Accounting Technologies

ინტერვიუ ნათია ჯანაშიასთან

- ნათია, პირველი შეკითხვა, რომელიც, თქვენთან დაკავშირებით, სრულიად დამსახურებულად ჩნდება, ასეთია – როგორ ახერხებთ ოთხი პატარა შვილის დედა ასეთ აქტიურ სამწერლო საქმიანობას?

- ბავშვები ამ საქმიანობაში ხელისშემშლელები საერთოდ არ არიან, პირიქით, ისინი მიქმნიან განწყობას, რომ ვწერო.

ასეთი ჩვევა მაქვს, როცა ახალ ლექსს ვწერ (სხვათა შორის, ფურცელზე ვწერ, არა კომპიუტერში) შემდეგ რამდენიმე დღე მაცივარზე ვაკრავ, ხშირად რომ მომხვდეს თვალში, ბევრჯერ წავიკითხო, თუკი რაიმეს შეცვლაა საჭირო, შევცვალო. (თუმცა არის ლექსები, რომლებსაც ფიქრშივე წერტილს უსვამ, იცი, რომ სიტყვასაც აღარ შეცვლი. ასეთი ლექსი შეგიძლია პირდაპირ კლავიატურაზე აკრიფო).

მაცივარზე ლექსების გაკვრა იმიტომ ვახსენე, რომ როცა ჩემი მესამე შვილი დაიბადა, ყველაზე მტირალა და ჭირვეული, სწორედ მაშინ გადაივსო მაცივარი უამრავი ფურცლით. ლექსებს ღამეების თევის დროს ვწერდი.

ლექსების წერას სამუშაო პროცესს ვერ დავარქმევ, თუმცა ეს უწყვეტი სამუშაო პროცესია, თავისთავად მოდის განწყობაც, თემაც... ხშირად ისეთ სიტუაციაში მოსულა ახალი ლექსი, არც ჩაწერის დრო მაქვს და არც საშუალება, მაგალითად, სკვერში ბავშვებთან ერთად თამაშის დროს. ასეთ შემთხვევებში ჩემს მეუღლეს ვუგზავნი ხოლმე ხმოვან შეტყობინებებს.

- ზედმეტი იქნება, გკითხოთ, ვისთვის დაიწყეთ საბავშვო ლექსების წერა,… მაგრამ მაინც გკითხავთ..

- პირველი ლექსი 10 წლის წინ დავწერე, ჩემი პირველი შვილისთვის. ლექსის პერსონაჟი თავად იყო და ამან ძალიან გაახარა. მერე იმ ზღაპრების პერსონაჟებზე ვუწერდი ლექსებს, რომლებიც ძალიან უყვარდა. მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ეს ლექსები ჩვენი ოჯახის ფარგლებს გასცდებოდა.

- რომელია თქვენი პირველი წიგნი?

- ჩემი პირველი წიგნია “გამოიცნონ პატარებმა”, რითმოცანების კრებული, რომელიც 2010 წელს გამოვიდა და დიდი სიხარული მომიტანა. ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა შემახსენა ძველი პოსტი - პირველი წიგნის ყდა რომ გამოვაქვეყნე, ასე დამისათაურებია - “მესამე შვილი”. მას შემდეგ ბევრი “წიგნი-შვილი” და ნამდვილი შვილები შემემატა.

- ამჟამად რამდენი წიგნის ავტორი ხართ? რომელს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე საყვარელს.

- ამჟამად 15 წიგნის ავტორი ვარ, აქედან 9 პოეტური კრებულია. ვერც ერთს გამოვარჩევ, თითოეულზე მუშაობის პროცესს, თითოეული წიგნის მოლოდინს და გამოცემის სიხარულს რომ ვიხსენებ, ჩემთვის ყველა ძვირფასია. პირველ წიგნებში, ამ გადმოსახედიდან, არის ისეთი ლექსებიც, რომლებსაც ახლა არ შევიტანდი კრებულში, ან შევცვლიდი. პირველ ნაბიჯებს ყოველთვის შეიძლება ახლდეს წაფორხილება.

- თემებს ლექსებისთვის ალბათ ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებთ – ბავშვები კვებავენ თქვენს შემოქმედებით ფანტასიას?

- რა თქმა უნდა, ასეცაა. ბავშვებიდან შეიძლება ისეთი საოცარი იდეა წამოვიდეს, შენ რომ ვერაფრით მოგაფიქრდებოდა. ხშირად ვყვები

63

ამ ლექსის ისტორიას: ერთ უთოვლო ზამთარში ჩემმა შვილმა მთხოვა, წერილი მიგვეწერა ცისთვის, რომ თოვლი გამოეგზავნა. ჩვენ მართლაც დავწერეთ წერილი და საჰაერო ბუშტით გავუშვით ცაში. ძალიან მალე გათოვდა. ამაზე უკეთესი თემა რა გინდა ლექსისთვის, ბავშვი მოვიდა და იდეა მოგართვა, მეტი რა უნდა ქნას?! ამ ამბავს მოჰყვა ლექსი “გიგის და დათას წერილი ცას”, რომელიც ჩემს რამდენიმე კრებულში შევიდა და ვგრძნობ, რომ მკითხველმა შეიყვარა.

- ვინ იყო თქვენი საყვარელი საბავშვო მწერალი და რომელი წიგნი ბავშვობაში?

- იანუშ კორჩაკის “მეფე მათიუშ პირველი” ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნი იყო და ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

- როგორ ფიქრობთ, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საბავშვო ლიტერატურა და თქვენ რომ ხელგეწიფებოდეთ, რას შეცვლიდით?

პრობლემები იმდენია, საიდან დავიწყო არც კი ვიცი. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: ერთ-ერთ გამომცემლობაში, რომელსაც ჩემი ლექსები შევთავაზე, მითხრეს, რომ პოეზია კომერციული თვალსაზრისით საინტერესო არაა, ამიტომაც ვერ დაბეჭდავენ. სხვაგან მითხრეს, რომ მხოლოდ საბავშვო კლასიკოსების ლექსებს გამოსცემენ, რადგანაც მკითხველის მოთხოვნა ასეთია, ის არ ენდობა მისთვის უცნობ ავტორს და ავტორიტეტების მიხედვით ირჩევს წიგნს.

ერთი შეხედვით ორივე შემთხვევაში გასაგებია პასუხი, თუკი გამომცემლობას მხოლოდ ფულისმკეთებელ მანქანად განვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ლიტერატურის წინაშე. თუკი პოეზია ნაკლებად მომგებიანია, კარგ გამომცემელს შეუძლია მცირე რისკის ფასად მაინც გამოსცეს, (თუკი, რა თქმა უნდა, ფიქრობს რომ ეს პოეზია ღირებულია) და სხვა კომერციული პროექტით დააბალანსოს.

არ შეიძლება ნაწარმოებებს ვაფასებდეთ ავტორების ავტორიტეტეტებით, არ შეიძლება “მკითხველის მოთხოვნით” ვამართლებდეთ, რომ თანამედროვე ავტორები მათთვის საინტერესო არ არიან. თუკი არასდროს შეთავაზებ მკითხველს ახალს, თუკი პირველ რიგში შენ, გამომცემელი არ ენდობი ახალ ავტორს, მაშინ როგორ ენდობ ამკითხველი? საერთოდ, როგორ მივა ავტორი მკითხველამდე?

მე რომ ხელმეწიფებოდეს, არა თუ არც კი წავიკითხავდი, რას მთავაზობენ ავტორები, არამედ უფრო მეტ მოტივაციას მივცემდი მათ, რომ ემუშავათ, ახალი შეექმნათ, მთარგმნელობით საქმიანობასაც გავაძლიერებდი და იმაზე კი არ ვიწუწუნებდი, რომ მკითხველი ავტორიტეტს ირჩევს და პოეზია კომერციული პროექტი არაა, არამედ ვეცდებოდი, რომ საპირისპირო შედეგი მიმეღო. ამას ალბათ ცოტა რისკი და ბევრი შრომა სჭირდება, გამომცემელს კი ურჩევნია ძალიან იაფად იყიდოს უცხოური გამომცემლობისგან მზა წიგნი, ქართული ტექსტი მოარგოს და იაფად გაყიდოს.

ზოგადად, საბავშვო ლიტერატურა ძალიან დაჩაგრულია, უამრავ ლიტერატურულ კონკურსში საბავშვო ლიტერატურის ნომინაცია რომ არ არსებობს, ესეც პრობლემაა, თითქოს საბავშვო ლიტერატურა ცალკე მდგომია და ლიტერატურეს ნაწილი არ არის. ძალიან მახარებს სულ ახლახან დაბადებული “იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია”, მაგრამ მანამადე საკონკურსო სივრცეში

თითქმის არაფერი იყო ამ მიმართულებით.

იქნებ გამომცემლობებისთვის იყოს ეს კონკურსი სტიმული, იქნებ უფრო დაინტერესდნენ თანამედროვე ავტორებით.

- თქვენი სამომავლო გეგმები – რას უნდა ველოდოდთ ახლო მომავალში?

- ცოტა ხნის წინ გამომცემლობა “პალიტრა L”-ის გუნდთან ერთად დავამთავრე “თოვლის გუნდას” სერიის ორ წიგნზე მუშაობა და საშემოდგომოდ ველოდები ამ ახალ წიგნებს. წიგნები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებისთვის - 4-5 წლის და 5-6 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მხატვრულ ტექსტთან ერთად აქტივობებს აერთიანებს.

სხვა გეგმებიც მაქვს, მაგრამ მათი განხორციელება გამომცემლობებზეა დამოკიდებული. ლექსებს მუდმივად ვწერ და პერიოდულად ვთავაზობ მათ.

- როგორია თქვენი და მხატვრის თანამშრომლობის სპეციფიკა – ათანხმებთ მასთან დასასურათებელ ეპიზოდებს თუ მიანდობთ მას.

- არა, არ ვერევი, ჩემთვისაც საინტერესოა მხატვრის ხედვა. ზოგჯერ მხატვარს თავად უნდა ავტორს შეუთანხმოს ილუსტრაცია, ასეთ შემთხვევაში მეც შემიტანია ჩემი წვლილი, გამიზიარებია მხატვრისთვის რჩევები, ჩემი იდეები შემითავაზებია. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, ძალიან ნიჭიერი და საინტერესო მხატვრების ხელში მოხვდა ჩემი წიგნები.

საყვარელ წიგნზე მკითხეთ და ვერ გიპასუხეთ, მხატვრული თვალსაზრისით კი პასუხის გაცემა არ გამიჭირდება, “ენოტის რემონტი” ისეთი არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით დაამშვენა ნანა მელქაძემ, განსაკუთრებულად შევიყვარე, თუმცა მანამადე “გამოძერწილი ლექსები” მიყვარდა ყველაზე ძალიან, რომლისთვისაც ამავე მხატვრამა პლასტილინით შექმნა ულამაზესი ილუსტრაციები.

ბოლო წიგნები თოვლის გუნდაზე (და საერთოდ, გუნდას სერიის ყველა წიგნი) ძალიან ნიჭიერმა მხატვარმა ლელა ცინაძემ დაასურათა. აღფრთოვანებული ვათვალიერებდი ნახატებს. ავტორისთვის ბედნიერებაა, როცა მხატვარი სწორად კითხულობს მის ნაწარმოებს, ზუსტად ხედავს მისი პერსონაჟების ხასიათს.