
ქართული საბავშვო ლიტერატურა - ისტორია და თანამედროვეობა
უცნაური ბედი დაჰყვა საბავშვო მწერლობას. საბავშვო წიგნზე, ლიტერატურა იქნება ეს, ილუსტრაცია, მეთოდოლოგი...
მარიამ წიკლაური
2006.
ლიტერატურულ პერიოდიკაში იშვიათად აღმოაჩენთ წერილს საბავშვო მწერლობაზე. მის პრობლემებზე, განვითარების გზებზე, რეცენზიებს ამა თუ იმ წიგნზე. გასული საუკუნის 70-იან წლებში გამომავალი საყმაწვილო ლიტერატურის ალმანახები და მონოგრაფიები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადღა იქცნენ. დიდი ლიტერატურის ეს ორგანული და სპეციფიური ნაწილი თითქოს არც არსებობდეს. ან იქნებ, მშვენივრადაც “რსებობს”, მაგრამ თავისთვის - “ჩემ თვითონ” რაც უნდა ბევრი “ვიცნობისმოყვარეოთ”, ლიტმცოდნეთა და მკვლევართა შორის, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვით ადამიანს (მით უფრო, ადამიანებს!) რომელიც მუშაობდეს საყმაწვილო ლიტერატურაზე. იკვლევდეს მისი განვითარების გზებს, ტენდენციებს… ხოლო გამომცემელთა შორის ვერ მიაკვლევთ ადამიანს, რომელიც ამით განაწყენებული და დანაღვლიანებულია. მათ სრულიად აკმაყოფილებთ, რომ ძველ წიგნებს ფურცლები გაუყვითლდა და სასტამბო მანქანა-დანადგარები თბილისშიაც ჩინებულად გაიმართა.
რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არაა და მთელ მსოფლიოში გამომცემლის ალღო და გემოვნება განაპირობებს კიდეც წიგნის ბიზნესს, მაგრამ არის საკითხები, რომელთა შესახებ საუბარი, ვფიქრობ, რომ დროულია, თუ დაგვიანებული არა.… დღეს არ არსებობს არც ერთი პროფესიონალი თუ მოყვარული გამომცემელი, რომელიც საბავშვო წიგნით არ იყოს დაინტერესებული. მაგრამ აბა შეეცადეთ და გაიგეთ, რა ხდება საბავშვო ლიტერატურაში? რ. კიპლინგის ერთი ზღაპრისა არ იყოს: “იარე, იარე და იპოვე ლიმპოპოს სველი სიპი და სილიანი ნაპირი და იქ შეიტყობ ყოველივეს”. ამ ნაპირზე კი, ჩათვლემილ ნიანგსაც შეიძლება წააწყდე, თურმე… არადა იმდენი რამ შეიცვალა, განსაკუთრებულად ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ერთობ საზრიანი და მოხერხებული” კაციც ვერ შეძლებს გზის გაგნებას. თუ მაინც მოინდომებს ამას, სავაჭრო დახლების ლაბირინთში გაიხლართება, სადაც მთელი მსოფლიოს გამომცემელთა მხარდამხარ ქართველ გამომცემელთა მოწადინებასაც შეამჩნევს. და თუმცა ბევრსაც ვერაფერს იყიდის, გული მადლიერებით აევსება და თვალიც გაუბრწყინდება.
ივლის, ივლის და აღმოაჩენს, რომ წიგნის ფასის 50 პროცენტი ცარიელ მუყაოზე მოდის, რომელიც ე.წ. სქელ ყდას წარმოადგენს და სოლიდურ შეხედულებას აძლევს ნებისმიერი ფასეულობის მატარებელ, თუნდაც 32 გვერდიან წიგნს, რომელშიც წასაკითხი ათიოდე გვერდი შეიძლება იყოს. იპოვის უამრავ ადაპტირებულ და “გალილიპუტებულ” ტექსტს, “სექენდური” წარმოების წიგნებს ანუ უცხოელ გამომცემელთა გაქართულებით ნაწარმოებ კომერციული პროექტების სერიალებს, საეჭვო რაოდენობის ტომეულებს და ა.შ.
ლიტერატურა თანდათანობით ტექსტად, ხოლო წიგნი დასათვალიერებელ-გადასაფურცლ საგნად ქცეულა. დიდი გასავალი აქვს შემეცნებითი ხასიათის ენციკლოპედიურ კრებულებს, რომელთა დიდი ნაწილი აკმაყოფილებს კიდეც თანამედროვე მკითხველების მოთხოვნებს. მთლიანად განახლებული და გადახალისებულია უცხოელ ავტორთა ქართული თარგმანები და საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსთა გვერდით თავს იწონებს შედარებით დაბალი ღირებულების, მაგრამ კარგად რეკლამირებული წიგნებიც (თუნდაც მომღერალ მადონას ზღაპრები). სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ გამომცემელთაგან არანაირი ყურადღება და არც გარკვეული საგამომცემლო პოლიტიკა და დამოკიდებულება არ იგრძნობა ქართველ ავტორთა მიმართ! ვერ გეტყვით, ამის ბრალია თუ ამის გამოა, რომ ყველაზე ცუდად სწორედ საავტორო წიგნები იყიდება. ეს თბილისის მე-8 წიგნის ფესტივალმაც ცხადყო. საგამომცემლო საქმეში ერთი ახალი ტენდენციაც შეინიშნება: ავტორის გვარი და სახელი ყდაზე არ უნდა იყოს აღნიშნული. ეს გვარსახელები ეტყობა იმდენად არაფრისმთქმელია მკითხველისათვის, რომ თავიდანვე უნდობლად განაწყობს მას. რა უნდა იყოს ამის მიზეზი - მწერალთა უნიჭობა, კრიტიკოსთა არარსებობა, გამომცემელთა ამბიციები თუ მკითხველთა გაურკვევლობა? ან იქნებ უბრალოდ საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი ბიზნესის დაწერილი და დაუწერელი კანონები, რომელიც სულიერი აზროვნების პრეტენზიას კი არა, ფინანსურ კეთილდღეობისადმი სწრაფვას გამოხატავს. ფაქტია, რომ საგამომცემლო ბიზნესი ლიტერატურას კი არ ანვითარებს, არამედ “საჭირო” წიგნების გამოცემას უზრუნველყოფს, რომელთა შორის აღარ მოიაზრება ბევრი ისეთი ლიტერატურული ფენომენი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია კულტურული ერის განვითარება მომავალში (თუნდაც პოეზიაა ამის მაგალითი). ფაქტია, რომ მწერლის შემოქმედებითი შრომა დღეს აბსოლუტურად უარყოფილია! იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩაყენებულია ქართველი ავტორი და ასევე მკითხველი - ბავშვი - შეიძლება თამამად ეწოდოს “ლიტერატურული ტრეფიკინგი”. ამ არასახარბიელო მდგომარეობას ხელს უწყობს ისიც, რომ არ არსებობს ჩვენს სახელმწიფოში თუნდაც ერთი დღე, ან ერთი კვირა წელიწადში, რომელიც მიეძღვნებოდა ამ სფეროს და მასში მოღვაწე ადამიანების საქმიანობის წარმოჩენას, შესწავლას, წახალისებას. არ არსებობს “საბავშვო წიგნის დღე”, `საბავშვო წიგნის ფესტივალი~, საბავშვო წიგნის ილუსტრაციების გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, მხატვრებთან და მკითხველებთან, არც ერთი დისკუსია, ტელეგადაცემა, რადიოეთერი ამ პრობლემებზე, არც ერთი საკონკურსო ნომინაცია სახელწოდებით “საბავშვო ლიტერატურა”. არც ერთი ალტერნატიული კონკურსი, არც ერთი ფონდი, არანაირი საბავშვო წიგნების სარეიტინგო სიები ლიტერატურულ პერიოდიკაში, არც ერთი შეხვედრა შემოქმედი ადამიანებისა და პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან. არავის აინტერესებს, რა სიახლეებია ამ სფეროში. ამ 15 წლის მანძილზე ორი-სამი კონკურსი თუ ჩატარდა საბავშვო ლიტერატურაში და ისიც კერძო პირთა ინიციატივით: ათიოდე წლის წინ გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ საუკეთესო საბავშვო პროზაული ნაწარმოების გამოსავლენად და რამდენიმე წლის წინ ჟურნალ “დილის” მიერ ჩატარებული კონკურსი - “ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში” ეს არის და ეს! არადა დღეს, თითქმის არ არსებობს გამომცემლობა, რომელიც თავის პრიორიტეტად საბავშვო ლიტერატურას არ ასახელებდეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საბავშვო წიგნს ერთადერთი კომერციული ფუნქციაღა შემორჩენია და თითქოს ცხოვრება აღარც კი საჭიროებდეს ლიტერატურის კეთილისმყოფელ გავლენას ბავშვის ფსიქიკასა და აზროვნების ჩამოყალიბებისა და ზნეობრივ ფასეულობათა ფორმირების საქმეში. კაცი აღარაა იმის გამომრკვევი, რა სჭირდება ჩვენს ბავშვებს, რომლებმაც აშკარად პროტესტი განუცხადეს წიგნს! იქნებ, მართლა აღარ სჭირდებათ ცხოვრებასთან ურთიერთობაში ბუფერულ, დამცველ ზონად ბავშვებს ეროვნული ლიტერატურა, რომელიც მწერალ ო.ჭილაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, “მიუხედავად მწერლობის ნებისმიერი წარმომადგენლის ხაზგასმული, უაღრესი ინდივიდუალობისა, კოლექტიური შრომის ნაყოფია და მსგავსად რელიგიის, ფილოსოფიის და პოლიტიკური მოძღვრებისა, პირველ რიგში ადამიანს სიყვარულის უნარს უნდა უღვივებდეს”.
აქ ნახსენები “კოლექტიური შრომა” ეტყობა, გამომცემლებმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და ხელიც მიჰყვეს თავიანთ მომგებიან, მაგრამ ნებისმიერი შემოქმედისათვის არც თუ სახარბიელო საქმეს და აი, დღეს წიგნის ბაზარი სავსეა ისეთი წიგნებით, რომელიც მთლიანად აქრობს მკითხველის ცნობიერებიდან ცნებას - მწერალი. ავტორი, ინდივიდი. რადგან თქვენ შეხვდებით ძირითადად ასეთი საეჭვო დასათაურების წიგნებს “ოქროს ლექსები”, “100 საუკეთესო ლექსი”, “100 საუკეთესო მოთხრობა”, “საბავშვო ლექსები”, “საბავშვო მოთხრობები”, “10 საუკეთესო ზღაპარი”, “მხიარული ლექსები”, “სახალისო ლექსები” “საბავშვო პოეზიის ანთოლოგია” 500 და 1000 ლექსით და ა.შ. ამას ემატება ხშირ შემთხვევაში შემდგენელთა არც თუ ისე მაღალია კომპეტენცია, ძველი გამოცემების გადამღერება და ასე თანდათან გადის ასპარეზიდან მწერალი თავისი კანონიერი სახელით - გვარით და ხმით! მწერლებს, ალბათ, დიდხანს მოუწევს ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დასაცავად, არამედ (რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს) საკუთარი გვარ-სახელის შესანარჩუნებლად. ისევე როგორც ნებისმიერი ადგილობრივი პროდუქცია ბაზარზე ჩაყენებულია, უცხოურთან შედარებით, არათანაბარ საკონკურსო პირობებში, ასევე ხდება წიგნისა და მწერლის შემთხვევაშიც.
წიგნის ბაზარზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული წიგნი (რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ვიზუალურად) თანდათან ავიწროებს ლიტერატურულ სივრცეს ქართველი ავტორებისათვის. ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამითვლით ამ განცხადებას ბრმა ახირებად, მით უფრო რომ არავინ ზრუნავს ქართველი ავტორების ისეთივე სახით და მასშტაბით მიწოდებაზე მკითხველისათვის, როგორც ეს უცხო ავტორებისთვისაა შესაძლებელი. მე როგორც ადამაინს, მკითხველს და შემოქმედს, რა თქმა უნდა, უნდა მახარებდეს ასეთი ზრდა წიგნის ბაზრისა, მაგრამ ჩემი ქართველი ავტორების გარკვეულწილად უფლებათა შელახვაც, არ უნდა დამრჩეს ყურადღების მიღმა და პასუხისმგებელიც გახლავართ იმ განცხადებაზე, რასაც ვაკეთებ. რომ ხდებოდეს ქართველი ავტორების თარგმნა და ისეთივე დონეზე გამოცემა-გატანა და უცხოეთის ბაზარზე კი, მაგრამ ეს ჯერჯერობით ასე არ არის. საქართველოში ავტორისათვის თარგმნა კი არა, საკუთარ მკითხველამდე მისვლაც პრობლემაა, საავტორო უფლებების უხეში დარღვევა და დაუცველობა დღეისდღეობით ქართველი მწერლის მდგომარეობა და პერსპექტივაა. ჰონორარებზე არაფერს ვამბობ - გალაკტიონის არ იყოს, “არყოფილზე საყვედური” არ გვეთქმის.
ზოგიერთი მწერალი ამტკიცებს, შემოქმედს არაფერში სჭირდება სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერაო. ვერ დავეთანხმები, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს მწერალი, იგი ვერაფერს გახდება ფინანსური დახმარების გარეშე. სახელმწიფოს კეთილი ნება უნდა იყოს, რომ იგი არეგულირებდეს კანონმდებლობით და მორალურად მხარს უჭერდეს სხვადასხვა ფონდების შექმნასა და უზრუნველყოფას, კონკურსების დაფინანსებას. საპრემიო ფონდების რესურსებს, რაც საბოლოოდ ჩვენი მომავლის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმესაც წაადგება და მწერლის საქმიანობის განვითარებასაც. ნუთუ არ შეიძლება სრულიად ახალი კონკურსები საბავშვო ლიტერატურის სფეროშიც დაარსდეს? ნუთუ არ შეიძლება საბავშვო ლიტერატურის პრობლემებს, რეკლამირებას, კარგის წარმოჩენას სახელმწიფომაც დაუჭიროს მხარი. თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდიკები და ტექნოლოგიები აქტიური მკითხველის აღზრდისათვის ბევრ სიახლეს ნერგავს, მაგრამ სავალალოა, რომ ეს გზა მწერლებისა და შემოქმედთა გვერდის ავლით იკვალება. მე მეტი უფრო აქტიური ურთიერთობების მომხრე ვარ. მწერლებს, გამომცემლებს, პედაგოგებს ძალიან უნდა უნდოდეთ ერთად საქმიანობა. მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა. დღეს ყველა თავის დამკვიდრებასა და გადარჩენისათვის იბრძვის. და ჭეშმარიტ მწერალს ისღა დარჩენია, ობობის სიჯიუტით აკეთოს თავისი საქმე. მერე რა, რომ შვედეთისაგან განსხვავებით, სადაც ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია 730 ათასი ამერიკული დოლარია, თავის სამშობლოში ერთ თეთრსაც ვერ აიღებს, რადგან აქ, სადაც საბავშვო ლიტერატურას ქმნიდნენ იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი, მაყვალა მრევლიშვილი, რეზო ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, ნიკო კეცხოველი, გივი ჭიჭინაძე და სხვები, არცერთი ლიტერატურული პრემია, თუნდაც რომელიმეს სახელობისა, არ არსებობს მწერალთა მოღვაწეობის წასახალისებლად, ავის და კარგის გასარჩევად, მკითხველთა დასაკვალიანებლად. ვერც ერთ აქციაში და ღონისძიებაში პოლიტიკოსთა შორი ახლოსაც ვერ დალანდავთ მწერალს თავის წიგნებიანად. ზემოთჩამოთვლილ ნონსენსებს ალბათ კარგი გამომცემლებიც უნდა აგვარებდნენ, მაგრამ ფაქტია, მათ ჯერ კიდევ ბევრზე ბევრი აქვთ გასაკეთებელი.
ცხოვრების ეკონომიკურმა მოწყობის მხარემ ასე ინება, რომ აქცენტები სწორედ გამომცემლებზე გადასულიყო. გამომცემელთა საქმიანობის განვითარებამ და წინსვლამ გამოკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გამომცემელი გაცილებით მნიშვნელოვან და ცნობად პერსონად ითვლება, ვიდრე მწერალი. შესაბამისად დიდია მათი მათი ამბიციებიც, მაგრამ ამ ამბიციათა ზრდამ პირველ რიგში უნდა გამოიწვიოს მწერლის და მისი ნამოღვაწარის მნიშვნელობის ზრდაც, თუკი გარემო ჯანსაღი იქნება, რა თქმა უნდა.
ორი მოქალაქე ზედიზედ ვერ დამისახელებს ორი საბავშვო მწერლის სახელს ან წიგნს, როცა ნებისმიერი მათთაგანი სხაპასხუპით იტყვის 2-3 გამომცემლის გვარსა და სახელს მაინც. ამაში ცუდი არაფერია, მე ვსაუბრობ ტენდენციებზე, რომელიც აშკარად გადახრილია არა შემოქმედის, არამედ ბიზნესის (კარგი გაგებით) მხარეზე. ალბათ მათ საზოგადოების მხრიდან დაიმსახურეს ეს ყურადღება და ალბათ მწერალი ამას ვერ ახერხებს. ის კი არადა, დახლის მოვაჭრეც უმალ გამომცემელს კითხულობს, ვიდრე მწერლის გვარს გაიგებდეს. მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ერთად უნდა აკეთებდნენ საქმეს, ანუ მწერალი+გამომცემელი+ლიტერატურული აგენტი, ჯერ კიდევ დიდხანს ვერ დამეგობრდებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ ნაპოვნიც კი არ ჰყავთ ერთმანეთი და ამს გარდა სამივენი ღარიბი და მოუწყობელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი ცალკ-ცალკე მიემართებიან „სველი სიპი და სილიანი ლიმპოპოს ნაპირისაკენ” და არ იციან, რა შეიძლება მოიმოქმედოს იქ მთვლემარე ნიანგმა, რომელსაც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური მიღწევებისა და გლობალიზაციის პირობებში, მოფერებით `კომპიუ-ნია~ რომ შეგვიძლია ვუწოდოთ, შეიძლება მართლა შესანსლოს ჩვენი ბავშვების ის დრო, წიგნის კითხვისთვის და სიტყვიერებასთან ურთიერთობისათვის რომ არის საჭირო. შესანსლოს ლექსებიც, ზღაპრებიც, მოთხრობებიც, თავის ავტორებიანად… მე კი უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ამ სამ ადამიანს (სიმბოლურია სამი!) ახლაც და მომავალშიც „სჭირდეს ერთმანეთის მონება” და სიყვარულით აკეთონ ქართული საქმე! რადგან რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვერც ლიმპოპოში და ვერც ვერსად დედამიწის ზურგზე, საქართველოს გარდა, ქართველ მწერალს ვერ მივაკვლევთ, ვერ აღმოვაჩენთ ქართულ სამყაროს, რომლის გარეშეც ქართველი ბავშვის სული ვერ იქნება ის, რაც უნდა იყოს.
იყავით თამამები! სინჯეთ და მიაწოდეთ მსოფლიოს საუკეთესო ქართველი საბავშვო ავტორები. იქნებ ისე გაგიჟდეს და გადაირიოს უცხოელი მრავალრიცხოვანი მკითხველი ჩვენეულ სამყაროზეც, რომ გაცილებით მეტი ფინანსური და მორალური მოგება ნახოთ, ჩემო მომავლის გამომცემლებო და ჯერ კიდევ არარსებულო აგენტებო! ნამდვილად წარმატებული გამომცემელი ის იქნება, ვინც მსოფლიო ბაზარზე გამოიყვანს და დაამკვიდრებს ქართულ წიგნს. ჩართეთ ქართველი ავტორები და წარადგინეთ მათი კარგი თარგმანები სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურულ კონკურსებშიც, შექმენით ქართულ სივრცეში პრეცენდენტი საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის ჩატარებისა, გახსენით სადმე, მთაში ან ზღვაზე მუდმივმოქმედი ლიტერატურული სკოლა ან ბანაკი საბავშვო მწერლებისათვის, აქეთ, თქვენი ქვეყნისა და თქვენი ბაზრისაკენ მომართეთ ის გამოცდილება და პოტენცია, რასაც ფლობს მსოფლიო - და ა.შ. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მით უფრო არ კლავს მწერალსა და გამომცემელ-აგენტებს. იქნებ არა მხოლოდ კერძო გამომცემელს, თავად სახელმწიფოსაც გაუჩნდეს ამის ამბიცია. იქნებ სწორედ ნოდარ დუმბაძის დაარსებულ „მზიურში” გაიხსნას საბავშვო წიგნის სახლი ან სულაც საბავშვო ლიტერატურის მუზეუმი. იქნებ ტელემარათონებიც ჩატარდეს წიგნებისა და მწერლების მონაწილეობით. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ეს სასიამოვნო და ამავდროულად სარგებლობის მომტანი საქმიანობაა. მიხარია, რომ ბოლოსდაბოლოს, თბილისში იხსნება განახლებული საბავშვო თეატრი, სადაც თურმე ლიტერატურული თეატრიც დაიდებს ბინას. იქნებ მწერლებსაც მოგვეცეს საშუალება იქ სახელოსნოს გახსნისა, რომელიც საბოლოო ჯამში ქართულ საყმაწვილო მწერლობასა და დრამატურგიას განავითარებს. იქნებ სწორედ იქ ჩატარდეს ხოლმე ნამდვილი, ფასეული პრეზენტაციები კარგი საბავშვო წიგნებისა და არა კაფე-ბარებში, სადაც ასევე ზეზეულად და ზედაპირულად მიმდინარეობს ასეთი ღონისძიებები, როგორც ჩვენი ცხოვრებაა. თეთრი და ლიტერატურა ხომ ისევეა გადაჯაჭვული ერთმანეთზე, როგორც წიგნები და კულტურა. იქნებ ყველამ ერთად უფრო ადვილად ჩავაღწიოთ “ლიმპოპოს სველ სიპ და სილიან ნაპირზე” და ვერც ნიანგმა დაგვაკლოს რამე...
2006
საბავშვო ლიტერატურული ალმანახი ,#1