ჩვენ გვიყვარს კითხვა

Accounting Technologies

ჩვენ გვიყვარს კითხვა -2015

2015 წლის 26 ნოემბერს, ევროპის საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით, ჩაატარა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა მცირეწლოვანი ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას. ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით, განხორციელდა პროექტის „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ ფარგლებში.
პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ, მის აქტუალობასა და დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს 
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის მოადგილემ სახელოვნებო დარგში ეკა ჭაჭიაშვილმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ, ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელმა, პროექტის ოფიცერმა მარიამ წიქვაძემ, ეროვნული უმცირესობების ენობრივი ჯგუფის კოორდინატორმა დესპინე ქოიავამ, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის უფროსმა, არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული ენის პედაგოგმა ქეთევან კალანდაძემ.
მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ლიტერატურულ შეხვედრაზე, სასახლის ბიბლიოთეკის მოსწავლეებმა, მარნეულის რაიონის სოფლების: შაუმიანის, წითელსოფლის, წერეთლის სომხურენოვანი სკოლების V-XII კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები, ისაუბრეს მათ შემოქმედებაზე, წარმოადგინეს ნაწარმოებების შინაარსი, მათი ინსცენირება, შეასრულეს სიმღერები; დედაქალაქის ისან-სამგორის რაიონის N117 ქართული საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის, საიათნოვასა და ოვანეს თუმანიანის ლექსები.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიას. წარმოდგენების შემდეგ, მარიამ წიქვაძემ გააკეთა მოკლე პრეზენტაცია ევროპის საბჭოს, მისი ისტორიისა და ღირებულებების შესახებ. მან ასევე წარმოადგინა პროექტი და ხაზი გაუსვა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და უმცირესობათა ენების დაცვას ქარტიის საშუალებით, სახელმწიფო ენისადმი ზიანის მიყენების გარეშე, ასევე ქართული ენის შესწავლის საჭიროებას. დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.
იგეგმება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ მრავალჯერადი გახდეს. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ქართული სამეტყველო და ლიტერატურული ენის გამდიდრება, წიგნიერების ზრდის ხელშეწყობა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულენოვან გარემოსთან ხანგრძლივი და ეფექტური ურთიერთობის გზით.