ჩვენ გვიყვარს კითხვა

Accounting Technologies

ჩვენ გვიყვარს კითხვა -2017

31 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტის „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სასახლის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებმა, თბილისელმა მოსწავლეებმა და სტუმრებმა გამართეს ერთობლივი აქტივობები, წარმოადგინეს ისტორიული ცნობები, ინფორმაცია ეროვნული ტრადიციების, დღესასწაულების, მათთან დაკავშირებული რიტუალების შესახებ, გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა ანდერსენის ზღაპრების მიხედვით. პროექტი საბავშვო წიგნის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს - 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება ცნობილი დანიელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს. პროექტის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეთნიკური უმცირესობების ენობრივი ჯგუფების კოორდინატორმა, დესპინე ქოიავამ, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული ენის პედაგოგმა ქეთევან კალანდაძემ... სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
პროექტის ფარგლებში, მისი მონაწილეები ესტუმრნენ საქართველოს ისტორიის ეროვნულ მუზეუმს, სასახლის სამკითხველოში გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობით.