Accounting Technologies

ინტერვიუ მაია კარსელთან

- ქალბატონო მაია, როდის დაიწყეთ ბავშვებისთვის წერა და რა გახდა ამის წინაპირობა?

- სკოლის მოსწავლე გახლდით, ალბათ თორმეტიოდე წლის, მეგობარმა დაჟინებით მთხოვა - ჩემი პატარა დაიკო, ია, შენი ლექსით მინდა დავასაჩუქრო, მით უმეტეს, რომ ეს თარიღი რვა მარტს ემთხ-ვევაო. მეც, ექსპრომტად, იქვე დავუწერე საბავშვო ლექსი. აღფრთოვანებულმა სახლში გააქანა. მაშინ პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიის წევრი ვიყავი და ალბათ ამიტომ მთხოვა ლექსის დაწერა.

სწორედ იმ პერიოდში, ჩემი ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი, გარეგნულად უმკაცრესი, ბუნებით კი საოცრად სათნო, ყველასათვის საყვარელი ფაცია პაიჭაძე, დედაჩემს “დაემუქრა” - შემოქმედებითი კონფერენცია ახლოვდება, სადაც თავს მოვუყრით გაწეული შრომის შედეგებს, მოვიწვევთ ცნობილ მწერლებს, ავტორიტეტული ჟიური შეაფასებს ჩვენი ბავშვების შემოქმედებას, საუკეთესოებს სიგელებით და დიპლომებით დავაჯილდოვებთ, მაიას კი ჯერ არაფერი ახალი არ მოუტანია, არც პროზაული ჩანახატები, არც ლექსები, გთხოვთ, ზომები მიიღოთო!

დედამ, რომელიც საერთოდ სიმკაცრით არ გამოირჩეოდა, ამჟამად რადიკალურ ზომებს მიმართა, მომთხოვა - სანამ რაიმე ახალს არ დავწერდი, იქიდან ფეხს ვეღარ გავადგამდი! მივხვდი, აღარ ხუმრობდა და საქმეს ჩავუჯექი. ტყვეობიდან რომ მალე დამეღწია თავი,ზედიზედ დავწერე, რატომღაც, უამრავი ერთ და ორსტროფიანი საბავშვო ლექსი. ეს საქმიანობა ისე მომეწონა, თითოეულ ლექსს თვალსაჩინოებისათვის პაწია ჩანახატებიც დავურთე! შინაურებმა სამუშაო დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს. საბავშვო ლექსების წაკითხვისას, ფაცია მასწავლებლის რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა: შეჭმუხნული შუბლი გაეხსნა და ალერსიანად მთხოვა, სასწრაფოდ პაწია წიგნი შემეკერა ჩემივე ხელით, შავი ტუშით ლამაზად გადამეწერა ყველა ლექსი, ჩემივე ილუსტრაციებით გამეფორმებინა და ამ სახით წარმომედგინა კონფერენციაზე!

დიდი ბედნიერება იყო ანა კალანდაძის, მედეა კახიძის, სოლომონ ხუციშვილის, ემზარ კვიტაიშვილის და სხვათა დადებითი შეფასებები, მით უფრო, მათი მოსწავლეთა მიმართ კრიტიკული, ობიექტური დამოკიდებულების ფონს თუ გავითვალისწინებთ.

განსაკუთრებით ამაღელვებელი და მოულოდნელი იყო ჩემთვის და ამიტომ, მკაფიოდაც დამამახსოვრდა - პრეზიდიუმში მყოფმა ბატონმა ემზარმა პაწია წიგნუკა, ყველას დასანახად, მაღლა როგორ ასწია და თქვა: - არ ვიცი, ეს ბავშვი მომავალში რას შექმნის, მაგრამ აქ წარმოდგენილი ლექსები უკვე დასრულებული შემოქმედების ნიმუშებიაო! დანარჩენთა დადებითი შეფასებები ჩემს მეხსიერებას აღარ შემორჩა, მაგრამ დიდი სურვილი, ამ საქმის გაგრძელებისა, უკვე დაინთო! მახსოვს, რა გულიანად მომოლოცა ჩემი წრის წევრმა, ნინო დარბაისელმა, რომელმაც ერთი ჩემი საბავშვო ლექსი იქვე ზეპირად მითხრა! ასეთი წუთები ადამიანებს არასოდეს ავიწყდებათ!

- რა არის თქვენთვის საბავშვო ლიტერატურა?

- ჩემი სასიცოცხლო მოთხოვნილება! ის ბედნიერებით გაჟღენთილი ჰაერი, სადაც თავისუფლად ვსუნთქავ!

- გვიამბეთ საბავშვო ჟურნალზე “კოკროჭინა”, რომლის რედაქტორიც თქვენ ხართ.

- ყველას მოეხსენება, როგორი მძიმე იყო 90-იანი წლები. ათას მიზეზთა გამო დიდად შეყოვნდა საბავშვო მასმედიის გამოსვლა და ბავშვებს სულიერი საზრდო მოაკლდათ. ასე ვიტყოდი - შემიპყრო საბავშვო ჟურნალის შექმნის იდეამ. საქართველოში მიმდინარე უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკურ ფონზე, რთული იყო მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ საბავშვო მწერალს ახალი გზა გაეკვალა. მაგრამ ჩვენი კლასიკოსი საბავშვო მწერლების თანადგომით ეს საქმე გაკეთდა. შემეცნებით-დამოუკიდებელ ჟურნალ “კოკროჭინას” რედკოლეგიაში გაერთიანებული და მასში აქტიურად ჩართული ქეთევან ჭილაშვილის, გივი ჭიჭინაძის, გიორგი წერეთლის, გუგული ტოგონიძის, ლალი ჯაფარაშვილის, მზია ჩხეტიანის თანადგომით, უფრო მოგვიანებით, მაია წიკლაურის, თამრი ფხაკაძის, ირმა მალაციძის და სხვათა მონაწილეობით, ამ მცირეფასიანმა ჟურნალმა ოცი წელი იარსება, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ, შეფერხებებით გამოდიოდა და ფორმატიც შეიცვალა, მაგრამ მან თავისი განსაკუთრებული მისია იტვირთა და შეასრულა კიდეც. ამ გადასახედიდან უკეთ ჩანს, რაოდენ კანონზომიერი და დროულიც იყო საყოველთაო უიმედობის, დეპრესიის პერიოდში მსგავსი საბავშვო ჟურნალის გამოსვლა, რომელიც ახერხებდა სიხარული და სულიერი სიმშვიდე მოეტანა საკმაოდ რთულ პერიოდში აღმოჩენილ პატარა თანამემამულეთა არა ერთი თაობისათვის.

სწორედ ჟურნალის წინაშე წამოჭრილმა უამრავმა პრობლემამ გვიბიძგა “საბავშვო და ახალგაზრდული პრესისა და ლიტერატურის ასოციაციის შექმნისკენ”, რომლის საშუალებითაც უამრავი კარგი საქმე გაკეთდა. თუნდაც, ბატონი გივი ჭიჭინაძის სახელობის მემორიალის გახსნა, რასაც ჩვენი ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ჟურნალზე და ასოციაციაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა.

მთავარი, ალბათ ისიცაა, რომ ჟურნალში რეალიზაციის საშუალება მიეცა უამრავ შესანიშ-ნავ საბავშვო მწერალს, რომელიც იმ პერიოდში ღირებულ საბავშვო ლიტერატურას ქმნიდა. დღევანდელივით მახსოვს, რედაქციაში უზარმაზარი ყვავილების თაიგულით შემოსული ქალბატონი გუგული ტოგონიძე, რომელიც ღიმილით გვიამბობდა, რომ მისი მოთხრობის ჩვენს ჟურნალში დაბჭდვამ ის დეპრესიიდან გამოიყვანა; დაუვიწყარი იყო ბატონი გიორგი წერეთლის საიუბილეო საღამოზე წაკითხული, მის სიცოცხლეში დაბეჭდილი უკანასკნელი ლექსები, საიუბილეო ჟურნალი, რომელიც მოწიწებით შეინახა მისმა ვაჟმა. ბატონი გივი ჭიჭინაძე, რომელიც არტისტული შემართებით გვიკითხავდა ახალ ლექსებს... მარტო ასეთი წუთებისთვის ღირდა ამ საქმის კეთება, სხვა თუ არაფერი.

- რამდენი წიგნის ავტორი ხართ და რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი გამოცემა?

- გამომცემლობა “პალიტრის”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დაბეჭდილი: “წვიმავ-წვიმავ!”, “სტაფილო -უზარმაზარი”, “მხიარული რითმოცანები”, “გამოიცანი, ვინ ვარ”, “მხიარული ცხოველები”, “ცირკი”, “გამოცანები ცხოველებზე”, “შეისწავლე ფერები’’, “ჩემი სოფლის ცხოველები”, “რვა ძილისპირული”, “ფერადი ლექსები’’;

გამომცემლობა “პალიტრამ” ასევე გამოსცა საინტერესო წიგნი: “საშობაო საგანძური”, სადაც დაიბეჭდა უამრავი კლასიკური საშობაო ალილო, ოდა და ჰიმნი (რომლებსაც მსოფლიოში ცნობილი თითქმის ყველა მომღერალი ასრულებს). სამუშაო პროცესმა ძალიან გამიტაცა, რადგან მოკლე დროში გადმოვაქართულე სამასოცდაორი ლექსი, რომელთა რითმული წყობის და შინაარსის ორიგინალთან მსგავსებაზეცისევე უნდა მეზრუნა, როგორც ყოველი სასიმღერო ტექსტის მელოდიაში ზუსტად ჩასმაზე.

საყვარელი გამოცემა კი, ალბათ ის პირველი ხელთნაწერი პაწია წიგნია, რომლის წყალობითაც ასე შემაგულიანეს კეთილმა ადამიანებმა.

- ამჟამად თუ მუშაობით ახალ წიგნზე?

- შეძლებისდაგვარად, (დროის დეფიციტის გამო), რამოდენიმე პროექტი მაქვს დაწყებული და ღვთის წყალობით, იმედია მალე დავასრულებ.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, იყო საბავშვო პოეტი.

- ჩვენს გონიერ წინაპრებს საუკუნეების წინაც შესანიშნავად ესმოდათ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ბავშვობისას ზიარებოდა ადამიანი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს, რაც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბებდა, სიკეთეს ჩაუნერგავდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჭეშმარიტ საბავშვო ნაწარმოებს უნდა წერდეს სულით ბავშვი, მაგრამ არა ბავშვურად. სწორად, გემოვნებით ნათქვამი, ოსტატურად ჩამოყალიბებული, სადა, ყოველგვარი ზედმეტისაგან თავისუფალი და უშუალო მხატვრული სიტყვა პოულობს გზას მათი გულებისაკენ... და სიყვარული - მთავარი, რაც გვიანდერძა დიდმა მაყვალა მრევლიშვილმა! ერთი სიტყვით, ნამდვილ საბავშვო მწერალში ჭარბად უნდა იყოს ბავშვების გაბედნიერების დიდი სურვილი...

- როგორ ფიქრობთ, რა გზებით უნდა მოხდეს ბავშვის დაახლოება ლიტერატურასთან?

- გზები მრავალნაირია. ვფიქრობ, მშობელს მაინც უმთავრესი როლი ეკუთვნის, შემდეგ მასწავლებელს... უფროსზეა დამოკიდებული, როგორი ტაქტიკით, თამაშ-თამაშით შესთავაზებს წიგნს, როგორ გაულამაზებს ლიტერატურის საშუალებით ყოველდღიურობას, როგორ ფრთხილად და ფაქიზად შეუძღვება ამ ჯადოსნურ ქვეყანაში, შეაყვარებს მას და გააბედნიერებს, რადგან წიგნი ის მაშველი რგოლი იქნება, რომელიც სახიფათო მეჩეჩებს ადვილად გადაალახინებს პატარას!

- თქვენი საყვარელი საბავშვო მწერლები..

- ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ძმები გრიმები და ასტრიდ ლინდგრენი თავისთავად, თუმცა, ადრეულ ბავშვობაში მაყვალა მრევლიშვილმა მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება. სხვათა შორის, ნოდარ დუმბაძის პროზასაცჩემი საყვარელი საბავშვო წიგნების სკივრში მივუჩენდი ადგილს. ბავშვობის მერე კი ეს სია უსაშველოდ გაიზარდა...

- თუ გახსოვთ, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად წაიკითხეთ?

- სწორედ მაყვალა მრევლიშვილის პოეზია.

- თქვენს პატარა მკითხველებს თუ ხვდებით ხოლმე?

- როგორც საბავშვო ჟურნალ-გაზეთების რედაქტორს, ხშირად მიწევდა პატარა მკითხველებთან ურთიერთობა. ახლაც, როცა სკოლებში გვიწვევენ, მახარებს პატარებთან ყოველი შეხვედრა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ორმხრივად სასიკეთოა, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვამდიდრებთ, რადგან მე ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, ისინი კი თავიანთ საოცარ, მართალ, ხალისით სავსე სამყაროს მაზიარებენ, რისთვისაც მიყვარს ისინი და მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ!