ჩვენ გვიყვარს კითხვა

Accounting Technologies

ჩვენ გვიყვარს კითხვა -2017

7 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტის „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სასახლის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებმა, თბილისელმა მოსწავლეებმა და სტუმრებმა გამართეს ერთობლივი აქტივობები, ლიტერატურული პაექრობა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების გარშემო, შეასრულეს სიმღერები ქართულ და სომხურ ენებზე, წარმოადგინეს პრეზენტაცია საკუთარი მხარის, თემის შესახებ, ინფორმაცია ეროვნულ ტრადიციებზე.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დონორ ორგანიზაციებს და მონაწილეებს წარმატება უსურვა, აღნიშნა, რომ სასახლის კარი ყოველთვის ღიაა ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის .
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეთნიკური უმცირესობების ენობრივი ჯგუფების კოორდინატორმა, დესპინე ქოიავამ, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული ენის პედაგოგმა ქეთევან კალანდაძემ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
პროექტის ფარგლებში, მისი მონაწილეები ესტუმრნენ საქართველოს ისტორიის ეროვნულ მუზეუმს. პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობით.