
ინტერვიუ ვასილ გულეურთან
„ბავშვივით ოცნება უნდა შეგეძლოს“ - რთულია ბავშვებისთვის წერა? - ალბათ, ამ კითხვაზე ცალსახად ...
- ბატონო გივი, პროფესიით ფილოლოგი ხართ. საბავშვო ჟანრში როგორ დაიწყეთ მუშაობა?
- საბავშვო ჟანრში ცოტს მოგვიანებით დავიწყე მუშაობა. ერთხელ ვცადე, რამე დამეწერა ბავშვებისათვის და ამ მცდელობამ გაამართლა. პირველივე ლექსების ციკლი მოეწონათ. მერე ჩემი ცნობილი ენის გასატეხი ანბანთქება დავწერე, რომელიც ძალიან მოეწონათ და დღესაც წარმატებით იყენებენ სკოლის დაწყებითი კლასებისა თუ ბაღის პედაგოგები. ამან დამარწმუნა, რომ ბავშვებისთვის წერაც შემეძლო და უფრო თამამად დავიწყე საბავშვო ლექსებისა თუ მოთხრობების შეთხზვა...
- თქვენი ერთი წიგნი ფოლკლორულ მასალებს, ქართულ ადათ-წესებსა და ჩვეულებებზეა და საინტერესოდაა მიწოდებული პატარა მკითხველისათვის. რითაა გამოირჩევა თქვენთვის ეს მიმართულება?
- თქვენ მხედველობაში გაქვთ ჩემი წიგნი „მზე შინა და მზე გარეთა“, სადაც ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულები და წეს-ჩვეულებებია აღწერილი ბავშვებისათვის. მას მართლაც სიამოვნებით ეცნობიან ყველა ასაკის მოზარდები, კარგად შეაფასეს ლიტერატორებმა და პედაგოგებმა. ერთხელ დამებადა აზრი, რომ თუკი ისტორიას ვასწავლით ბავშვებს, ურიგო არ იქნებოდა მათთვის ჩვენი ხალხის წარსული ყოფაც წარმოგვედგინა როგორმე. ანუ რას საქმინობდნენ, როდის რას და როგორ აკეთებდნენ, რომელი დღესასწაულები და ადათ-წესები ახლდა მათ შრომას, რა სწამდათ, როგორ ერთობოდნენ ან რას ნატრობდნენ ჩვენი წინაპრები. ამისათვის შევისწავლე ქართველ მეცნიერთა ეთნოგრაფიული ნაშრომები, მასთან დაკავშირებული ფოლკლორი და ბავშვებისათვის დავწერე წიგნი, სადაც გადმოცემულია, თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა მხარეში. როგორ ტარდებოდა ალილო, ჭონა, ბერიკაობა, ყეენობა, ძეობა, ლამპრობა, ჭიაკოკონობა, ნადი, რთველი, მოსავლის აღება, ოჩხარი და სხვა. რა მონაწილეობას იღებდნენ მათში ბავშვები. ქართველი ერის წარსული წარმოუდგენელია ამ რიტუალების გარეშე. ამასთანავე ეს დღეობები და დღესასწაულები ჩვენი თვითმყოფადი კულტურის საფუძველია...
- როგორ შეაფასებდით დღევანდელ ქართულ საბავშვო ლიტერატურას. აგრძელებს ის ძველ და კარგ ტრადიცებს?
- დიახ, დღევანდელი ქართველი საბავშვო მწერლები სწორედ წინამორბედთა საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებენ. ჩვენს წინ მოღვაწე მწერლებმა უმნიშვნელოვანესი ლიტერატურა დაგვიტოვეს. ჩვენც მასზე აღზრდილები ვართ და ამდენად უფლებაც არა გვაქვს, ღირსეულად არ გავაგრძელოთ მათი საქმე. ერთია მხოლოდ, რამდენად მიდის ჩვენი, თანამედროვე საბავშვო ავტორების, შემოქმედება ადრესატთან. აუცილებელია, მასწავლებელი და მშობელი ინტერესდებოდეს თანამედროვე მწერლობით და მიჰქონდეთ იგი ბავშვებთან. ხომ შეგვხვედრია, მივუწვევივართ სკოლაში რომელიმე დღესასწაულზე და გვინახავს, რომ იქ სრულიად შეუსაბამო ლექსები აქვთ პატარებს დაზუთხული. თუმცა მე სამდურავი არ მეთქმის, ჩემს „ანბანთქებას“ ბევრი მასწავლებელი იყენებს, ანბანის დასრულებისას ლამაზად წარმოადგენენ ხოლმე. გაზაფხულის ღონისძიებებზე „გაზაფხულის ამბებს“ დგავენ, ზამთარში - „თოვლიანი ტყის ამბებს“.
- რომელი საბავშვო წიგნი გიყვარდათ ბავშვობაში?
- ბავშვობაში ბევრი საბავშვო წიგნი მიყვარდა, რომელიმეს ვერ გამოვყოფ.
- აისახება თუ არა თქვენი ბავშვობისდროინდელი მოგონებები თქვენს ნაწარმოებებში?
- დიახ, აისახება, როგორც იტყვიან, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ჩემი ნაწარმოებების გმირები სწორედ ჩემს მთებსა და ტყეებში ცხოვრობენ და მოქმედებენ.
- რითაა განპირობებული, რომ თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბუნებას. ხშირად თქვენი გმირები ტყეში მცხოვრები ფრინველები და ცხოველები არიან, რაც ბავშვისათვის ორმაგად საინტერესოა – როგორც ლიტერატურული ნაწარმოები და როგორც შემეცნებითი ტექსტი – ფლორისა და ფაუნის შესახებ. ნაწარმოებზე მუშაობისას ალბათ სამეცნიერო ლიტერატურასაც ეცნობით.
- დიახ, ჩემი საბავშვო ნაწარმოებები მთლიანად ტყეებს, მთებს, იქ მცხოვრებ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს და ადამიანებს წარმოგვიდგენს. ბავშვობა მთიან სოფელში გავატარე, ახლა ძირითადად ქალაქში ვცხოვრობ და მშობლიური ადგილების მონატრება უმეტესად მათზე მაწერინებს. მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მთელი ბავშვობა ბუნების წიაღში ვიყავი. ვფიქრობ, ბუნებასთან სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის და ვცდილობ, თანამედროვე პატარები ამ სრულყოფილ გარემოს დავაახლოვო, მინდა, შეიყვარონ იგი და ამით ბედნიერები იყვნენ ცხოვრების მანძილზე. სამეცნიერო ლიტერატურას წერისას არ ვეცნობი, ის მხოლოდ „მზე შინაზე“ წერისას გამოვიყენე, როგორც ზემოთ აღვნიშნე.
- გვიამბეთ თქვენი წიგნების შესახებ.
- როგორც ითქვა, ჩემი საბავშვო წიგნებია: „ანბანთქება“, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა. ბოლო გამოცემაში დამატებულია ენის გასატეხი წინადადებები, რითმოცანები, მშობლიური სახელები და საანბანო სიტყვები. მაქვს აგრეთვე „თოვლიანი ტყის ამბები“, „მზე შინა და მზე გარეთა“, იბეჭდება „მთებისა და ტყეების ამბები“. გარდა საბავშვო წიგნებისა გამოცემული მაქვს მოთხრობების კრებულები „ცისკენ მიმავალი ბილიკი“, „ძველი გუთნისდედების მიწა“, ლექსების კრებულები „სხივები ნისლში“ და „მთების ხსოვნაში“.
- ამჯამად რაზე მუშაობთ? რას უნდა ელოდოს ჩვენი პატარა მკითხველი უახლოეს მომავალში?
- შედგენილი მაქვს საბავშვო მოთხრობების კრებული, რომელიც, იმედია, მალე დაიბეჭდება. მესამედ მინდა დავბეჭდო „მზე შინა და მზე გარეთა“. ვმუშაობ საბავშვო წიგნზე „ანდაზებზე აგებული ამბები“...