Accounting Technologies

ჟურნალი „დილა“

ჟურნალი "დილა”. გამოდის 1904 წლიდან. დაარსებულია მარიამ დემურიას მიერ სახელწოდებით “ნაკადული”. 1947 წლიდან ეწოდება “დილა”. გამოდის ორ თვეში ერთხელ.

მთავარი რედაქტორი დოდო წივწივაძე.

 

ჟურნალ "დილის“ ისტორია

 საბავშვო ჟურნალი “დილა” დაარსდა 1904 წელს. თავდაპირველად “ნაკადულის” სახელით მონათლული ჟურნალი 1928 წლიდან “ოქტომბრელის” სახელწოდებით გამოდის;

1947 წელს ჟურნალს ისევ შეეცვალა სახელი და “დილა” დაერქვა. ჟურნალი დაარსებიდან დღემდე გამოდის უწყვეტად.

„ნაკადული“

ჟურნალი დაარსდა სკოლამდელი და სკოლის ასაკის (5-დან 12 წლამდე) ბავშვებისთვის. თავდაპირველად ის გამოდიოდა თვეში სამჯერ: ორი ნომერი მცირეწლოვანთათვის (24-გვერდიანი, შავ-თეთრი), ხოლო ერთი - მოზრდილთათვის (64-გვერდიანი, შავ-თეთრი). ამას ემატებოდა “პედაგოგიური ფურცელი” - ჟურნალი მშობლებისა და პედაგოგებისთვის, რომელიც აშუქებდა ოჯახში ბავშვის აღზრდის, ზოგადპედაგოგიურ და დიდაქტიკურ საკითხებს: იბეჭდებოდა წერილები ბავშვის ფიზიკური, ზნეობრივი და სქესობრივი აღზრდის, სახალხო განათლების, ფსიქოლოგიის, მედიცინის საკითხებზე, მასწავლებლისა და აღმზრდელის, სკოლისა და ოჯახის როლზე და სხვა.

თვითონ ჟურნალის პროგრამა ასეთი იყო: 1. მოთხრობა და ლექსი; 2. ისტორიული და სამეცნიერო პოპულარული წერილები, ბიოგრაფიები, მოგზაურობები; 3. აღმოჩენა-გამოგონებათა ქრონიკა; 4. ნარევი: მოსწრებული სიტყვა-პასუხი და ანეკდოტები, თამაშობანი, გასართობი, რებუსები, ამოცანები, შარადები, გამოცანები, საყმაწვილო კარიკატურები; 5. პეადგოგიური წერილები; 6. ფოსტის ყუთი; 7. მკითხველთა წერილები.

ჟურნალის ლიტერატურული ნაწილი მოიცავდა თითქმის ყველა ჟანრს: იბეჭდებოდაფოლკლორული მასალა - ხალხური ზღაპრები, არაკები, თქმულებები თუ ლექსები; ასევე, ორიგინალური და თარგმნილი ლიტერატურული ზღაპრები, სათავგადასავლო მოთხრობები, საბუნებისმეტყველო თხზულებები, ლექსები, პიესები, იგავ-არაკები.

“ნაკადულის” პირველი რედაქტორი იყო მარიამ ივანიშვილი-დემურია (1904-1910 წწ.), შემდეგ - ნინო ნაკაშიძე (1910-1926 წწ.). სარედაქციო საბჭო: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე მირიანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ ნათაძე, ნიკო ლომოური, თამარ კარბელაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ილია ნაკაშიძე და ლეო ქიაჩელი.

მეცხრამეტე საუკუნის ცნობილმა მწერლებმა ერთი ძვირფასი ტრადიცია დატოვეს: თითქმის არ ყოფილა არც ერთი ავტორი, რომ საბავშვო ნაწარმოები არ დაეწერა. ეს ტრადიცია არც მეოცე საუკუნეში დარღვეულა.

„ოქტომბრელი“

 ჟურნალის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1928 წელს “ნაკადულს” სახელიც კი შეუცვალეს და “ოქტომბრელი” დაარქვეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ძველი და ახალი ჟურნალ-გაზეთების მოვლის საქმე.

უკვე “ოქტომბრელად” მონათლული საბავშვო ჟურნალიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. რედაქციას უკვე აღარ ევალებოდა ჟურნალის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება, ფინანსების თუ ქაღალდის მოძიება, გამოცემის გრაფიკის დადგენა, ტირაჟის გავრცელება (მისი ტირაჟი 25 000-მდე გაიზარდა).

რედაქციის ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენდა საუკეთესო მასალების მოძიება, დამუშავება და გაფორმება, რაზეც დიდწილად იყო დამოკიდებული პატარა მკითხველის გემოვნების დახვეწა.

თუმცა, სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა თავისი კვალი დაატყო საბავშვო პერიოდიკასაც. ამ პერიოდის ნომრებში შეხვდებით ლექსებს - “პატარა ლენინი”, “ოქტომბრელი გოგონა ბელადთან” “საბჭოთა მფრინავები” და სხვა.

ოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, საბავშვო მწერლობა ჟანრობრივად კიდევ უფრო გამდიდრდა. შეიქმნა მთელი რიგი საბავშვო პოემები: პოემებს წერდნენ პაოლო იაშვილი, ილომოსაშვილი, მარიკა ბარათაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, კარლო კალაძე.

„დილა“

 სამამულო ომის შემდგომი პერიოდი კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ხანაა ჟურნალის ისტორიაში. ჟურნალი ფერადი გახდა.

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ 60-დან 80-იანი წლების ბოლომდე “დილისთვის” ოქროს ხანა იყო, მისმა ტირაჟმა 175 000-ს მიაღწია. ამ წლებში “დილის” რედაქტორობდნენ იოსებ ნონეშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მუხრან მაჭავარიანი, ენვერ ნიჟარაძე, რევაზ ინანიშვილი.

ჟურნალს შემოუერთდა ქართველი მწერლების ახალი თაობა: მაყვალა მრევლიშვილი და მისი “ჩიტო, ჩიტო, ნაცარა” და მხიარული “ჭანჭიკელა” - პირველი გმირი ფანტასტიკის ჟანრიდან, კუკური გოგიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ქეთევან ჭილაშვილი, ოთარ ჭელიძე, დოდო ვადაჭკორია, აკაკი გეწაძე, ლადო მრელაშვილი, რევაზ ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, გივი ძნელაძე, გიორგი წერეთელი, ნოდარ დუმბაძე, ნაზი კილასონია, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ნიქაბაძე, ოტია იოსელიანი, მორის ფოცხიშვილი, ხუტა ბერულავა, ნოდარ შამანაძე, კარლო კობერიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ შალამბერიძე, ირინე ტალიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, ტარიელ ჭანტურია, ნუნუ კერესელიძე, გივი გეგეჭკორი, ერლომ ახვლედიანი, გურამ ფანჯიკიძე, მერაბ ელიოზიშვილი, დავით ჯავახიშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, მამუკა სალუქვაძე... ამ თაობამ მსუბუქი იუმორი და მოკლე, სხარტი თხრობის სტილი შემოიტანა საბავშვო მწერლობაში. სიახლე იყო ხალისიანი განწყობითა და ზომიერი იუმორით შეზავებული, ქალაქური ფოლკლორის მოტივების გამოყენებით შექმნილი იოსებგრიშაშვილის საბავშვო პოემები: “მუსტაფას ვირი” და “ბაბაჯანას ქოშები”.

ამ წლებში მართლაც არ დარჩენილა მწერალი, რომელიც არ წერდა და თარგმნიდა “დილისთვის”; სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს აცნობდნენ მკითხველს ლეილა ერაძე, დალი ფანჯიკიძე, ჯუმბერ თითმერია.

„აი ია“

ჟურნალის რედაქცია ხვდებოდა, რომ აუცილებელი იყო, გაეთვალისწინებინათ მკითხველის ასაკი და გაემიჯნათ მასალები, როგორც ამას ჟურნალის თავდაპირველი დამაარსებლები აკეთებდნენ. ამიტომაც, გაჩნდა თუ არა შესაძლებლობა (და ამ წლებში “დილა” ფინანსურად ყველაზე მეტად წელგამართული იყო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სუფსიდიების ხარჯზე, თუმცა არც ხელმომწერები აკლდა), დაარსდა “დილის” დამატება პატარებისთვის - “აი ია” (გამოდიოდა 1984-1985 წლებში). ამ გამოცემაში ძირითადი ადგილი ილუსტრაციას ეთმობოდა, ტექსტი მოკლე და ლაკონიური იყო, ძირითადად დიალოგებით დატვირთული და ადვილადაღსაქმელი. ბევრი ამბავი და ცოტა აღწერა - საბავშვო ნაწარმოების ეს აუცილებელი ნიშან-თვისება ყველაზე მეტად გამოიკვეთა იმდროინდელ ქართულ საბავშვო ლიტერატურაში. ლექსებიც ასეთია, მოკლე, სხარტი, იუმორით სავსე, რითმული და მუსიკალური.

კომიქსები

ქართული კომიქსის ისტორია “დილაში” დაიწყო: ჯერ კიდევ “ნაკადულში” იბეჭდებოდა “კუდა-კუდა ამბები” - ნახატები, რომლებიც ტექსტის გარეშეც მშვენივრად მოუთხრობდნენ ამბავს მკითხველს. ეს ტრადიცია გაგრძელდა “ოქტომბრელსა” და “დილაში”, ჟურნალის ფურცლებზე ქვეყნდებოდა კუკური გოგიაშვილის, ედუარდ ამბოკაძის, რევაზ გაბრიაძის, ანდრო კანდელაკის, შალვა ცხადაძის და სხვათა ნახატი-მოთხროებები. უკვე სრულყოფილი კომიქსის სახე ჰქონდა 1968 წელს დაბეჭდილ ვაჟა ფშაველას “ტყის კომედიას” რევაზ ცუცქირიძის ნახატებით. მხატვარმა ჯემალ ლოლუამ კომიქსის სახით შესთავაზა მკითხველს სერგოკლდიაშვილის “ლახუნდარელის თავგადასავალი”. 80-იანი წლებიდან ჟურნალი აქვეყნებს გიალაფაურის კომიქსებს - “ბოლოკა და ყვანჩალა” და “ბოცოს და გვანცას მოგზაურობა”. კომიქსების ტრადიცია დღესაც გრძელდება – 2016 წლის ყველა ნომერში “დილა” გაგრძელებებით ქვეყნდებოდა კომიქსს “ზანზარას და ჩუს თავდასავალი” (ტექსტის ავტორი ლელა ცუცქირიძე, მხატვარი – იულია ნიკოგოსოვა).

უახლესი პერიოდი

 90-იან წლებში საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ მთლიანად შეიცვალა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ბედი.

ჟურნალი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. რედაქციამ დაიწყო ახალი სიცოცხლე, ახალი ურთიერთობები პრესის გავრცელების სააგენტოებთან, სტამბებთან, ხელმომწერებთან. დიდი პრობლემა გახდა ფერადი ბეჭდვისთვის პოლიგრაფიული მასალის მოპოვება, შემდეგ - „ფერდაშლა“. ყველაზე ძნელი სასურველი ხარისხის მიღწევა იყო.

არასახარბიელო სასტამბო პირობებმა რედაქციას გადააწყვეტინა ჟურნალი საზღვარგარეთ გაეტანა დასაბეჭდად.

„დილის“ გარეგნული სახე რადიკალურად შეიცავლა, მისი პოლიგრაფიული დონე უკვე ტოლს არ უდებს ევროპულ ჟურნალებს. თავადაპირველად სახეშეცვლილი “დილა” ბულგარეთში იბეჭდებოდა, შემდეგ - საბერძნეთში, თურქეთში, ბოლოს კი საქართველოშიც გაჩნდა სათანადოდ აღჭურვილი პოლიგრაფიული სტამბები. გარდა ბეჭდვის ხარისხისა, შეიცვალა და გამდიდრდა მისი შინაარსობრივი მხარეც. გაჩნდა ახალი რუბრიკები: „ეკლესია - ღვთის სახლი“, „ძველთაგან თქმული“, „ბუნების საოცრებათა სამყაროში“, „ვისწავლოთ ხატვა“, „სტუმრად მწერალთან“, „ძლევაი საკვირველი“, „ხვალის საქართველო“, „დილის ტოპ-მოდელი“, „მოგზაურის დღიურები“, „ვეტექიმის რჩევები“, „დებიუტი“, „ოჰ, ეს მოდა“... ამ დროიდან „დილამ“ კიდევ ერთი უდიდესი კლასიკოსის, სულხან-საბა ორბელიანის კომიქსებად დახატული იგავ-არაკების გამოქვეყნება დაიწყო და ამ პროექტს დღესაც აგრძელებს მხატვარი ნანა სანაია.   

1995 წლიდან „დილის“ რედაქტორია დოდო წივწივაძე.

ჟურნალს შემოემატნენ ახალი ავტორებიც: ირაკლი ლომოური, ნინო არსენიშვილი, ლალი ჯაფარაშვილი, ბესიკ კეკელიძე, ირმა მალაციძე, მარიამ წიკლაური, ლია კობალაძე, მიხო მოსულიშვილი...

 1997 წლიდან „დილის“ ყველა ნომერს ახლდა დამატება მშობლებისა და პედაგოგებისათვის - გაზეთი „საოჯახო საკითხავი“, სადაც იბეჭდებოდა საჭირო და აუცილებელი მასალები მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის. გაზეთს ჰქონდა სხვადასხვა რუბრიკა: „მშობლები და შვილები“, „ფსიქოლოგის გვერდი“, „ესთეტიკური აღზრდა“, „ურთიერთობის ანბანი“, “პრაქტიკული რჩევები“, „პედიატრი გვირჩევს“... რუბრიკით „ამბების მოგონების ხელოვნება“ მკითხველს ყოველ ნომერში სთავაზობდა ანოტირებულ ფრაგმენტებს ჯანი როდარის წიგნიდან „ფანტაზიის გრამატიკა“.

„დილა“ დღეს

2013 წელს ჟურნალ “დილას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დღეს „დილის“ შინაარსი, რუბრიკები, თემატიკა და სტილი ტრადიციულად გრძელდება. ჟურნალთან თანამშრომლობენ ის საბავშვო მწერლები, რომელთა სახელებიც კარგად ეცნობა “დილის” მკითხველს არა მარტო ჟურნალის ფურცლებიდან, არამედ სახელმძღვანელოებიდან.

თითოეული გვერდი გაფორმებულია ქართველი მხატვარ-ილუსტრატორების მიერ. მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ნომრის მომზადებაში 5-6 მხატვარი მონაწილეობს.

“დილა” ტრადიციულად ყოველ წელს აცხადებს კონკურსს “ახალი სახელები საბავშვო მწერლობაში”, რაც საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ და შემოვიერთოთ ახალი ავტორები და კიდევ უფრო გავამდიდროთ ქართული საბავშვო მწერლობა.