Accounting Technologies

ინტერვიუ ვასილ გულეურთან

„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“

 

- რთულია ბავშვებისთვის წერა?

- ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ვერ ვუპასუხებ. შემიძლია ვთქვა, რომ რთულიც არის და ადვილიც. გააჩნია, როგორ უყურებ ბავშვებს, რამდენად ხარ ისევ მათ სამყაროსთან ახლოს, რამდენად შეგიძლია მათი თვალით დაინახო და აღიქვა ის, რაც ირგვლივ ხდება. ერთი კია - ბავშვები ყველაზე წრფელი ადამიანები არიან და სიყალბეს ვერ გამოაპარებ. ამიტომ როცა ბავშვებისთვის წერ, შენც გულწრფელი უნდა იყო. ენამოჩლექით არ უნდა ელაპარაკო, არ უნდა მოატყუო და რასაც წერ, შენ თავად უნდა გჯეროდეს. აი, მაშინ არ არის რთული.

- რა განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს მწერალს, რომელიც ბავშვებისთვის წერს?

- ამ შეკითხვას პასუხი ერთგვარად წინა შეკითხვის დროსაც გავეცი. უპირველესად, წრფელი უნდა იყოს მწერალი, არ უნდა იყოს ყალბი და ხელოვნური - ამას ბავშვები მაშინვე ხვდებიან. და აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები, მათი სამყარო. შეიძლება მითხრათ, ბავშვები ვის არ უყვარსო. არა, მე იმ სიყვარულს არ ვგულისხმობ, ბავშვს გასართობად რომ გაეთმაშებიან და მერე უკვე წუხდებიან - დამღალა ამ ბავშვმაო. მართლა უნდა უყვარდეს, ისეთები, როგორებიც არიან და უნდა უყურებდეს, როგორც პიროვნებებს, მათი სიხარულით და საფიქრალით. მათი სამყარო უნდა უყვარდეს, მათსავით ოცნება უნდა შეეძლოს, მათსავით ახარებდეს ის პატარა სიხარულები, რასაც დიდები ხშირად ვერ იგებენ ხოლმე.

- როგორ და როდის დაიწყეთ ბავშვებისთვის წერა?

- შეიძლება ბანალურად გამოვიდეს, მაგრამ ისე, როგორც მშობლების უმეტესობა იწყებს - საკუთარი შვილებისთვის. მერე, ზოგი აღარ წერს, ზოგი - აგრძელებს და შეიძლება საბავშვო მწერალიც გახდეს, თუ გაუმართლა. ხუმრობა იქით იყოს და, მეც მართლაც ჩემი შვილებისთვის დავიწყე წერა - გიგასთვის და ლექსოსთვის, როცა ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. უბრალოდ, მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული დამეწერა მათთვის, რაც ჯერ არ იყო დაწერილი. მერე ისე გამიტაცა საბავშვო ლექსებმა, რომ ვიფიქრე, იქნებ სხვა ბავშვებსაც მოეწონოთ მეთქი და საბავშო ჟურნალ „დილაში“ გავაგზავნე რამდენიმე ლექსი. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, ჩემი ბავშვობის საყვარელ ჟურნალში ჩემი ლექსი პირველად რომ დაიბეჭდა. ეს იყო დაახლოებით ოცი წლის წინ. თუმცა, პირველი წიგნი საკმაოდ გვიან, 2007 წელს გამოვიდა.

- ვინ არიან თქვენი ლექსების პირველი მკითხველები?

- თავიდან პირველი მკითხველები ჩემი შვილები იყვნენ. მათი რეაქციის მიხედვით ვაფასებდი, როგორი გამოვიდა ლექსი. ახლა ხშირად სხვა ბავშვები არიან, ვისთანაც ხშირად მაქვშ ხოლმე შეხვედრები. ან - ფეისბუქის მეგობრები და მკითხველები, რადგან ხშირად სწორედ იქ ვდებ ახალ ლექსებს.

- რამდენად იცნობენ დღეს საქართველოში თანამედროვე საბავშვო ავტორებს?

- ბოლო წლებში ვფიქრობ, ცოტა უკეთესი სიტუაციაა. თუმცა, მაინც ბევრი რამეა გასაკეთებელი. ბავშვებს ხშირად მწერალი დიდი ხნის გარდაცვლილი ან ღრმად მოხუცი ჰგონიათ. რა მათი ბრალია - მშობლები ხომ უმეტესად თავადაც არ იცნობენ  თანამედროვე საბავშვო მწერლებს. მე თვითონაც ხშირად ვყოფილვარ მომსწრე, როცა სკოლაში შეხვედრამდე, ბავშვებს რომ გაუგიათ, იმ მწერალს უნდა შევხვდეთ, თქვენ ვისი ლექსებიც გიყვართო, გაკვირვებიათ - უი, ცოცხალიაო? ერთხელ „მწვანე სკოლაში“ შეხვედრის შემდეგ გარეთ გამომყვა ერთი ბავშვი და შევატყვე, რაღაცის კითხვა უნდოდა. რამე ხომ არ გაინტერესებს მეთქი, - ვუთხარი. - თქვენ მეგობრები გყავთო? - პირველად ეს მკითხა. რა თქმა უნდა, მყავს-მეთქი. არა, საბავშვო მწერალი მეგობრები თუ გყავთო. კი, საბავშვო მწერლებიც მყავს მეგობრები მეთქი, დავუდასტურე. აა, ესე იგი, სხვა მწერლებიც არიან ცოცხლებიო! - გაკვირვებითა და ერთგვარი სიხარულით წამოიძახა ბავშვმა. ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს საქართელოს მწერალთა სახლი. ყოველ შაბათს ბავშვები მოდიან და სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ, ვკითხულობთ. ბავშვები ეჩვევიან მსჯელობას, აზრის გამოთქმას, და პირდაპირი ურთიერთობაც აქვთ სხვადასხვა მწერლებთან თუ ლიტერატურასთან დაკავშირებულ ადამიანებთან.

ასევე საინტერესო პროექტია „ცოცხალი წიგნები“, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახოციელებს. გარდა იმისა, რომ ავტორები რეგიონებში გადიან და იქ ხვდებიან მკითხველებს, სისტემატიურად არის შეხვედრები სკოლებშიც. ეს როგორც ბავშვებს, ასევე მწერლებსაც სჭირდება.ვფიქრობ, ბევრია გასაკეთებელი თავად გამომცემლობების მხრიდანაც, უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდებათ თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერლებს, უფრო მეტი ურთიერთობა მკითხველთან. ახლახანს ნოდარ დუმბაძის ფონდმა ბავშვებისთის საკვირაო სკოლა გახსნა - „ზურიკელას სკოლა“, სადაც ორი ასაკობირივი ჯგუფის ბავშვები არიან - 8-დან 11 წლამდე და 12-დან 14 წლამდე. ზაფხულში უკვე გამოიჩინეს ინტერესი და სექტემბრიდან „ზურიკელას სკოლაც“ კვლავ ელოდება ბავშვებს.

- თქვენ ხშირად გიწევთ ბავშვებთან შეხვედრა სკოლებში. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ტიპის ურთიერთობა ხელს უწყობს საბავშვო ლიტერატურის განვითარებას, ზრდის ავტორის ცნობადობას?

- რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა უკეთ გაიცნონ თანამედროვე ავტორები, უშუალოდ შეხვდნენ, ესაუბრონ, ჰკითხონ. ეს ყველაფერი მათზე აუცილებლად მოახდენს გარკვეულ გავლენას. ცხადია, მწერლებსაც შეიძლება ასეთი შეხვედრების შემდეგ ახალი იდეები დაებადოთ. თუმცა, საბავშვო მწერლობის განვითარებისთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. კარგია, რომ წელს დაწესდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში. აქამდე ფაქტიურად არცერთ ლიტერატურულ პრემიას არ ჰქონდა საბავშვო ნომინაცია. თუ არ ჩავთვლით „ლიტერას“ მხოლოდ პირველ წელს და „გალას“, რომელიც აღარ ტარდება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართველი საბავშვო ავტორების თარგმნა. ჩვენთან ხომ ხშირად „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს“. როცა ქართველი ავტორი უცხო ენაზე ითარგმნება და სხვა ენაზეც წაიკითხავენ ბავშვები, ქართველი მკითხველიც უფრო მეტად გაიცნობს. ცხადია, ეს ყველაფერი, სათანადო საავტორო უფლებების დაცვით უნდა ხდებოდეს და ავტორი არ უნდა იყოს გამომცემლობის ერთჯერად და ხშირად ძალზე მწირ ჰონორარზე დამოკიდებული, არამედ წიგნის ტირაჟზე და გაყიდვებზე. სათანადო რეკლამის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მკითხველიც მეტი იქნება, არც გამომცემელი იქნება უკმაყოფილო და არც - ავტორი. ეს ყველაფერი კი მთლიანად საბავშვო ლიტერატურის განვითარებაზეც დადებითად აისახება.