
ქართული საბავშვო ლიტერატურა - ისტორია და თანამედროვეობა
უცნაური ბედი დაჰყვა საბავშვო მწერლობას. საბავშვო წიგნზე, ლიტერატურა იქნება ეს, ილუსტრაცია, მეთოდოლოგი...
მაია გელუტაშვილი.
გვსურდა ყოველდღიურობაში ჩაფლულებს ერთხელ კიდევ გაგვეხსენებინა თქვენთვის ის ადამიანი, რომლის ხელოვნება ასე გვჭირდებოდა და დაგვჭირდება...
მთელი მისი შემოქმედება ხომ სწორედ იმისთვის იყო მოვლენილი, რომ ეს ყოველდღიურობა უფრო ნათელი და მშვენიერი ყოფილიყო...
ინტერვიუ უკვე მზად იყო დასაბეჭდად, როცა გავიგეთ ქართული საბავშვო მწერლობის კლასიკოსის, მაყვალა Mმრევლიშვილის გარდაცვალების შესახებ, ადამიანისა, რომელსაც ზურაბ ჭუმბურიძემ ჯერ კიდევ როდის, “ბავშვების უსაყვარლესი პოეტი” უწოდა და აღნიშნა, რომ “ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში” მან დაიმკვიდრა ადგილი”;
“მისი ლექსები უკვე მას აღარ ეკუთვნის, იგი ყველა ბავშვისაა, დედის, ყველა ქართველის” _ წერდა ნაზი კილასონია; გრიგოლ აბაშიძემ კი მას ვაჟა-ფშაველას და შიო მღვიმელის ფესვებზე ამოსული ლამაზი ყვავილი უწოდა, რომელსაც დაჭკნობა არ უწერია”...
***
ცხელი ქალაქიდან განდგომილი, ჩრდილმოფენილი მყუდრო ჩიხი, ცისფერკარიანი ჩუმი შენობისაკენ რომ მიემართება: სწორედ ასეთი წამომედგინა ეს ქუჩა. ეს სახლი – უხუცესი საბავშვო პოეტის, მაყვალა მრევლიშვილის სახლი.
“დილის” რედაქციაში მითხრეს, რომ აღარვის იღებდა მას შემდეგ, რაც უდროოდ დაჰკარგა ავადმყოფი ქალისვილი. იმედი აღარ მქონდა, რომ ვნახავდი, მაგრამ მაინც მივაკითხე. სადარბაზოს კარი გამიღეს, როკოკს სტილში მოხატყული ძველი კედლებიდან ფერგახუნებული, გუუბრყვილო ანგელოზები ჩამომჩრებოდნენ...
კიბეს ავუყევი... ფიქრებში ბავშვობის ერთი მზიანი დღე ამოტივტივდა: ეზოში ვარ, ზაფხულის ფერებით მოჩითულ სოფლის ეზოში, მამას მოცვეთილყდიანი, ლამაზყდიანი წიგნი უჭირავს... სხაპასხუპით, ერთიმეორის მოყოლებით, გამოთქმით ვამბობ პატარ-პატარა, წყალივით მორაკრაკე, მომხიბლავად უცნაური, ჯადოსნური სიტყვები კი სიმღერასავით ჟღერს: “მზეო, მზეო ცხრათვალა, ვის უცინი, ვისა? კიკლი-კიკლი კიბესა, ყურცქვიტების ციხესა”, “ქისა-აისა ბარაქისა, ქმა ვინ იცის არაკისა?” “ქინძი, კამა, დანდური, დაუკარი ფანდური!”, “მზესუმზირამ მზეს უმზირა”, “გამოჭენდა ტაიჭი, თუ ბიჭი ხარ, დაიჭი!”, “ატიტელა, მატიტელა, სეიფოთლა მატიტელა, სულ ბატებმა გადაკორტნეს, დარჩენილა თავტიტველა!”
წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ მომავალში ამ ლექსების ავტორთან მომიწევდა შეხვედრა?
***
საუბრისას ქალბატონ მაყვალას თვალებში სითბო და ღიმილი მყუდროვდება, თითქოს მოგონებებმა გაახალისაო. მზერაში ხან ბავშვური სიანცე გამოუკრთება, ხან კი დაუსაბამო სევდა.
მაგონდება ნაზი კილასონიას სიტყვები: “დაიხ, იგი პირდაპირია და ზოგჯერ სიმკაცრემდის. მას არ ძალუძს პირზე მომდგარი სათქმელის ზურგს უკან წართქმა. ჩემთვის იგი ხასიათია, ქართლისა, შუადღის ფერებში…” ვსაუბრობთ დიდხანს… სიტყვებში ასულიერებს ლანდადქცეულ დღეებს: _ უსწრაფესი ყოფილა ცხოვრება… აღარაფერი გრჩება, აღარაფერი. საოცრებაა! მოიხედავ და თურმე გაფრენილა!...
***
- იცით, როდის დავიბადე? 1909 წლის 14 თებერვალს! - ნიკაპზე თითმიდებულმა ღიმილით გახედა ფანჯარას… - ამბობენ, ამ რიცხვში დაბადებულთ რთულ და იდუმალ ცხოვრებას უწინასწარმერტყველებენო... მართალი უთქვამთ, იოლი ცხოვრებით ვერ დაიკვეხებ...
- იქნებ მშობლებზე გვიამბოთ? თქვენი მამა, ალექსანდრე მრევლიშვილი ქართული მხატვრობის კლასიკოსი გახლდათ... მამის პორტრეტს ერთგან ასე აღწერთ: “სულ ზურგით მახსოვს, კედელთან ახლოს, მდგარი მოლბერტთან”...
- მამამ ექვსი წელი პარიზში გაატარა. ჟულიენის აკადემიის სტუდენტი, ბუგეროსთან ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას; იყო გერმანიაში, იტალიაში. იცით, რა ნახატები ჰქონდა? მამის მეგობრები კარგად მახსოვს: ნიკო ნიკოლაძე. ვასილ ბარნოვი, თედო სახოკია, იაკობ ნიკოლაძე...
დედამ კი ქალთა სკოლა დაამთავრა. შესანიშნავად ქარგავდა. ესეც ხომ ხელოვნებაა! იყო ასეთი ფაქტიც, შეიძლება ითქვას, ისტორიული: დედას საგანგებოდ შეუკვეთეს მარჯორი უორდროპისთან გასაგზავნი შვინდისფერი ხავერდის სუფრა, რომელზეც ჩუქურთმებივით ამოიქარგა ქართული ანბანის მშვენიერი ასოები... ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით ქალთა საბჭომ ეს საჩუქარი ინგლისში გააგზავნა.
- რა ურთიერთობა გქონდათ ეკატერინე გაბაშვილთან?
- ჩემი პირველი, გულუბრყვილო ლირიული ლექსების რვეული დედამ პირველად მას წააკითხა. ერთ დღესაც ლარსის ქუჩაზე პირდაპირ ამოგვადგა შავებში ჩაცმული ეკატერინე გაბაშვილი, გრძელი, ნაქსოვი შალი ბეჭებზე მოესხა. მახსოვს, ძალიან უბრალო, დაბალძირიანი ფეხსაცმელები ეცვა; - რას მიქვიან ლირიკაო! - გამოთქვა თავისი აზრი, - ნატკენი გულის სააშკარაოზე გადმოშლაა! ქალმა თავისი გულის ნადები ღრმად ნდა შეინახოსო! - მე კი მაშინ სევდიანი, მსუბუქი სტრიქონებით სიყვარულზე გავმღეროდი; ვიცოდი კი, რა იყო სიყვარული? გზაზე ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს. რვეულსაც ერთი არ დახედა, ისე მიმიყვანა ქალთა კრებაზე. ანასტასია წერეთლისა-თუმანიშვილი, მარიჯანი, ნინო თარიშვილი და სხვა თვალსაჩინო ქალები ისე გამაცნო...
- მოიწონეს თქვენი შემოქმედება?
- რვეული მარიჯანის ხელში მოხვდა. მოწონებული სტროფების ქვეშ კი დიდი ასოებით მიმიწერა თავისი შეფასება: “კარგია!
შემდეგ, როცა “დილის” რედაქციაში ვმუშაობდი, რეზო მარგიანის მოადგილედ, ხშირად გვაკითხავდა, შემხუმრებია კიდეც: არ დაგავიწყდეს, სენ ჩემი გამოყვანილი ხარო!
- რა ასაკიდან დაინტერესდით წიგნებით!
- კითხვა ჩემთვის არავის უსწავლებია. წიგნისადმი ინტერესი ადრევე გამიჩნდა. მგონი, ოთხიოდე წლისას. ისიც მახსოვს, მაშინ ტანად პატარა, ჩვენი მაგიდის წიბოს მუდამ ვეხლებოდი და სულ იმას ვნატრობდი, როდის გავიზრდები, რომ ამ მაგიდას ავცდე მეთქი. ძმა სუსტი მყავდა, ხშირად ავადმყოფობდა, ამას უამრავი წიგნები მოჰქონდა მასთან და უკითხავდა, უკითხავდა გამუდმებით. საწოლთან დაწყობილი ფერად-ფერადი სხვადასხვა ზომის წიგნები უცნაური ძალით მიზიდავდა. იქვე ვიჯექი ფეხმორთხმული და სმენადქცეული; მაშინ, ერთი პირობა, უკუღმა კითხვასაც მივეჩვიე...
ოცნებათა სამყაროში დავფრინავდი. მამა რას აღარ გვაკითხავდა: ქართულ ხალხურ ლექსებს და ვეფხისტყაოსანს, ზღაპრებს და ყარამანიანს...
როცა ძმას ლექსებს აზეპირებინებდა, მეც მისი მიბაძვით ხალისით ვიმეორებდი ლექსს “პატარა ქალის ნატვრა”... იაკობისა არაა? სულში უნდა ჩაისვას ყველა ქართველმა გოგებაშვილი... ხალხური მარგალიტებიც როგორ გონივრულად ამოკრიფა და გამოამზიურა!
“სანთლის გუთანს გავაკეთებ,
შიგ შევაბამ უღელ დევსა,
ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ,
მშრალზე ვინადირებ თევზსა”
ეს რომ პატარას უთხრა ლექსად, განა ის არ იყო მოწოდებით ნამდვილი საბავშვო პოეტი?
- როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით საბავშვო ლექსი?
- საბავშვო ლიტერატურას ძნელი და საპატიო მისია აკისრია, შეიძლება უფრო დიდი და სერიოზულიც, ვიდრე სხვა რომელიმე ჟანრს; ლექსი ალბათ უნდა იყოს ნათელი, სახიერი, ლაკონიური, თუნდაც მელოდიური, თუნდაც იუმორით, ფანტაზიით სავსე, კეთილიც, ყველაფერს ალბათ ვერ ჩამოთვლი... ბავშვს ლექსები მიყვარდა, და სიამოვნებით ვსწავლობდი... აი, მათემატიკაში კი სუსტი ვიყავი. ჩიტაძის ქუჩაზე რომ სკოლაა, ის დავამთავრე, შემდეგ მე_8 სკოლად გადაკეთდა.
- რომელი პედაგოგი დაგამახსოვრდათ?
- რუსულ ლიტერატურას რომ გვასწავლიდა, სოლომონ ფურცელაძე... ახლაც მახსოვს ხელებგაშლილი როგორი პათოსით, რა შთაგონებით გვიკითხავდა პუშკინის, ლერმონტოვის, ვენევიტინოვის შედევრებს...
_ თქვენს ერთ ლექსში ასეა მოხსენიებული მცხეთა: მწვანეზე ბევრგან მივლია, მხიბლავს შრიალი ტყეთა, მაინც ყველაზე ტკბილია ჩემი ხრიოკი მცხეთა...
- მცხეთა ჩემი ბავშვობის ნავსაყუდელია. დაუვიწყარია ის ზაფხულის დღეები...
ავიყოლიებდი კლასის ამხანაგებს და ყველას იქ მივუძღვებოდი. მატარებლით მივემგზავრებოდით. არ ვიცი, იქით რად მიმიწევდა გული? იქნებ პაპისეული ძველი სხლი მეძახდა. თბილისში რომ გადმოვედით, მამამ თავისი ბინა მცხეთის რევკომს დაუტოვა...
ყანაში ხელთ ვგლეჯდით მოწეულ თავთავებს და ძნებად ვალაგებდით, გაწმენდილ ხორბალს თესლედ ვარჩევდით, მივუტანდით იქაურ ნათლიდედებს და გვიწონიდნენ აღებულ მოსავალს. მერე დაგვსხამდნენ, პურს გვაჭმევდნენ, ანკარა წყალსაც გვასმევდნენ, ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა! ის ტყე და ყანის სრიალი, ის არაგვის ჩხრიალი და ჩვენი ერთად ყოფნა არასოდეს დამვიწყებია; ჩემს ლექსებშიც ხშირად ის შთაბეჭდილებები ანათებს.
- თქვენი პირველი საბავშვო ლექსი?
- პირველი ლექსი ბავშვებმა დამაწერინეს, ჩემმა გოგონებმა.
- ახლად შემოსული მარწყვი მოვუტანე სახლში; გახარებული შემომეხვიენ ალდიკო და ქეთინო: - დედა, მარწყვი რატომ არის ასე წითელიო? - ჩამაცივდნენ. ლექსად ვუპასუხე:
“ლოყები რომ დაუწითლათ,
თავს ძირს ხრიან დარცხვენით,
გემრიელი, საამური,
მარჯნისფერი მარწყვები!”
- როგორ გაჩნდა ჭანჭიკელა?
- ხშირად დავდიოდი ხოლმე ხელმარჯვე ოსტატთა გამოფენაზე. იმ დღესაც წავედი ქალაქის ყოფილ პიონერთა სასახლეში ტექნიკური სიახლეების საინტერესო გამოფენაზე “დილის” რედაქციისთვის მასალების შესაგროვებლად...
იყო ბევრი ბავშვების გამოჩარხული დეტალებიც. ძირს ჩამოვარდნილი ჭანჭიკი შევნიშნე და ავიღე: - აი, ჩემი ჭანჭიკელა! ასე იმიტომ ვთქვი, ჩემს პატარა ალდეს ბაბუამისი მოფერებით ჭანჭიკელას ეძახდა და ის გამახსენდა. ასე გაჩნდა “ჭანჭიკელა”.
- როგორ მუშაობდით?
- ხანდახან ქაღალდის ნაფლეთებზე ჩავიწერდი ჩემი ბავშვების მეტყველებას, პატარა ლექსებს, მერე წინსაფრის ჯიბეში ვინახავდი და ვეღარც კი ვპოულობდი.
ბევრი ჩანაწერი მწონდა, ახლაც არ ვიცი, სად დავკარგე!
ჩემი არც ერთი ლექსი აღარ მომწონს... ვკითხულობ და ვფიქრობ: ნუთუ ამას მე ვწერდი? ნუთუ ამით კმაყოფილი ვიყავი?
ხშირად, ღამე ვმუშაობდი, როცა ყველას ეძინა, სამზარეულოს დიდ მაგიდაზე, სადაც დღისით სადილების კეთებას ვუნდებოდი.
აბა, დაწერე ასალაგებელი ჭურჭლის გვერდით. როგორია? აი, ესაა ოჯახი. ქალისთვის ძნელია ლექსებზე ფიქრი მაშინ, როცა ქმარ-შვილი უმთავრესია, მათ კი მთლიანად უნდა შეეწირო… სხვაგვარად არ გამოვა!
დედა მხარში მედგა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ყველაფერმა ღირებულმა აზრი დაკარგა! ასეთი ჯიბრიანია ეს ცხოვრება, სწორედ იქ მოგწვდება, სადაც გგონია რომ დაუძვერი.…
- ხალხური პოეზია ახსენეთ... როგორც ჩანს, მან გარკვეული გავლენა მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე...
- ალბათ; სადიპლომო თემაც ასეთი მქონდა: “ხალხური ეთერიანი ფშავურ ვარიანტში”. პროფერსორმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ფოლკლორულ ექსპედიციაში ჩამაბა... მოვიარე ფშავი, ხევსურეთი, საინტერესო ნიმუშები მასთან ჩამომქონდა, ის მიწონებდა, მამხნევებდა...
რა დამავიწყებს ფშავში ნაგზირალაანთ ოჯახს, მე რომ შევეკედლე... მოხუცი დიასახლისი აპოლინარია მლოცავდა: _ შვიდი კვირაა ფარდაგი მაობდებოდა, ახლა კი საქსოვად მოვიცალე, შენ გაიხარეო! სახლის ჩარდახში გაშლიდა ხელსაქმეს და თან ზღაპრებს, ლეგენდებს მიამბობდა. მეზობლის ქალებიც ხშირად გვაკითხავდნენ და ჩემი სამგზავრო რვეული ძველთაძველი საგანძურით ივსებოდა...
- კიდევ რას გაიხსენებდით?
- “დილაში” ვმუშაობდი მაშინ, მწერალთა კავშირში თეიმურაზ ჯანგულაშვილს გოგლა ლეონიძე შეხვედრია და ჩემზე უთქვამს: _ ახალი პოეტი ქალი გამოჩნდაო!
გოგლას უპასუხნია: _ თუ ეგეც ჯერ საქებარია და მარიამ გარიყულივით მერე არ გაირიყაო!
- იყო მრავალი ურთიერთობა მკითხელთან. . . რომელს გაიხსენებდით?
- ბევრს... ლამაზად მახსოვს ქუთაისიც, მათ ხომ განსაკუთრებული დახვედრა იციან.
შეხვედრაზე პედაგოგმა თამარ დახუნდარიძემ მიმიწვია. ვარდებით იყო სავსე ღობე, დარბაზი. ვარდებით სავსე დღე იყო...
- ქალბატონო მაყვალა, ფანქრის და ქაღალდის გარდა კიდევ რა არის აუცილებელი შემოქმედისათვის?
- სიყვარული! - სთქვა და ფიქრიანმა სუსტი ხალი ჭაღარა თმაზე გადაისვა...
სწორედ ასეთი შემორჩა იგი ჩემს მეხსიერებას.