Accounting Technologies

ინტერვიუ თამრი ფხაკაძესთან

- ქალბატონო თამრი, რა არის თქვენთვის საბავშვო მწერლობა? რა წილი უჭირავს თქვენს მრავალფეროვან შემოქმედებაში საბავშვო ლიტერატურას?

- საბავშვო ლიტერატურა ჩემთვის არის ბედნიერების კუნძული.  „სადიდო“ პროზით, სერიოზული პრობლემებით დამძიმებულ-დატვირთული  ნაწარმოებების წერისას, დროდადრო სწორედ ამ მხიარულ და  ბედნიერ  კუნძულს შევაფარებ ხოლმე თავს, ავივსები ბავშვური ენერგიით, ოპტიმიზმით, ხალისით, გულწრფელობით, ყველაფერი იმ საუკეთესოთი, რითაც პატარები ბევრწილად გვჯობნიან დიდებს და  დასვენებული ვუბრუნდები  შეწყვეტილ სამუშაოს. პროცენტულად  ჩემი საბავშვო და „სადიდო“ ნაწარმოებების რაოდენობა 50/50-ზეა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე „დამეჩაგრა“..

- როდის და როგორ დაიწყეთ ბავშვებისთვის წერა?

- ბავშვებისთვის პირველად 1996 წელს დავწერე სათავგადასავლო პროზა.  ამ წელს გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოაცხადა კონკურსი „საბავშვო პროზა _ 1996“.  დავწერე ორი ნაწარმოები „ გიგი და ნიკა კუნძულ ყირამალაზე“ და „პატარა ბაყაყის _ კიკის ამბები“  „კიკი“ კონკურსის ერთერთი გამარჯვებული გახდა.

- და როგორია თქვენი, ასე ვთქვათ „მოსავალი“ - რამდენი საბავშვო წიგნის ავტორი ხართ?

დაახლოებით 20 წიგნის ავტორი ვარ. თუმცა  არაერთი უცხოური საბავშვო წიგნის „გადმოქართულებაში მიმიღია მონაწილეობა: ლექსები ხშირად ჩაუბარებიათ ჩემთვის. ცოტა ხნის წინ კი დიდი სიამოვნებით ვთარგმნე ლევ ტოლსტოის საბავშვო მოთხრობებისა და ზღაპრების რჩეული.

- როგორ იბადებიან თქვენი გმირები?

- არ ვიცი. როგორც კი დარლილ-დაქანცული ბედნიერების კუნძულზე შევდგამ ფეხს, გმირები თვითონ გამორბიან ყოველი მხრიდან, მთავარია, დრო მქონდეს ბლომად და  თვითოეულ მათგანს  საგანგებოდ დავუთმო ამ დროის ნაწილი.

- რომელი გმირი და რომელი ნაწარმოებია თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

- მე ყველა მიყვარს.  ჩემი კიკი ძალიან საყვარელია,  ცნობისმოყვარე, კეთილი და თავგადასავლების მაძიებელი,  მეგობრები: ბიბი ბაჭია, ციყვი ბუთქუნა და ზღარბი ბუძგუნა ხშირად ჩნდებიან ჩემს ზღაპრებში,  დინოზავრები დიზი და დუზიც მიყვარს,  გველეშაპი დანდალაც, გოლიათი დანდალუგიც,  კეტილი ფერია ანგელოლა,  და განსაკუთრებით  ჩემი გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია და მისი მეგობრები მახალისებენ.

- უახლოეს მომავალში რას შესთავაზებთ თქვენს პატარა მკითხველს?

- იმედია, მალე დავამთავრებ  პოემებს „ ბუზი ბუზბუზელა“  და  „ უჩინარა ქალაქში“.

- რომელია, თქვენი აზრით, თქვენი ყველაზე წარმატებული წიგნი?

- მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებულია ბალიშა წიგნი „ხაჭაპური“. ეს პოემა ბევრმა ბავშვმა შეიყვარა. ხშირად მწერენ მშობლები, ვიდეოებს მიგზავნიან, თუ როგორ ამბობს მათი პატარა ლამის მთელ პოემას ზეპირად.  ერთხელ ტორტის ფოტოც კი გადმომიგზავნეს, ტორტზე კი“ხაჭაპურის „ პირველი სტროფი ეწერა კრემით J   ბოლო ხანს საკმაოდ  აიტაცეს ბავშვებმა სატავგადასავლო ზღაპარი „ გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები“.  ამ  წიგნმა გასულ წელს „გოგებაშვილის პრემია“ მიიღო, ხოლო წიგნად გამოცემამდე კი „ოქროს ბუმბული“.

- რამდენადაც ვიცით, თქვენ საბავშვო დრამატურგიც ხართ. თქვენი რომელი პიესები გაცოცხლდა სცენაზე?

- თოჯინების თეატრმა დადგა „ხავსისქუდას ოინები“.  ძალიან მხიარული წარმოდგენა  იყო, კარგად დადგმული.  პატარ-პატარა პიესები ხშირად დაუდგამთ სკოლებში, საბავშვო ბაღებში.  2016 წელს მოზარდმაყურებლის თეატრის თხოვნით გადმოვაქართულე და სცენარის ფორმა მივეცი  ჰოფმანის „მაკნატუნა“-ს.  ეს პიესა სამჯერ დაიდგა საახალწლოდ: მოზარდმაყურებლის, ახმეტელისა და რუსთავის თეატრებში.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვები წიგნთან დავაახლოვოთ. ამისათვის როგორია საბავშვო მწერლების წილი პასუხისმგებლობა?

- უბრალოდ, კარგად უნდა ვწეროთ.  ალბატ არანაირი საგანგებო დოქტრინა ამ მიმართულებით არ ჰქონიათ არც ანდერსენს, არც ძმებ გრიმებს, არც ასტრიდ ლინდგნერს... ისინი უბრალოდ, კარგად წერდნენ. ბავშვი კი ყველანაირ მკითხველზე უკეთ ცნობს კარგ წიგნს. ესაა და ეს.  ვისურვებდი,  სწორედ ასე ვწერდე და  შესაბამისად, პატარებსაც გულით უყვარდეტ ჩემი წიგნები.