
ელიან
დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია . &n...
უცნაური ბედი დაჰყვა საბავშვო მწერლობას. საბავშვო წიგნზე, ლიტერატურა იქნება ეს, ილუსტრაცია, მეთოდოლოგია თუ სხვა ასპექტი, არავინ საუბრობს და არასდროს მიმიოხილავს, თუმც ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანს უწოდებს ამ სფეროს. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა დღევანდელი ცოცხალი ლიტერატურული პროცესის ასახვა არსად მიმდინარეობს, შესწავლა-ანალიზზე რომ არაფერი ვთქვათ. მოგეხსენებათ ლიტერატურული პერიოდიკა ამ დარგს არ წყალობს და თავად საბავშვო ლიტერატურული გამოცემები ხომ საერთოდ არ არსებობს. არადა ქართულ საბავშვო პერიოდიკას, 130 წელზე მეტი ხნის ისტორია რომ აქვს, ისეთი დროც ახსოვს, 10-ზე მეტი დასახელების გამოცემა ერთდროულად რომ გააჩნდა. ეს ცალკე წერილის თემაა და აქ არ შევეხები.
რადგან "მწიგნობართა ასოციაციას" გაუჩნდა სურვილი, თავის მკითხველთან ერთად თვალი გადაავლოს ბოლო ათწლეულის საბავშვო მწერლობასა და წიგნებს, თავი ვალდებულად ჩავთვალე მესაუბრა იმ ძირითადზე, რასაც ერთი საჟურნალე სტატია დაიტევს და რასაც ჩემი თვალსაწიერი გასწვდება. თუმც აქვე ვიტყოდი, რომ ასეთი წერილები ათ წელიწადში ერთხელ კი არა, წელიწადში ათჯერ მაინც უნდა იწერებოდეს და თანაც ამ საქმის მცოდნენი და მკვლევარები უნდა წერდნენ და არა ჩემნაირი მოყვარულები. და, რადგან საქართველო Yყველა თვალსაზრისით განიცდის საბავშვო ლიტერატურის მკვლევართა დეფიციტს, რადგან საბავშვო წიგნიც განიცდის უყურადღებობას და მხოლოდ წიგნის ბაზრის მოთხოვნებზეა დამოკიდებული, ვფიქრობ, ზედმეტი მაინც არ იქნება ეს სტატია. სათქმელიც, მე, როგორც თავადვე საბავშვო მწერლობასთან ახლოს მდგომ ადამიანს აუცილებლად აღმომაჩნდება.
თუ ხის სიმაღლე ფესვიდან იზომება, ლიტერატურამ რაღა დაგვიშავა? ის ჩვენით არ დაწყებულა და საბედნიეროდ, ქართული ლიტერატურა და მწერლობა მრავალსაუკუნოვან მთლიანობასა და უწყვეტობას რომ ინარჩუნებს, როგორც ენობრივი, ასევე ღირებულებების თვალსაზრისით, ეს ჩვენი, როგორც ერის, ცნობიერების, ფსიქიკის, ზნეობისა და გონიერების სიჯანსაღის შედეგი და თავისებური გარანტიაცაა. ეს “ლიტერატურული იმუნიტეტი” როგორც მთლიან ერს, ასევე ცალკეულ პიროვნებას ეხმარება გაერკვეს საკუთარ გარემოსთან და მთლიან სამყაროსთან თუ მსოფლიოსთან ურთიერთობაში, იქონიოს ცოცხალ, არაცოცხალ, სულიერ, უსულო ბუნებასთან, რაც მთავარია ადამიანებთან, ღმერთთან, ხილულ და უხილავ სამყაროსთან, წარსულთან, თუ მომავალთან თავისი პირადი დამოკიდებულებათა მთელი სისტემა, დაფუძნებული ზოგადკაცობრიულ ფასეულობებზე. მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი და ლიტერატურა, კულტურის ყველა სხვა დარგთან ერთად ქმნის ერის სულიერ სიძლიერეს, ქმნის და აყალიბებს პიროვნებებს. ეს ორჯერ ორი ყველასთვის ოთხია! ეს ყველამ ვიცით! მით უფრო ქრისტიანული აღმსარებლობის ხალხებმა, რომელთათვისაც წერილობითი ძეგლები, წიგნები სიწმინდედ მოიაზრებოდა: ბიბლია, სახარება, ფსალმუნები, წმინდანტა ცხოვრებანი და სწავლებანი. წიგნისადმი, როგორც სიწმინდისადმი დამოკიდებულება, არც მარტო ქრისტიანული იყო, თუ გავითვალისწინებთ წინარექრისტიანულ დამოკიდებულებას, როცა ტექსტის ფლობა, წაკითხვა მხოლოდ ქურუმთა პრიორიტეტი იყო, როცა თუნდაც ზღაპრები საკრალური ტექსტებს წარმოადგენდა და მასზე და მის თხრობაზეც კი, ხელი ყველას როდი მიუწვდებოდა. ეს შორეული ისტორიული წიაღსვლა იმისათვის მოვიხმე, რომ წიგნისადმი პატივისცემა, მოწიწება, მოკრძალება არც იდეოლოგიის ხათრით კომუნისტების მოგონილია და არც ჩვენი აღმოჩენილი. ეს კოდი საუკუნეებია დევს ხალხში და ძალიანაც კარგი, რომ ასეა. შევთანხმდეთ, რომ წიგნებს ყველა იდეოლოგია თავის სასარგებლოდ იყენებს, მაგრამ, ლიტერატურა განუმეორებელი თვისებებით აღჭურვილი ფენომენი, ყოველთვის ახერხებს დარჩეს ისეთივე სუფთა და ისეთივე მარადიული, როგორიც ცაა. სიტყვიერებასაც, ღვინოსავით, თვითდაწმენდის საკრალური უნარი აქვს.
*
საბავშვო ლიტერატურა ფოლკლორიდან ამოიზარდა. მისი გადამუშავებისათვის არაერთ ადამიანს უღვაწია ყველა კულტურულ ქვეყანაში. სხვა ხალხთა ფოლკლორის გამოუყენებიათ და ასე ნელ-ნელა ჩამოყალიბებულა ლიტერატურის ერთ-ერთ დარგად საბავშვო მწერლობა. საქართველოში ამ დარგის ფუძემდებლად ილია ჭავჭავაძე იაკობ გოგებაშვილს მიიჩნევდა. ქართული და სხვა ხალხთა ფოლკლორის ლიტერატურულ ჩარჩოებში გადმონერგვის, მისი ახალი ნაწარმოებებით გამდიდრების, მისი ახალი ფუნქციებითა და მათ შორის უმთავრესის _ აღმზრდელობითი-პედაგოგიური დანიშნულებით გამოყენების, სამყაროს შემეცნების, ზნეობრივი ფასეულობების ჩამოყალიბების, ერთიანი ეროვნული თვითშეგნებისა და სალიტერატურო ენის განმტკიცების სამსახურში სწორედ ლიტერატურა და საბავშვო წიგნი ჩააყენა იაკობ გოგებაშვილმა და იმ დროის ყველა მწერალი დაიყენა გვერდით ამ კუთხით რომ ემუშავათ, ეწერათ თუ ეთარგმნათ. მაშინდელი საბავშვო პერიოდიკა, ხელს უწყობდა ლიტერატურის განვითარებას და თვისობრივად ახალი დარგის გაძლიერებას. “ჯეჯილი”, “ნობათი”, “ნაკადული” ამ საქმის ავანგარდში იდგნენ. ამას დამატებული წერა-კიტხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია და ადამიანები რომლებიც ყველაფერს აკეტებდნენ, რომ ბავშვებს მშობლიიური ცნობიერება და ენა არ დაეკარგათ დამონებულ სამშობლოში. ის, რომ იაკობ გოგებაშვილმა “დედაენითა” და “ბუნების კარით” ერთხელდასამუდამოდ დასაზღვრა საბავშვო ლიტერატურის სივრცე და გზა, ამაზე დღეს საუბარიც კი ზედმეტია. ის რომ მან ბავშვებისათვის უბრალო ენით შეძლო ურთულესი რელიგიური ტექსტების, ბიბლიის, სახარების დაწერა და გამოცემა, ისტორიული თემატიკის, ყოფა-ცხოვრების ამსახველი, ბუნებისა და სამყაროს შემეცნების ადვილი, სადა და გასაგები ტექსტის წერის კულტურის დამკვიდრება, ესეც ცალკე წერილის თემაა. ან კი რა უნდა გასჭირვებოდა ლიტერატურას, რომლის პატარა მკითხველებისათვის წერდნენ და იღწვოდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი? დიახ, ჩვენ გვაქვს ტრადიციები, რომლიც შემდეგ კომუნისტური იდეოლოგიის პირობებში ქართველი მწერლების სასახელოდ უნდა ითქვას, კი არ დაკნინდა, არამედ განვითარდა და მსოფლიო ლიტერატურას უსწორებდა მხარს. თუმცა ბევრი რამ იყო საკამათოც, დროების ვალიც, მაგრამ ფაქტია, რომ საბავშვო მწერლობას ემსახურებოდა ნიჭიერი მწერლები, რომლებმაც ქვეყნის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო _ რუსთაველის სახელობის პრემია სამჯერ დაიმსახურეს საბავსვო ლიტერატურისათვის: არჩილ სულაკაური, მაყვალა მრევლიშვილი და რეზო ინანიშვილი გახდნენ ამ ჯილდოს მფლობელები. ამას გარდა საბავშვო ლიტერატურას დაუმსახურებია სახელმწიფო პრემია და შიომღვიმელის სახელობის პრემიები და გასახარია, რომ გასულ წელს მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემიაც დაარსდა თბილისის მერიის და მწერალთა კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით და ჩამოისხა კიდეც ულამაზესი მედალი (თუმცა ყველა საქმეს თავისი შუქ-ჩრდილები აქვს და დასანანია, რომ მაყვალა მრევლიშვილის გარდაცვალების თარიღი ამ მედალზე შეცდომით ამოიტვიფრა. იმედია ეს სამომავლოდ გასწორდება). სანამ დღევანდელ პრობლემატიკას შევეხებით, მსურს წარსულისაკენ მიგაქცევინოთ ყურადღება, რათა ამ პრობლემებისა თუ წარმატება-წარუმატებლობის გარკვეული გენეზისი დავინახოთ და უფრო ჩავუღრმავდეთ საბავშვო მწერლობის წინაშე არსებულ საკითხებს.
1869 წელს ჟურნალ “მნათობში” წერდნენ: “თბილისში თქვენ შეხვდებით მედუქნეებს, რომელნიც გულმოდგინედ კითხულობენ “ბეჟანიანს”, “ბარამიანს”, “ქალვაჟიანს” და გადაწერაში ერთი ორად ფასს აძლევენო”. მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და თბილისშიც მრავლად გაჩნდნენ იაფფასიანი პატარა წიგნების გამომცემლები. ისინი ბეჭდავდნენ აღმოსავლეთის ფანტასტიურ ზღაპრულ მოთხრობებსა და სახალხო მთქმელების პოპულარულ ლექსებს. ამ ხალხურ სიტყვიერებას მფარველობდა და პატრონობდა არაჩვეულებრივი მოღვაწე პეტრე უმიკაშვილი, რომლის მიერ ფოლკლორისადმი გაღებული ღვაწლი ძალიან დასაფასებელია. აი, რას წერს იგი თავის ავტობიოგრაფიაში: “1875-77 წლებში სხვათა გამოცემებით, მაგრამ ჩემი რედაქტორობით დაიბეჭდა "ბეჟანიანი", "ქალ-ვაჟიანი", "ალექსიანი", მეფე თეიმურაზის "ვარდ-ბულბულიანი". ამ წვრილ მოთხრობათა და ლექსთა ბეჭდვა მრავალი იყო და არც კი ვიცი, ვინ ბეჭდავდა და რამდენს... ზოგი ასეთი გამოცემა მეოცე და მეორმოცეც კი ხორციელდებოდა და ათი-ათასობით ტირაჟით ვრცელდებოდა მდაბიო ხალხში. ვინ იცის “არსენას ლექსმა” ან “ქალვაჟიანმა” რამდენ ადამიანს სურვილი აღუძრა და ასწავლა კიდეც წერა-კითხვა... ნაკლულევანება ამ წიგნებისა კარგად ვიცოდი, მაგრამ ჩემი საყვედური და სხვებისაც იმით გამიქარვებია, რომ ეს პირველი ნაკადული იყო, რომელიც დაიძრა და თუ ჭუჭყიც მოჰყვა, ამას უსათუოდ დრო წარეცხავდა”. ასეთ წიგნებს, ხშირ შემთხვევაში, არა მარტო წერა-კითხვის უცოდინარი გამომცემლები ბეჭდავდნენ (პირდაპირი მნიშვნელობით!!! მაგალითად, ცნობილია, რომ გამომცემელმა შახბარათოვმა საკუთარი გვარ-სახელის მოწერაც კი არ იცოდა!), არამედ ისეთი მოღვაწე ლიტერატორებიც, როგორიც თუნდაც ზაქარია ჭიჭინაძე იყო, რომელიც წიგნის წინასიტყვაობაში ხშირად თავს ასე იმართლებდა ხოლმე: “ჩემთვის დიდად სამწუხაროა, რომ ამ წიგნსა ვბეჭდავ, მაგრამ რასა იქმს კაცი, როცა ეს წიგნი ხალხში ძლიერ არის გავრცელებულიო”. ხალხს, რომელშიც მართლაც გაღვიძებული იყო კითხვის სურვილი, რასაც აწვდიდნენ, იმას კითხულობდა. მიწოდების ძალზე სპეციფიკური ფორმაც კი არსებობდა ძველ თბილისში: იყო ასეთი ყარაჩოღელი ესაღოვი, რომელიც დადიოდა თბილისის ქუჩებში და მოწნული კალათით ჰყიდდა წიგნებს. ანუ ძველი თბილისის ბაზარს საკუთარი მწერლების, მხატვრებისა და გამომცემლების გარდა, ჰყავდა საკუთარივე წიაღში აღმოცენებული მოხეტიალე ბუკინისტებიც. ხელით ვაჭრობა დღესაც ძალიან პოპულარულია და საკმაოდ დიდი გამავრცელებელთა ქსელი მუშაობს თბილისსა და სხვა ქალაქებში, მთელი მსოფლიოს მსგავსად.
იაფფასიან (!) გამოცემებს ხშირად მოსწავლე ბავშვებიც ეტანებოდნენ. ეგებ დღევანდელმა წიგნის მაღაზიებმა დააწესონ კვირაში (ან თვეში მაინც) ერთი დღე, როცა ბავშვებისათვის ყველა წიგნი დიდიფასდაკლებით გაიყიდება? რომ წიგნის ყიდვის უნარიც გამოვუმუშავოთ ბავშვებს ამგვარი წახალისების საფუძველზე.
ყველაზე პოპულარული იყო "ქალ-ვაჟიანი", "ყარამანიანი" და "შვიდვეზირიანი". ამ წიგნებს ბევრი არა მარტო კითხულობდა, ისმენდა კიდეც, რადგან მაშინ არსებობდა ოჯახური კითხვის ტრადიცია, ანუ სახლში ერთი კითხულობდა და მის ირგვლივ შეკრებილი ოჯახის სხვა წევრები სულგანაბულნი ისხდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახებში უწინ დღევანდელთან შედარებით ბევრი შვილი ჰყავდათ, ეს უტოლდებოდა ხშირ შემთხვევაში ერთი კლასის ოდენ ბავშვებსაც კი, თავისი მოსამსახურეებითა და სტუმრებით: როგორ წაიყვანეს ფერიებმა პაპის საძებნელად “ჰაიართუხუცესი”, რომელიც რამდენიმე დღის ფრენისას ჰაერში ბალთას სწოვდა და ისე იკვებებოდა. ან როგორ ეჭირა სამი დღე ხელში ყარამანს “ყაფის მთა”, რომ თავისი ლაშქარი ქვეშ გაეტარებინა, ან როგორ შესხდნენ ვეშაპებზე სეილან-ჯადო და ქელან-ჯადო და გველები მათრახებად დაიჭირეს, ან ათასგვარი სხვა რამ, რაც დიდ-პატარას აღაფრთოვანებდა და ერთი სულით ელოდებოდნენ ამდაგვარი ზღაპრების გაგრძელებასა თუ ახალ თავგადასავლებს.
სამართლიანად აღნიშნავდა ექვთიმე თაყაიშვილი, რომ ქართულ ენაზე არ არის წიგნი, რომელიც მდაბიო ხალხში ისე იყო გავრცელებული, როგორც “ყარამანიანი”. ის კი არადა, იმდენად პოპულარული იყო კითხვა, რომ ალბათ ღირს გავიხსენოთ თვით აკაკის როგორ სჯიდა დედამისი ცუდი ბავშვური საქციელის გამო: მას კითხვას უკრძალავდა. დღევანდელი ადამიანის დამოკიდებულება წიგნისა და კითხვის მიმართ რაგვარადაა შეცვლილი, თუნდაც ეს ერთი ფაქტიც ადასტურებს. შეიძლება დღეს ბავშვი იმით დასაჯო, რომ “კოკა-კოლა” არ დაალევინო, “მაკდონალდსში” არ წაიყვანო, ბურთის სათამაშოდ არ გაუშვა, კომპიუტერთან არ დასვა, მაგრამ იმით, რომ წიგნი არ წააკითხო? ეს ხომ არარსებულია! ოჯახებში ასევე იკითხებოდა “ბიბლია”, “სახარება”, წმინდანთა ცხოვრებანი, “ვეფხისტყაოსანი” და არა მხოლოდ კითხულობდნენ, იზეპირებდნენ კიდეც. ამ მარადიულმა წიგნებმა დროს გაუძლეს და დღევანდელ კომერციულ საგამომცემლო მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ვარიანტი გამოიცემა მათი ბავშვებისათვის: საბავშვო ბიბლიას, სახარებებს, იგავ-არაკებს სახარებიდან თუ ამბებს ვხვდებით სხვადასხვა გამომცემელთა პროდუქციაში, რომ არაფერი ვთქვათ “ვეფხისტყაოსანზე”, რომლის ადაპტირების ურთულეს საქმესაც შებედეს ქართველმა გამომცემლებმა და ალბათ, სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. ისე უნდა ითქვას, რომ ასეთი ადაპტირების პროგრამებიც არახალია საქართველოში და მას დიდიხანია მიმართავდნენ გამომცემლები. ვინ კარგად, ვინ ცუდად. ჩვენ ხელთ გვაქვს ცნობილი მეცნიერისა და მწერლის, არჩილ ჯანაშვილის 1911 წლის წერილი, რომელშიც ის სასტიკად ილაშქრებს ცნობილი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის “ელისოს” ტექსტის ცუდად ადაპტირების გამო. ეს წიგნი გამოუცია “საყმაწვილო წიგნების გამომცემელთა წრეს” ქალაქ ქუთაისში. “ყაზბეგის მაგივრადო, _ წერს ჯანაშვილი, _ ხელში შემრჩა ვიღაცის ნაცოდვილარი დამახინჯებული და გადაგვარებული და ფალსიფიცირებული ნაწარმოები. დღეს ყაზბეგი გაგვისწორეს, ხვალ ილია ჭავჭავაძეს გაგვისწორებენ და ზეგ შეიძლება, “ვეფხისტყაოსანსაც” შებედონო! – აპროტესტებს ადაპტირებას ჯანაშვილი. თუმცა გავიდა თითქმის საუკუნე და დღევანდლი ქართველი გამომცემლები მართლა სერიოზულად ფიქრობენ თვით ვეფხისტყაოსნის ადაპტირების ვერსიებზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. აღმოჩნდა, რომ არც “ვეფხისტყაოსნის” ადაპტირებაა ახალი საქმე. აი, რას წერს “კვალში” 1893 გიორგი იოსელიანი “ივერიაში” გამოქვეყებული იმ კრიტიკული წერილის საპასუხოდ, რომელიც აპროტესტებს ასეთ პროექტებს: ასეთი ადაპტირებული ტექსტები არსებობს ყველა განათლებულ ხალხთა ენებზე: ფრანგული, ინგლისური, რუსული, ნემენცური. ჰომეროსის “ილიადა და ოდისეი”, შექსპირის შესანიშნავი ტრაგედიები და მრავალი სხვა კლასიკურ მწერალთა ნაწარმოებები გადმოღებულია ყმაწვილთათვის საკითხავად. მათ შესახებ ქება ხშირად წაგვიკითხავს პედაგოგიურ ჟურნალებში და ლანძღვა არასოდესო. და თუ კი იმ ქვეყნებში, სადაც ყმაწვილებს პატარაობიდანვე მშობლიურ დედა-ენაზე ასწავლიან სკოლებშიც და ოჯახებშიც, ეს ესაჭიროებათ, მაშინ რამდენად მნიშვნელოვანია იგივეს გაკეთება ქართველი ბავშვებისათვის, თუნდაც მიმბაძველობით, რომ მათ ასე მაინც შევაჩვიოთ დედაენაზე კითხვაო? კარგა ხანია, წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაცია სთხოვს მწერლებს, რომ ვინმემ მაინც ითაოს “ვეფხისტყაოსნის” საბავშვოდ გადაწერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათო”.
ადაპტირებული ნაწარმოებების გამოცემის პირველი ყველაზე გაბედული და ორგინალური ვერსია შემოგვთავაზა რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა “ლიტერამ”. მათ ბავშვებს მსოფლიო კლასიკა შესტავაზეს. თუმცა ადაპტირებულმა წიგნებმა სხვა პრობლემის წინაშე დააყენა საზოგადოება: ძალიან ხელოვნურად დაჩეხილი და ცუდად თარგმნილი ტექსტები, რაც უნდა ლამაზი ილუსტრაციებით გაამშვენიერო, იგი ვერასდროს ასწავლის ბავშვს ვერც კარგ მეტყველებას, ვერც სიტყვათა მარაგს და ვერც ფანტაზიას განუვითარებს.. უამრავი კოპირაიტული პროდუქტი სწორედ ასეთი უხარისხო ტექსტებით და ლამაზი ნახატებით გამოირჩევა. ზედმეტად გამარტივებული ტექსტები, ვითომ, წიგნისადმი შიშს გაუფანტავენ პატარა მკითხველებსო, მაგრამ ეს საკითხი აშკარად საკამათოა და ცალკე წერილის თემაა.
როგორც ვხედავთ, საბავშვო წიგნთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს ყველა დროში. ისიც ფაქტია, რომ ფანტასტიკური ლიტერატურისადმი ინტერესი ძალიან დიდია მაშინაც და ახლაც. ერთი მხრივ საინტერესოა, როგორ მიიღებდა ძველ “ბესთსელერებს” ახლანდელი მკითხველი, რომელიმე გამომცემლობას რომ ეთავა “ყარამანიანის” ახლებური გამოცემა? ძალიან გასახარია, რომ თავისუფლებისა და საკუთარი თავის ძიების გზაზე უამრავჯერ მიუმართავთ ქართველ მწერლებს, ისევე როგორც უცხოელ მწერლებს, საკუთარი ფოლკლორისათვის. მათი დასახელებაც კი საკმარისია, გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი მწერლები იღვწოდნენ საკუთარი სათქმელის გამოსახატავად რომ შეერჩიათ, გამოეყენებინათ და სალიტერატურო სივრცეში გადმოეტანათ უძველესი ფოლკორული მასალები. რა თქმა უნდა მუშავდებოდა ეს ფოლკლორი და თანდათან ამდიდრებდა საბავშვო ლიტერატურასაც: მარტო რაზიკაშვილების ოჯახი რომ ვახსენოთ: ლუკა, თედო, ბაჩანა რაზიკაშვილები, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ნინო ნაკაშიძე, ლეო ქიაჩელი, შიო მღვიმელი, გიორგი შატბერაშვილი, მაყვალა მრევლიშვილი და კიდევ, ვინ მოთვლის.
კარგია, რომ ეს ინტერესი ფოლკლორისადმი არ ქრება და ჩვენს ყმაწვილებს ქართული ფოლკლორისა და ანდრეზების საფუძველზე შექმნილი თანამედროვე რომანი შესთავაზა სრულიად უცნობმა ავტორმა ნატო დავითაშვილმა _ “ლილე იროელის თავგადასავალი” (ჯორჯ ვაშატელის ფსევდონიმით) . მისი წარმატებული დებიუტი კიდევ ერთი ახალი გამარჯვებით აღინიშნა: საბავშვო პროზის კონკურსში “ოქროს ბუმბული”, რომელიც ჩვენდა გასახარად “გია ქარჩხაძის გამომცემლობამ” და ბაზისბანკმა ერთობლივად დაარსა, პირველი პრემია მიენიჭა. ორი წლის წინ გამოიცა კიდეც მისი მეორე ფენტეზი “სანამ ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”. საბავშვო ლიტერატურა არ კარგავს უწყვეტობას და მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, როგორიცაა გამომცემელთა ძალიან დაბალი დაინტერსება ქართველი თანამედროვე ავტორებით, საავტორო უფლებების დარღვევები, ძალიან დაბალი ჰონორარები და ტირაჟები, კონკურსების გასაოცარი დეფიციტი, მწერალთათვის კაბალური პირობები, მაინც წერენ ახალგაზრდები და ქმნიან საბავშვო ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს. 1996 წელს, გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ ჩატარებულმა საბავშვო პროზის კონკურსმა ნიჭიერი მწერლები გამოავლინეს ახალთაობიდან: თეა ლომაძე, ნანა კაციაშვილი და დავით ზურაბიშვილი, თუმცა მეტ-ნაკლები ინტენსივობით განაგრძეს შემდეგ შემოქმედებითი გზა. 2003 წელს, ჟურნალ “დილის” კონკურსმაც გამოავლინა გამარჯვებულები: ირმა მალაციძე, ბესიკ კეკელიძე, გული სალუქვაძე და სხვა. მაგრამ აქაც იგივეს გავიმეორებდი. ამ კონკურსებმა თავისი სიტყვა თქვეს იმ წლებში. მაგრამ აშკარაა ჩვენ საბავშვო სალიტერატურო სივრცეში ამდაგვარი კონკურსების საოცარი დეფიციტი. დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ახალი საინტერესო ავტორი შეემატა ქართულ საბავშვო ლიტერატურას: თეა ლომაძე, ირმა მალაციძე, თამრი ფხაკაძე, მაკა მიქელაძე, ირაკლი ლომოური, მანანა ჯოხარიძე, ვასილ გულეური, ოლესია თავაძე, ნანა კაციაშვილი, სანდრო ასათიანი, გივი ჩიღვინაძე, მაია გელუტაშვილი, ირმა ხურცია, მანანა წერეთელი, თეა თოფურია, ლელა გაბური, ლია რუსიაშვილი, ვანო ჩხიკვაძე, ბონდო მაცაბერიძე, ნანა სუხიტაშვილი, ნესტან კუპრავა, თამარ გაბროშვილი, ვაჟა ხორნაული, ლელა მეტრეველი, მანანა მაჩაბელი, ნანა ლომჯარია, ნათია ჯანაშია, ელგუჯა ლებანიძე, დალი კუპრავა, გვანცა ჯობავა და სხვები. ეს გამოთქმა “და სხვა” არანაირი გამოსავალი არ არის სიტუაციიდან, როცა გინდა არავინ გამოტოვო, მაგრამ ყველას მაინც ვერ ასახელებ. ეს მწერლები განსხვავებული ასაკის ხალხია. ზოგმა გვიან მოკიდა ხელი საბავშვო ლიტერატურას. ვნახოთ, რა იქნება. ზოგიერთი წარმატებით იყენებს საინტერნეტო ლიტერატურულ სივრცეს, ზოგმა კომპიუტერის მოხმარებაც კი არ იცის (ძალიან ზარალდება ამით), ზოგს წიგნი არც აქვს გამოცემული და ინტერნეტმკიტხველებით კმაყოფილდება, ზოგი თავად გამომცემელია და საკუთარ გამოცემეს წარმატებით ახორციელებს, ზოგი წერს და არც იცის გამომცემლამდე როგორ მიაღწიოს, ზოგი პირდაპირ უცხოეთში გამოიცა პირველად საკონკურსო შერჩევის საფუძველზე და ა. შ. ზოგი მეტად ნიჭიერია, ზოგი არასაკმაოდ, მაგრამ ფაქტი ერთია: ბევრი წერს და გასახარია, რომ ასეა. თუმცა ის, რომ ამ ნიჭიერი და კარგ ავტორთა წიგნების გამოცემა მაინც დიდი პრობლემაა, გასაკვირია. არსებობენ ისეთი თანამედროვე ავტორები, რომელთა წინაშე ეს პრობლემა აღარ უნდა იდგეს!
საბავშვო მწერლებიც მეტს უნდა წერდნენ თანამედროვე პრობლემატიკაზე, მოზარდებზე, სოციალურ თემებზე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელის პრობლემებზე, სკოლაზე, ლტოლვილობაზე და ყველაფერზე, რაც დღევანდელი ბავშვის წინაშე დგას გადასაწყვეტად და პასუხს ითხოვს, მაგრამ მეორეს მხრივ მწერლებს რომ ჰქონდეთ გამომცემელთა და მკითხველთა თანადგომის იმედი, ისინი მეტს იმუშავებდნენ. თვით თეა ლომაძის “წერილი ბოთლში”, თანამედროვეობის ერთ გამორჩეული საბავშვო წიგნიც კი, რამდენიმე წელია ედო მწერალს და ბოლოს ისევ თავად გამოსცა, რაც უნდა პარადოქსად გეჩვენოთ. გასახარია, რომ შემეცნებითი-მხატვრული წიგნებს და “კოპირაიტებს” შორის ორგინალური ქართული პროექტებიც გაჩნდა: “სიმბოლიკათა ილუსტრირებული ლექსიკონი”, დაჯილდოვებული პრემია “პარნასით” (გამომცემლობა “ბაკმი”), “ძველი ქართველები” (გამომცემლობა “ელფი”) და სხვა, განსაკუტრებით კი გამომცემლობა “დილა”, რომელიც ქართული ორგინალური შემეცნებითი ენციკლოპედიების გამოცემის ავანგარდში დგას ეს ბოლო ათწლეულია. ზოგადად მისასალმებელია, რომ საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ეთნოგრაფიას ბავშვები ბევრი ახალი და კარგად ილუსტრირებული წიგნით ეცნობიან, სხვადასხვა გამომცემლობები რომ გვთავაზობენ (დიოგენე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერა და სხვა). ქართული კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურას მრავალფეროვნად გამოსცემენ გამომცემლობები “ანბანი”, ასევე “პეგასი”, “შემეცნება” “პალიტრა”, “ნაკადული”, “სიესტა”, “საქართველოს მაცნე” და სხვა. ყველა გამომცემობას სამწუხაროდ ვერც დაასახელებ ადამიანი, რადგან მათი რიცხვი უკვე ორასს აჭარბებს და შესაბამისად საგამომცემლო პროდუქციასაც სრულად ვერცერთი წერილის მასშტაბი ვერ დაიტევს. თუმცა გვერდს ვერაფრით აუვლი “გია ქარჩხაძის გამომცემლობის” წიგნებს. ამ დიდი და დაწინაურებული გამომცემელთა გვერდით მაინც უნდა აღინიშნოს ისეთი გამომცემლებიც, რომელთა პროფესიული სიჯიუტე სიზიფეს სიჯიუტეს არ ჩამოუვარდება, ისინი თავიანთ განუმეორებელ ნიშას ავსებენ და მაინც წარმატებით იმკვიდრებენ თავს: აკაკი ბრეგაძის გამომცემლობა _ მრავალტომეული ქართული მწერლობის საგანძურით, გამომცემლობა “დედაენა”, გამომცემელი გივი ჩიღუნაძე და სხვები. და არსებობს ცალკე კასტა, ეგრეთწოდებული “ინდგამომცემლისა”, რომელიც უამრავი მწერლის ნაწარმოებებით თავად ერთპიროვნულად ქმნის ანთოლოგიებსა და კრებულებს სხვაზე იაფი და აშკარად პირატული და კონტრაბანდული წიგნებით ბაზრის გარკვეული სექტორის ერთპიროვნული ლიდერი ხდება. მაგრამ ვინაა მწერლების საავტორო უფლებების დამცველი დღეს? და სანამ ასეთი სიტუაციაა, გამოდის რომ ავტორებისა და მკითხველების უფლებებს არავინ იცავს.
ცალკე საკითხია საეკლესიო-რელიგიური მიმართულების საბავშვო წიგნები და მათი ბაზარი, რომელსაც ალბათ სხვა წერილში შევეხები.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ არცერთი ლიტერატურული პროფილის საბავშვო ჟურნალი არ გამოიცემა, სადაც მოხდებოდა თანამედროვე ქართველი და თარგმნილი საბავშვო ნაწარმოებების გამოქვეყნება, შეფასება, სახელების პოპულარიზაცია და გამომცემლებიც მეტი სითამამითა და ხალისით მოკიდებდნენ ხელს მათ გამოცემას. ხოლო ის რაც გამოიცემა, ლიტერატურისათვის სულაც არაა გამიზნული. დღეს ლიტერატურული პერიოდიკა ჩაანაცვლა ინტერნეტსივრცეში არსებულმა ლიტპორტალებმა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ბევრი “მოხალისე” და მათ შორის “სერიოზული” საბავშვო მწერლის აღმოჩენაც. რა თქმა უნდა, ეს სივრცე დიდ სამსახურს უწევს ინტერნეტმომხმარებელს, მაგრამ ნაბეჭდ საბავშვო ლიტერატურულ პერიოდიკას მაინც სულ სხვა დატვირთვა ექნებოდა. აქვე მინდა, ვახსენო ის უფროსი და საშუალო თაობა, რომელიც ერთგულად ემსახურება საბავშვო ლიტერატურას: ცირა ქიტიაშვილი, ქეთევან ჭილაშვილი, ნინო ბეზარაშვილ, დოდო ხიმშიაშვილი, ოტია იოსელიანი, ნუნუ კერესელიძე, ვლადიმერ ასლამაზიშვილი, მზია ჩხეტიანი, გუგული ტოგონიძე, გურამ პეტრიაშვილი, ნაირა გელაშვილი, ვაანო ჩხიკვაძე, ტარიელ ჭანტურია, ლალი ჯაფარაშვილი, ჟანსუღ ჩარკვიანი, ტარიელ ხავთასი, ლიდა სტვილია, ნუნუ ქადაგიძე, ზაზა აბზიანიძე, თინა ჭეჟია, ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიში, სტეფანე მხარგრძელი, OOოთარ შალამბერიძე, ალექსანდრე დიდებაშვილი, შოთა ხოდაშნელი, ლია კობალაძე, ნუნუ ძამუკაშვილი და სხვები და სხვები! რამდენი ადამიანია გასახსენებელი, უახლესი თუ შორი წარსულიდან: ეკატერინე გაბაშვილი, რომლის სახელობის პრემიაც დაამშვენებდა ქართულ საბავშვო პროზას, შიო მღვიმელი, მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ნოდარ შამანაძე, გიორგი წერეთელი, მერი ბოლქვაძე, არჩილ სულაკაური, ლადო მრელაშვილი, გივი ძნელაძე, ვაჟა ყუბუსიძე, თენგიზ ჩალაური, დავით ჯავახიშვილი, სულხან ქეთელაური, და სხვები. ყველაზე მეტად მაინც ნოდარ დუმბაძეს გაუღიმა ბედმა და მისი ლექსების კრებულის გარეშე არცერთი პატარა ქართველი არ მეგულება დღეს. დასანანია, რომ ყველა მწერალს არ ჰყავს ისეთი გულშემატკივარი, როგორსაც იმსახურებს, თორემ როგორ უნდა იყოს გამოუცემელი დღემდე თუნდაც ვაჟა ყუბუისიძის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი რუსული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია (15 ავტორი) ან ნუნუ კერესელიძისა თუ მაყვალა მრევლიშვილის ინგლისური და ფრანგული საბავშვო პოეზიის უნაკლო თარგმანები? რომ აღარფერი ვთქვათ მათ ორგინალურ საბავშვო პოეზიაზე?
კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც უმძლავრესი იდეოლოგიური მანქანა მუშაობდა, ლიტერატურა, მსგავსად ხელოვნებისა, სპორტისა, განათლებისა, ჩააყენეს კომუნისტური იდეალების, უღმერთობისა და “ჰომოსოვიეტიკუსის” ჩამოყალიბების სამსახურში. მაგრამ ქართველი ავტორების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედებითად. სწორედ ამ საბჭოთა პერიოდში მოახერხეს ქართველმა მწერლებმა შეექმნათ საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებები. ხშირად სადიდო მწერლები სწორედ საბავშვო ჟანრს იყენებდნენ თავიანთი სათქმელის გამოსახატავად, უფრო დაცულებიც იყვნენ ცენზურის თვალიდან და ხშირად მწვავე პოლიტიკურ, ეროვნულ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე საუბრობდნენ ზღაპრის ენით, იგავ-არაკის ენით, ცოცხალი ტყუილის გამოყენებით, ფოლკლორის თემებს იყენებდნენ თანამედროვეობის პრობლემებზე სალაპარაკოდ. ნუნუ ნაკაშიძის, ლეო ქიაჩელის, არჩილ სულაკაურის, ლევან ბოლქვაძის, რეზო ინანიშვილის, მაყვალა მრევლიშვილის, გივი ჭიჭინაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოტია იოსელიანის, გურამ პეტრიაშვილის, გუგული ტოგონიძის, თამაზ ბიბილურის, გოდერძი ჩოხელისა და სხვათა ნაწარმოებები ამის საუკეთესო მაგალითებია და დღეს უკვე კლასიკა შეიძლება ეწოდოს. რა თქმა უნდა, იწერებოდა ისეთი ნაწარმოებებიც, რომელთაც შეიძლება “მწერლის სირცხვილი“ დაარქვა, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ წაიღო, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. იწერებოდა კომუნისტ ბელადებზე, საკოლმეურნეო გეგმებზე, ხუთწლედებზე, მაგრამ ეს როგორც ქაფი, ისე მოიყენა დრომ თავზე და სადღაც გააქრო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაახლოებით 1965-67 წლებში მთელ საბჭოთა კავშირში დადგა ე. წ. “დათბობის ხანა”. რა თქმა უნდა, იყვნენ მეტ-ნაკლებად კონფორმისტი ან ნონკონფორმისტი მწერლებიც. ამ პერიოდში მუშაობდა სრულ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი გამომცემლობა “საბლიტგამი”, შედგომ “ნაკადული”, რომელმაც ისე გააფართოვა წარმოება და ბეჭდვა, რომ საბავშვო წიგნები ასეულ ათასობით ტირაჟით გამოდიოდა. მწერლები იღებდნენ საუკეთესო ჰონორარებს, წიგნი უიაფესი იყო, მაშინდელი სამეტყველო ენით _ “სულ რაღაც კაპიკები”. ხარისხი ჩამოუვარდებოდა თუნდაც მოსკოვურ წიგნს, მაგრამ წიგნი ითვლებოდა აუცილებელ საყიდელ საგნად. მარტო 11 ათასამდე ბიბლიოთეკა მუშაობდა და არსებობდა “საბიბლიოთეკო კოლექტორი”, რომელიც ამ ბიბლიოთეკებისათვის იძენდა სულ ცოტა 2-3 წიგნს მაინც, თუ არა 10 და 15 ეგზემპლარს. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ტირაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდული და ათვისებული იყო. და სხვა ბევრი რამ ხდებოდა, რაც ააქტიურებდა წიგნისა და მწერლის როლს ბავშვის და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში. ახლა კი შეხვალ ბიბლიოთეკაში და წიგნს ვერ ნახავ. არ გააჩნიათ შეძენის თანხები!
აქვე უნდა ვახსენო, რომ საბავშვო ნაწარმოებს ქმნის ნებისმიერი ადამიანი, ვინც წერს, ნიჭიერია და აქვს ურთიერთობა ბავშვებთან. ასეა მთელ მსოფლიოში. თუნდაც როკ-ვარსკვლავის, მადონას მაგალითი ავიღოთ, ან საოცარი სილვია პლათისა, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ პლათი საბავშვო წიგნებსაც წერდა. ასეა საქართველოშიც. ძალიან ბევრი ცდილობს საბავშვო ნაწარმოების შექმნას, მაგრამ მეტ პასუხისმგებლობას რომ გრძნობდნენ საბავშვო ლიტერატურის წინაშე, ჰქონდეთ და ეძლეოდეთ საშუალება საქმიანი ერთობლივი შეხვედრებისა და სემინარებისა, ურთიერთგაზიარებისა, ყურადღებას რომ უთმობდნენ გამომცემლები საკუთარ ავტორებს, სასკოლო სახლემძღვანელოების შემქნელტა მხრიდან რომ მეტი დაინტერესება იყოს თანამედროვე ავტორთა მიმართ, დარწმუნებული ვარ, ლიტერატურულადაც და კომერციულადაც ყველა მოგებული დარჩებოდა, რადგან ის პოტენცია რაც ქართველ ავტორებშია, სულ მეჩვენება, რომ აუთვისებელია!
და მაინც რა არ უნდა გამოგვრჩეს ასეთი წერილის წერისას?
ალბათ სინანულით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო დისერტაცია თემაზე “შიო მღვიმელის მემკვიდრეობა” ლიტერატურის ინსტიტუტში 1998 წელს დაიცვა მაძიებელმა სოფიო მახაჭაშვილმა და მორჩა, იმის მერე საბავშვო მწერლობა ან მწერალი ან კონკრეტული თემატიკა აღარასდროს ქცეულა მეცნიერული კვლევის საგნად.. ძალიან კარგია, რომ გვაქვს ახალი “სასკოლო ბიბლიოთ ეკა” (გამომცემლობა “ბაკმი”). ძალიან ცუდია, რომ ქართველი და უცხოელი ავტორები არათანაბარ საკონკურენციო პირობებში არიან და არასდიდებით არ ფიქრობენ გამომცემელთა უმრავლესობა ოდნავ მაინც გვერდში დაუდგნენ თავიანთ საკუთარ მწერლებს, თუნდაც დაუკვეთონ ის პროექტები, რაც მათ თავდვე მიაჩნიათ კომერციულად. ის რომ საქრთველოში 2006 წელს “საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი _ ლიბო” დავაარსეთ მე და ჩემმა მეგობარმ,ა მწერალმა ირმა მალაციძემ და ასევე დავაარსეთ “ქართული საბავშვო წიგნის დღე _ 27 ოქტომბერი” და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გავააქტიუროთ ყურადღება ქართველი ავტორების მიმართ, ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტია. 2006-2007 წლებშივე გამოვეცით “საბავშვო ლიტერატურის ალმანახის” სამი მოზრდილი ნომერი. ჩვენი აქტივობების შედეგებსაც ვხედავთ თვალნათლივ, თუმცა უხერხულია ამ წერილში საკუთარ საქმიანობაზე საუბარი. ეგებ ეს სხვამ გააკეთოს, და ეგებ საქმემ მეტად წარმოგვაჩინოს, ვიდრე საუბარმა. თუმც რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს მაინც გავაცნობ მკითხველს: ფონდი პირველად საქართველოდან აღმოჩნდა 2010 წლის “ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის” ნომინანტთა სიაში. რაც გარკვეულწილად ევროპელთა მხრიდან ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობის აღიარება იყო. საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა ითავა გადაცემათა მთელი ციკლი საბავშვო ლიტერატურასა და ქართველ ავტორებზე საპატრიარქოს რადიოსა და ტელევიზიიტ და ამით ერთგვარი უნიკალური არქივიც კი შეიქმნა. ამ გადაცემების საფუძველზე, ახალგაზრდა მკვლევარმა, ლიტერატურათმცოდნემ, ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ნინო ჩხიკვიშვილმა გამოსცა წიგნი “სარკის რეალობა”, რომელიც 20-მდე წერილს აერთიანებს და მიმოიხილავს თანამედროვე საბავშვო მწერლობის ცოცხალ პროცესს და მის უახლოეს წარსულს (გამომცემლობა “პეგასი”). მკვლევარი აგრძელებს მუშაობას და მალე ამ წიგნის მეორე ნაწილის დაბეჭდვასაც უნდა ველოდეთ. თითზე ჩამოსათვლელია რეცენზიები ლიტერატურულ პერიოდიკაში. მინდა ავღნიშნო ფილოლოგიის აკადემიური დოქტორ, სოფიო ჯაფარიძე გამორჩეულად საინტერესო და ღრმა წერილებით გურამ პეტრიაშვილის ზღაპრების შესახებ “ვეება ნაბიჯებით”, და მარიამ წიკლაურის საბავშვო შემოქმედებაზე “ჩემი საყვარელი დევები” (ჟურნალი “ქართული მწერლობა”). რამდენიმე რეცენზიით გამოეხმაურნენ ლია რუსიაშვილის საბავსვო წიგნს “სალი კოლხელი”. ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთონ მკითხველებმაც, პედაგოგებმაც, გამომცემლებმაც თავიანთ არჩევანში.
ზემოთდასახელებული გადაცემების გარკვეული გამოძახილია ისიც, რომ საბავშვო ლიტერატურაში იყო და არის მცდელობა კონკურსების ჩატარებისა: საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრმა 2009 წელს გამოაცხადა ეს კონკურსი რამდენიმე ნომინაციაში და ველოდებით ყველანი მის შედეგებს, ასევე ბათუმის მერიამ დაამატა ყოველწლიურ კონკურსს “ლექსების გამოფენა და ასი სიტყვა” “საბავშვო ნომინაცია” და წელს, მაისის ბოლოს სავარაუდოდ ჩვენ გვეყოლება გამარჯვებულებიც ამ კონკურსში. კონკურსებიდან “გალა” ერთადერთია საბავშვო წიგნის ნომინაცია რომ გააჩნდა, და იმედია, ოდესმე კონკურსი “საბაც” გაითვალისწინებს მრავალწლიან თხოვნას მისი ორგანიზატორების მიმართ და ეგებ ამ კონკურსსაც დაემატოს საბავშვო ნომინაცია. და ალბატ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ისედაც მწირ სატელევიზიო საბავშვო გადაცემებში, გარკვეული აქცენტები უნდა გაკეთდეს წიგნებსა და მწერლებსა და ილუსტრატორებზე, თორემ თანამედროვე ბავშვი ძალიან გაუცხოვებულია თავისავე თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროსთან, რაც წიგნისადმი გაუცხოებას უწყობს ხელს. ჩვენთან ისედაც არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შემუსავებული “კითხვის პოლიტიკა” და ის მცირედი, რაც ადვილად გაკეთდება და ხალხისათვის იქნება გარკვეული საინფორმაციო და ზოგადი ორიენტირი ამ სფეროში, არ უნდა გვავიწყდებოდეს ამდენი თოქშოუს ფონზე. თორემ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ქვეყანაში ჟურნალისტებს ეშინიათ მწერლებთან საუბრისა და გაურბიან წიგნებზე ლაპარაკს. თითქოს ეს სამარცხვინო იყოს.
ძალიან დასანანია, რომ არასაკმარისად, ზოგჯერ კი საერთოდაც არ ხდება საბავშვო ბიბლიოთეკების ფონდების შევსება. მოგეხსენებათ, რომ ოპტიმიზაციის პროგრამით ბევრი საბავშვო ბიბლიოთეკა ან დაიხურა ან ფილიალად დაექვემდებარა ქალაქის მთავრ ბიბლიოთეკებს, მაგრამ ფაქტია საბიბლიოთეკო სექტორს დაფინანსებისა და მოდერნიზაციის უდიდესი პრობლემები აქვს დღეს და ამ მიმართულებით აუცილებლად სერიოზული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.
ბევრი სათქმელი დაგროვილა თურმე... ძირითადი ტენდენცია თანამედროვე საბავშვო მწერლობისა არის ნაკლებობა საინტერესო თანამედროვე მხატვრული ლიტერატურისა. თანამედროვე მოზარდის პრობლემებზე ნაკლებად ან საერთოდ არ იწერება. ჭარბობს ძალიან პატარა ასაკის წიგნები და აშკარა დეფიციტია მოზრდილთა ნაწარმოებებისა _ 12 წლიდან ზევით თანამედროვე საკითხავი არ არსებობს (ამირან ჭიჭინაძის, ზაზა თვარაძის, მანანა წერეთლის, თეა ლომაძის ნაწარმოებების მცირე გამონაკლისის გარდა) არადა, რამდენი რამე აინტერესებს დღევანდელ მოზარდს. თარგმნილი ლიტერატურა კარგია, კლასიკა ხომ საუკეთესო, მაგრამ ცარიელ ადგილებს ავსებენ არა ისინი, არამედ კრიმინალურ სამყაროზე დაწერილი იაფფასიანი (ყველა თვალსაზრისით) რომანები. ბაზარზე შემეცნებითი ლიტერატურა, ენციკლოპედიური ტიპის გამოცემები და ცნობარები აშკარა უპირატესობაშია. თავისთავად კარგია ინტერესი ინფორმაციულობისადმი, ცოდნისადმი, მაგრამ მხატვრული ლიტერატურის გარეშე მხოლოდ ფაქტებით გაჭირდება მოზარდებთან და ბავშვებთან უმთავრესზე საუბარი: ადამიანობაზე, სიყვარულზე, ზნეობრივ ღირებულებებზე, სოციალურ პრობლემებზე. არადა, უამისოდ წარმოუდგენელია. აი, რომ არსებობდეს თემატური კონკურსები, ძალიან შეუწყობდა ხელს ამ სიცარიელის ამოვსებას. თუმცა ისიც კი, რაც გვაქვს, თუნდაც ნინო ნაკაშიძის “უღუ და თეთ”, გურამ პეტრიაშვილის “ელი და ბრუნო” და სხვა ნაწარმოებთა მაგალითზე, აჩვენებს, რომ ასეთ საკითხავი წიგნებს ძნელად სწყალობენ თვით წარმატებული გამომცემლებიც კი!
ბოლო ათწლეული უპირობოდ უნდა შეფასდეს საგამომცემლო ბიზნესის აშკარა წარმატების წლებად. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით თავად საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მიმართაც. ამის მიზეზი სწორედ კომერციულობაში უნდა ვეძებოთ. ზოგადი სოციალური ფონი, ნაკლებად მსყიდველობითიუნარიანი მოსახლეობა, საგამომცემლო პროდუქციის სიძვირე, უნდობლობა ახალი სახელების მიმართ, ლიტერატურისადმი არც თუ ისე სერიოზული და “მოდური” დამოკიდებულება, მსოფლიო სენი _ იაფი კოპირაიტული პროექტები იაფი ბეჭდვითი სისტემებითა და ფართომასშტაბიანი კომერციული სქემებით ქმნის ამ არასახარბიელო გარემოს. კოპირაიტის წინააღმდეგი ვერაფრით ვიქნებით, მაგრამ მშობლიური სიტყვიერება სხვა ძალითა და მადლით მოქმედებს ბავშვებზე. ეთნოფსიქიკის უამრავი ნიუანსის გათვალისწინებით, ჩვენ პატარებს ნუ მივაჩვევთ “მეორადიმოხმარების ლიტერატურის” გამოყენებას. ბევრ კულტურულ ქვეყანაში, საერთოდ უცხო ხილია ამდენი საბავშვო ლექსის არსებობა და ზემოქმედების უნარი პატარებზე, ჩვენთვის კი ეს ორგანული რამაა, ამიტომ არ უნდა ვთქვათ უარი კარგსაბავშვო პოეზიაზე, ქართველი პატარა ხომ ლექსებით იწყებს ლაპარაკს? ესეც რომ არ იყოს, ჩვენ ძველი ერი ვართ და იმდენად მყარად შემუშავებული და ჩამოყალიბებული ღირებულებები, ასევე სამყაროს აღქმის და მასთან ურთიერთობის ღრმა ფორმები გაგავაჩნია, ჩვენი საბავშვო ლიტერატურაც ვერაფრით დასჯერდება უმარტივეს, უბრალო და უგემოვნო არაფრისმთქმელ ტექსტებს. არადა ამის საშიშროებასაც შეიცავს მზა ტექსტებიანი წიგნების გაქართულების ცდები. საყოველტაო გლობალიზაციის პირობებშიც კი, ლიტერატურამ ყველაზე მეტად უნდა შეინარჩუნოს მაინც ინდივიდუალურობა, რაც ძირითადად ზოგადადამიანურ ღირებულებებსაც გულისხმობს, მაგრამ ნებისმიერი ეთნოსისათვის უფრო ადვილად გასაგებს და ადვილად მისაღებს ხდის მათ, რადგან სწორედ მშობლიური წიაღის სპექტრში, ეროვნული ცნობიერებასა და დედაენის მადლში გამოტარებული მიეწოდება ბავშვებს. იმედია, მწერლები მაინც ჩვეული სიჯიუტით გაიტანენ თავის ლელოს, მაგრამ ოდნავ მაინც გაუვლით გულში ბიბლიისეული ეჭვი იმისა, “არიან თუ არა ისინი საჭირონი თავიანთ ქვეყანაში? არის თუ არა მათი ადგილი აქ?” გაიმარჯვებს ის, ვინც ძლიერი და უღალატო აღმოჩნდება თავისი ზნეობრივ, მწერლურ, ეროვნულ და ზოგადადამიანურ პრინციპების განხორციელებაში, ვისთვისაც უმთავრესი იქნება ბავშვის სამყარო, მისი სულის წვდომის სურვილი, ვისაც ექნება თანაბარი პასუხისმგებლობა სულიერი მემკვიდრეობისა და მომავლის წინაშე. ვისაც აღმოაჩნდება უნარი მარადიულ ბავშვობისა!
მინდა, მოვუბოდიშო მხატვრებს, ურომლისოდაც წარმოუდგენელია საბავშვო წიგნის და განსაკუთრებით, პატარა ასაკის მკითხველთა გამოცემები. მათ სახელებს უკავშირდება არაერთი წარმატება ქართული წიგნისა და იმედია, მომავალშიც უპირვლესად სწორედ მათი ნახატების წყალობით გადაფურცლავენ ნაცნობი თუ უცნობი მწერლების ახალ წიგნებს ჩვენი ბავშვები.
მარიამ წიკლაური - მწერალი,
მაყვალა მრევლიშვილის პრემიის ლაურეატი
2011 წლის 27 აპრილი, თბილისი