Accounting Technologies

ინტერვიუ ნინო სადღობელაშვილთან

- ნინო, თქვენი შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, გაძნელდება რომელიმე ერთ ჟანრზე ვისაუბროთ. მაგრამ ვინაიდან ჩვენი ჟურნალი საბავშვო ლიტერატურას ეხება, სწორედ ამით დავიწყოთ. საბავშვო დრამატურგია, ფენტეზი.. რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი... და საერთოდ, როგორია თქვენი შემოქმედებითი წილი საბავშვო ლიტერატურაში...

- პირველ რიგში, ჩემს სიხარულს და მადლიერებას გიზიარებთ, ირმა, რომ მაქვს პატივი ამ მშვენიერ ჟურნალში ლიტერატურაზე და წიგნებზე ვისაუბრო. გისურვებთ ბევრ მკითხველს და ულევ წარმატებას! რაც შეეხება ჩემს „წილს“ საბავშვო ლიტერატურაში... - ვფიქრობ, ის ძალიან მოკრძალებულია. იმიტომ, რომ როცა ამხელა მემკვიდრეობის მოზიარე ხარ, როცა ამდენი გადასარევი ავტორია შენ გარშემო - თანამედროვეც და უკვე კლასიკად ქცეულიც, და საერთოდ - როცა ასეთი მშვენიერი საბავშვო ლიტერატურა შექმნა კაცობრიობამ, უხსოვარი დროიდან დღემდე, - ცოტა ძნელია, თავაღერილმა საკუთარ წვლილზე ისაუბრო. ჩემს შემთხვევაში, ალბათ უფრო საკუთარი თავის ხელახლა პოვნის აქტი შედგა. რაღაც აქამდე უხილავი კარი გაიხსნა, აქამდე შეუცნობელი სამყარო გამონათდა და ჯერჯერობით მისით ვარ მონუსხული და თავბრუდახვეული. ჯერჯერობით, ყველაზე მეტად მე მიხარია ვიღაც ახალი ბავშვის აღმოჩენა საკუთარ თავში და მინდა ბოლომდე შევირგო ეს სიხარული!:) „განძის თეატრის“ პირველ წიგნს რომ ვწერდი („შვიდი სიმღერის საიდუმლო“), ზუსტად ამას განვიცდიდი. მხოლოდ მეორე წიგნზე მუშაობის დროს გავაცნობიერე რაღაცები უფრო სერიოზულად. მეხმარება თუ არა სერიოზულობა „საბავშვო“ წიგნებზე წერისას? ზუსტად და მკაფიოდ ვერც ამას ვიტყვი. ალბათ, კი. და, შესაძლოა, ბოლომდეც არა. მთავარი ამ ამბავში უფრო პასუხისმგებლობა მგონია - ეს ძალიან კარგი და სადიდო სიტყვა, რომელიც ყველა ჩვენს საქციელს და სიტყვას ახლავს თან, თუკი ერთ დღესაც, ბავშვებისთვის წერას გადავწყვეტთ. დიახ - ყველაზე თავზეხელაღებული თავგადასავლების დროსაც - პასუხისმგებლობა უმთავრესი იარაღი მგონია. ჩვენ ხომ ბავშვებს მხოლოდ ომისგან და სიღარიბისგან არ ვიცავთ. ჩვენ მათ ხშირად სწორედ დიდების იმ გამოგონილი სამყაროებისგან ვიცავთ, სადაც ბოროტების შესაძლებლობა უკვე დაშვებულია. ასე რომ,  თუკი ორი სიტყვით ვიტყვი, ჩემი დამოკიდებულება ასეთია - არასერიოზული, ოღონდ პასუხისმგებლიანი. შეიძლება ვინმემ თავი იმტვრიოს, ეს რაღა ჯანდაბა ნონსენსიაო. მთავარია, მე და ჩემმა მკითხველმა ბავშვმა გავუგოთ ერთმანეთსJ

- როგორია თქვენი აზრი ზოგადად თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაზე. არა, როგორც ავტორის, არამედ როგორც რიგით მკითხველის, შემფასებლის.

- ქართულ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაზე აზრი ჩემი მეგობარი კოლეგების წყალობით, დიდი ხანია ჩამომიყალიბდა - ჩვენ ძალიან კარგი, კეთილშობილებით სავსე, გონიერი და ღონიერი საბავშვო მწერლობა გვაქვს. და ეს იმ ფონზე, თუ რის ფასად უწევდათ და უწევთ დღესაც ჩვენს მწერლებს ამ დარგში მოღვაწეობა (ძალიან უტრირებულად რომ ვთქვათ, ზოგადად, ლიტერატურული საქმიანობაა „არასარფიანი“,დღევანდელ კაპიტალისტურ და ტექნოკრატიულ პირობებში) - ლამის ენთუზიაზმამდე დასული სარგებელი, მუდმივი ალტრუიზმი და იდეალიზმი, რომელიც, თავისთავად, საბავშვო მწერლობას ძალიან უხდება, მაგრამ ამ ვეებერთელა შრომის, გამოცდილების და საქმის მიღმა ხომ ჩვეულებრივი ადამიანები დგანან - ადამიანური მოთხოვნილებებით, ოჯახებით, მიზნებით, ჰოდა მათ ხშირად შემოქმედებაზე მეტად იმაზე უფრო უწევთ ფიქრი, თუ რომელი გამომცემლობა დააინტერესონ, რა კომერციული ხრიკები მოიფიქრონ, როგორ კრეატიულად შეფუთონ და გაავრცელონ,  რათა ნაწერმა მკითხველი იპოვოს, გულმა - გული. ეს, უფრო მეტად, საბავშვო პოეზიას ეხება. რამდენი კარგი ავტორი გვყავს, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იცნობდნენ მათ ლექსებს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ეს ავტორები ითარგმნებოდნენ სხვადასხვა ენაზე და მსოფლიოს ბავშვებიც კითხულობდნენ მათ. ვფიქრობ, თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების პოპულარიზაციაში თავისი დიდი წვლილის შეტანა სკოლებს და პედაგოგებს შეუძლიათ. უფრო მეტიც - მგონია, რომ ეს მათი მოვალეობაცაა, პასუხისმგებლობა. მით უფრო დღეს, როცა ყველანაირი ინფორმაცია ხელისგულზეა და სანთლით საძებნი აღარც ტექსტია და აღარც ავტორი. ეს ინტერნეტ–ჟურნალიც ამ საქმეს ემსახურება და რაც მეტი გამომწერი ეყოლება, მით უფრო შორს გაცხადდება ეს კარგი და იმედიანი ამბავი - ჩვენ გადასარევი საბავშვო მწერლობა გვაქვს და მას დაფასება, მკითხველი და წარმატება სჭირდება!

- რა ასაკის მოზარდებისთვისაა გათვლილი თქვენი „განძის თეატრი“... უფრო ვრცლად ამ წიგნის შესახებ... საიდან დაიბადა იდეა, იგეგემება თუ არა მისი გაგრძელება.

- „განძის თეატრი“ სათავგადასავლო ჟანრის საყმაწვილო ლიტერატურაა და ასაკობრივად, დააახლოებით 10–11 წლის ზემოთ მკითხველისთვისაა. ეს სერია ქართული ფენტეზის შექმნის მცდელობაა, ჩვენი ფოლკლორის, ლეგენდების, ანდრეზების, ეთნოგრაფიის მიხედვით. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პირველი, ვინც ქართულ ლიტერატურაში ამ სივრცეში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა, ეს ნატო დავითაშვილია. მისმა წიგნებმა უამრავ ბავშვს შეაყვარა ქართული მითოლოგია და, მგონი კითხვაც და ლიტერატურაც, საერთოდ. ნატომ დიდი ღვაწლი გასწია ამ მხრივ და, მთელი გულით, მუდმივად გამარჯვებას ვუსურვებ.

რაც შეეხება ჩემ „განძის თეატრს“ - ჯერჯერობით ორი წიგნია გამოცემული - „შვიდი სიმღერის საიდუმლო“ და „ოქროს ხმალი“. პირველ წიგნში აღმოსავლეთ საქართველოს მითოსი და ფოლკლორია „საშენი მასალა“, მეორეში - დასავლეთ საქართველოსი. ინსპირაცია კი, თოჯინების თეატრია - ეს ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი სივრცე ამ სამყაროში, ადამიანურ გამოგონებათა შორისJ  წიგნების მთავარი გმირებიც - წითელთმიანი გოგო თაია და დაკარგული ქალაქის ბინადარი ბიჭი ბათუ - თოჯინების თეატრში მუშაობენ და სწორედ იქიდან იწყება მათი თავგადასავლები.

თავად ჩვენი ფოლკლორი, ჩვენი ლეგენდები და მითოსური სამყარო - ეს იმხელა ოკეანეა, უშრეტი წყაროა, რომ რა სიხარბითაც არ უნდა დაეწაფო, ვერაფრით ამოწურავ, პირიქით, თუკი ჭკვიანურად მოიქცევი, შენი ფანტაზიის ნაყენს შეურევ, სიკეთის ესენციას და იმედის ყინულსაც ჩააგდებ - ისეთი სასმელით დაჯილდოვდები, რომლებზეც მხოლოდ ზღაპარში გსმენია და რომელიც დიდ წარმატებას აუცილებლად მოგიტანს. ჰო, არ დაივიწყოთ - ეს სასმელი გამძლეობის ჭურჭელით უნდა დალიოთ! ამ შრომას, ამ თავგადასავლებში გადაშვებას, ლეგიონებად მოზღვავებული პერსონაჟების ყურისგდებას, ზოგისთვის კარის მიკეტვას, მოულოდნელი ლაბირინთებიდან გაღწევას, გამოუვალ სიტუაციებში გამოსავლის ძებნას ვეებერთელა გამძლეობა სჭირდება და თუ მსგავსი ჭურჭელი თქვენს სამზარეულოში არ მოიპოვება, ჯობია იმ უკვდავების წყაროში არც კი ჩაეყუდოთ!:)

- რა სიახლეს უნდა ელოდნენ ქართველი მოზარდები მომავალში?

- ახლა „განძის თეატრის“ მესამე წიგნზე ვმუშაობ. ამჯერად, მიწისქვეშეთის მითოსური სამყაროა ჩემი ინსპირაცია. ცოტა გამეწელა წერის პროცესი – ათასმა სხვა რამემ დაიკავა დრო, რომელიც მისთვის უნდა დამეხარჯა. მაგრამ, ნელ–ნელა ისევ ფორმაში ვდგები და ვიმედოვნებ, რომ ზამთრამდე მესამე წიგნსაც დავამთავრებ. მერე კი, მეოთხეს დავიწყებ, რომლის თემაც და ფაბულაც, ასევე უკვე ვიცი.

- როგორ ფიქრობთ, როგორია მოზარდების წიგნთან დაახლოების რეცეპტი, თუ ასეთი საერთოდ არსებობს.

- ჰო, ძალიან დასაფიქრებელი შეკითხვაა. მე თვითონ, ორი წელი ვმუშაობდი ერთ კერძო სკოლაში, დირექტორმა (ეს ქალბატონი ჩემი სკოლის ყოფილი დირექტორი იყო და ის ძალიან გონიერი და ინიციატივიანი ადამიანია) არჩევანის საშუალებაც მომცა - რაც გინდა ის ასწავლეო. ავდექი და, ავიღე კვირაში თითო საათი, მეხუთე კლასელებიდან ზევით - საზღვარგარეთის ლიტერატურაში. პროგრამაც მე შევადგინე - ის წიგნები, რომლებიც მათ ასაკში მე თვითონ წავიკითხე და რომლებმაც გამზარდეს. სწავლების მეთოდიც მეტ–ნაკლებად შევიმუშავე - თამაშით, ხალისით. რა ვიცი, მაშინ ასე ვფიქრობდი და ასე წარმომედგინა. მეც ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი - 22 წლის. იმ ორწლიანი ჩემი მასწავლებლობიდან კი ის გამოვიდა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე ჩემს მოსწავლეებს შორის, დღემდე რომ შემომრჩნენ და, ვფიქრობ, მათში კითხვის და წიგნის სიყვარულის გაღვივებაში სულ, სულ მცირედი წვლილი მეც შევიტანე.

რთული ამბავია  ასეთი რეცეპტის მოგონება. ინდივიდუალური პროცესიც მგონია - ანუ, ყველამ თავისებურად უნდა შეძლოს, თუ მშობელია - საკუთარი შვილის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით, თუ მასწავლებელია - საკუთარი მოსწავლეების შეცნობით, მწერალმა - ისეთი წიგნის დაწერით, რომელიც, ბავშვს მინიმუმ მეორე წიგნის წაკითხვის სურვილს არ დაუკარგავს; სახელმწიფომ - წიგნიერებაზე ზრუნვით, კითხვის პოპულარიზაციით; ტელევიზიამ - გემოვნებიანი გადაცემებით, ჯანსაღი პროპაგანდით.

- როგორ ჩნდებიან თქვენი პერსონაჟები? ჰყავთ თუ არა მათ პროტოტიპი თუ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია?

- ზოგს ჰყავს, ზოგს - არა. თუმცა, ძირითადად, მაინც თითოეული ვიღაც ნამდვილის ცალკეულ შტრიხს ატარებს. ხან ვინმეს სიცილი გამახსენდება და ავაკრავ ხოლმე რომელიმე პერსონაჟს, თუ მოიხდინა, ხომ კარგი, თუ არა და, გასაცინებელი ამბის და პერსონაჟის მეტი რა არის, იხვეწებიან მხიარულ სიუჟეტებს!:) ხან ვინმეს ნაღვლიანი თვალები, ან რაიმე საქციელი, ან სინანული... პერსონაჟის ძერწვა ძალიან საინტერესო პროცესია. როგორ იქმნებიან, როგორ სულიერდებიან. ხანდახან კი, ისეც ხდება, რომ ისინი უფრო რეალურები ჩანან, ვიდრე მართლა ხორცშესხმული, ნამდვილი ადამიანები, სამყაროს აჩრდილებს შორის მოხეტიალეები...

-  სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის წერა თუ გიცდიათ?

- აი, ეგ ის სფეროა, რომელსაც ალბათ ვერც ვერასდროს ვცდი, რადგან ვერაფრით დავიჭირე ჩემს თავში ვერც ენა და ვერც საქციელი, რომლითაც ჩემი მხატვრული დიალოგი მაგ ასაკის ბავშვებთან ადეკვატური იქნებოდა. ეს ალბათ ყველაზე დიდი ოსტატობაა. ჩემი თაყვანისცემა ამ საქმის ოსტატებს!

- რას ურჩევდით მშობლებს და პედაგოგებს, როგორ გავხადოთ პატარები კარგი მკითხველი?

- ისევ იმას, რაც წინა შეკითხვების პასუხებში ვთქვი - უფრო მეტი დრო დაუთმონ შვილებს და აღსაზრდელებს, დაინტერესდნენ მათი სამყაროთი, შეისწავლონ ისინი და გაიგონ, რა მოსწონთ, რა გაუხარდებათ, რა დააინტერესებთ. არაფერი ისე არ სიამოვნებს ბავშვს (და ყველაზე ხშირად სწორედ ამ თვისებით გავს დიდიც პატარას), როგორც ყურადღება. ვიყოთ ყურადღებიანი ჩვენი შვილების მიმართ და ისინი აუცილებლად გვანიშნებენ გზას, რომლითაც ერთად მივალთ წიგნების სამყარომდე...