვებმა თქვენი ახალი წიგნი მიიღეს საჩუქრად. მგონი ამ წიგნს გულისხმობთ, გვიამბეთ უფრო დაწვრილებით...
-_ დიახ, ამ წიგნს ჰქვია „ჩიკო და ქობულოელი ბავშვები“. მასში მოთხრობილია ძაღლის და ბავშვების ემოციური, ჰუმანური თავგადასავალი. ჩიკო მონადირე ძაღლია, მდევარი. მას მეცხვარე ძაღლები დაგლეჯენ, ჭრილობა გაუავდება და დაუჩირქდება. მკურნალობისათვის ქალაქში წაყვანა და ოპერაციის გაკეთება სჭირდება, ვინაიდან მაღალმთიან სოფელ ქობულოში ამის საშუალება არ არის. ლელია ათი წლის ობოლი გოგონაა. ჩიკო მისი გაზრდილია და ძალიან უყვარს. ერთ დღესაც ლელია გაიგებს, რომ მამამისს განზრახული აქვს ძაღლის თავიდან მოშორება. ამის შემდეგ გოგონა და მისი მეგობრები ყველა ღონეს ხმარობენ ჩიკოს გადასარჩენად. მიმდინარე წელს `ჩიკო და ქობულოელი ბავშვების“ პრეზენტაცია გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, `წიგნიპედიის“ ფარგლებში. ეს წიგნი მონაწილეობს ასევე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსში, რომელიც გამოცხადებულია `მწერალთა სახლის“ მიერ და რომლის შედეგებიც 20 დეკემბერს გახდება ცნობილი. ვნახოთ, რა მოხდება... წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ პატარა მკითხველებმა წიგნი უკვე შეიყვარეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.
- თქვენი საყვარელი საბავშვო მწერალი და ნაწარმოები...
- ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი `პატარა პრინცი“. ასევე ძალიან მიყვარდა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები. ქართველი საბავშვო მწერლებიდან - გურამ პეტრიაშვილს და თამრი ფხაკაძეს გამოვარჩევდი...
- გახსოვთ, რომელი იყო წიგნი, რომელიც პირველად წაიკითხეთ დამოუკიდებლად წაიკითხეთ?
- მახსოვს და დღესაც, როდესაც წიგნების თაროს დალაგების (ან არევის) დროს მას შემთხვევით გადავაწყდები სრულიად განსაკუთრებული ემოცია მეუფლება. ეს წიგნი იყო `ფრამი“ _ თეთრი დათვის თავგადასავალი, რომელიც ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ნინა ბეროშვილმა მაჩუქა 8 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე.
- დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები - რას უნდა ელოდოს მკითხველი?
- ვაპირებ მთელი ზამთარი ვიმუშავო და მომავალ გაზაფხულამდე საბავშვო პოეზიის საკმაოდ ვრცელი კრებული მოვამზადო. ეს იქნება ლექსად მოთხრობილი თავგადასავლები, რომლის გმირები იქნებიან - ზღარბი ტასო, დათვის ბელი - ვასო, ციყვი ლოლა და გოჭი - კოლა. ეს ოთხი მეგობარი ხევსურეთში, არაგვის ნაპირზე ერთ ლამაზ ჭალაში ცხოვრობს. ჰოდა, მათ ოინებზე უნდა დავწერო. უფრო შორ გეგმებზე თუ ვიტყვით, ვფიქრობ, ხევსურულ ანდრეზებსა და თქმულებებში შემონახული კეთილი და ბოროტი გმირებიც გავაცოცხლო საბავშვო პროზაში. გარდა ამისა, უკვე დაწყებული მაქვს ერთი მეტად საინტერესო საბავშვო პროექტი, რომლის დასრულებასა და წარდგენას ასევე 2020 წლისათვის ვგეგმავ. თუმცა, ეს მინდა სიურპრიზი იყოს როგორც პატარების, ისე მათი მშობლებისათვის და, თუ ნებას მომცემთ, ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვოთ.