Accounting Technologies

“მხიარული რეცეპტების“ საიდუმლო

ნინია სადღობელაშვილი

(რეცენზია მარიამ წიკლაურის წიგნზე “მხიარული რეცეპტები“ )

 

ბავშვებისთვის წერა რომ იმაზე რთული ამბავია, ვიდრე უფროსებისთვის, ეს ძველისძველი ჭეშმარიტებაა და ბევრი კარგი მწერალიც უხერხულად გაჩხერილა ამ უწყინარ, თავისთავად ხაფანგში _ საბავშვო ლიტერატურის შექმნა რასაც ჰქვია. მაგრამ, ასევე ბევრსაც ოსტატურად აუქცევია გვერდი ხაფანგის ხლართებისგან და ზუსტად იმ რანგის ტექსტები შეუქმნია, როგორებიც სწორედ მათ უდიდებულესობა _ ბავშვებს ეკადრებათ. და, ეამებათ კიდეც. ჩვენც, ქართველები, განებივრებულები თუ არა, თავმომწონეები მაინც ვართ საბავშვო ლიტერატურაში მომუშავე ავტორებით, დღიდან ამ მიმართულების (თუ, როგორც შეიძლება ერქვას კონკრეტულ სფეროს _ საყმაწვილო მწერლობას) გაჩენისა, თანამედროვეობამდე. დღეს კი, როცა წიგნი, გლობალიზაციის საპირწონედ თუ სათანადოდ _ დამსახურებულ პოპულარობას იძენს და კითხვის პროპაგანდა, სახელმწიფოს, გამომცემლობების თუ, უბრალოდ, მკითხველების წყალობით, მეტ-ნაკლებად თვალშისაცემია, ქართულ საბავშვო ლიტერატურასაც დღითიდღე ეზრდება მკითხველთა რიცხვი, ჩვენს ავტორებს კი ბავშვები უკვე პირადადაც იცნობენ. ეს კი, დამეთანხმებით _ ბევრ კარგ რამეს ნიშნავს. მე ასე მგონია (და ვიცი, ამაშიც ბევრი თანამოაზრე მყავს), რომ ეს ცნობადობა, რამდენიმე საბავშვო ავტორის პირადმა აქტივობამ, მათმა მიზანმიმართულმა, გონიერმა და ბოლო ათეული (თუ უფრო მეტი) წლის მანძილზე ჩატარებულმა საჭირო ღონისძიებებმა განაპირობა და, ერთ-ერთ ამ ავტორთაგანი მარიამ წიკლაური გახლავთ. მე ახლა სწორედ მარიამზე ვწერ. და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ათეულმა წელმაც ჩემს თვალწინ გაიარა და ამ წლებში გამოცემულმა მისმა წიგნებმაც, მაინც მინდა მათგან ერთი გამოვარჩიო (მე რა უნდა გამოვარჩიო, დრომ და მკითხველმა თავად გამოარჩიეს და მეც ეს განწყობა მიბიძგებს) საბავშვო პოეზიის კრებული „მხიარული რეცეპტები“, რომელშიც მარიამის ძველმა (უკვე გაჰიტებულმა) და ახალმა ლექსებმა მოიყარა თავი და, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ი.გოგებაშვილის სახელობის ახლადდაარსებული პრემიის ლაურეატი გახდა, საბავშვო პოეზიის ნომინაციაში. „მხიარული რეცეპტები“ უბრალო წიგნი არ გეგონოთ _ ის ოჯახის რელიკვიად ქცეულ ზარდახშას ჰგავს. თუკი გქონიათ ასეთი, თუკი ერთხელ მაინც აგიხდიათ ამგვარი ზარდახშისთვის თავი და შეგისუნთქავთ მისი იდუმალებით, სიძველით და ხელშესახები ხსოვნით გაჯერებული ჰაერი, ან თუ ეს აქტი თქვენს საყვარელ რიტუალადაც გიქცევიათ... მაშინ, „მხიარულ რეცეპტებსაც“ ასე შეხედეთ, ასე წარმოიდგინეთ და თქვენი მოლოდინი, მერწმუნეთ, თავის თავს გადააჭარბებს! რადგან, უპირველესი, რაც ამ კრებულს აქვს _ ეს წესრიგია. ყოველი მოსალოდნელი კი სწორედ წესრიგის წყალობით ხდება მოულოდნელი. მეტყვით, სად ბავშვი და მასზე წერა და, სად წესრიგი და სიკოპწიავეო, მაგრამ, ჯერ ერთი, მე სულ სხვა წესრიგზე მოგახსენებთ (რომელიც, დიდ სიგიჟეებს და თავზეხელაღებულობას არც გამორიცხავს. პირიქით) და, მეორე კი _ აბა, წესრიგია თუა საჭირო ბავშვისთვის და მასზე ფიქრისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ თუკი ვთანხმდებით, რომ ბავშვი პირველყოფილი სამყაროა, ყველაზე გამჭვირვალე და თვითმყოფადი, მაშინ ჩვენი, დიდების საქმე (თუკი ავიხირებთ და ამ საქმეს გავიჩენთ, ზოგი მწერლობით, ზოგი მშობლობით ან მასწავლებლობით) მათში სწორედ ამ სამყაროს შენარჩუნებაა, გახანგრძლივება, იქნებ გამუდმივებაც კი. მარიამ წიკლაური კი ის პოეტია, ვინც, თუნდაც ყველაზე „უბრალო“ ტექსტშიც სამყაროს გამჭვირვალეობაზე, მის წესრიგზე ფიქრობს და „მხიარული რეცეპტებიც“ ის კრებულია, სადაც კონცეპტუალურადაა ხაზგასმული ეს ტენდენცია, თანაც ყოველგვარი დიდაქტიკის და პათოსის გარეშე. სულ სიმღერ-სიმღერით და „საკნატუნო“ ლექსებით. გარდა იმისა, რომ ლექსები და თემები ასაკობრივადაა დალაგებული _ უმცირესიდან დიდობისკენ, მთავარი მაინც სხვა შინაარსია, ცოტა უხეშად რომ განვმარტოთ, ასე _ ფოლკლორიდან ქრისტიანობამდე, უხსოვარიდან თანამედროვეობამდე. მთელ წიგნს ეს დინამიკა ახლავს, ამიტომ, თუკი დიდები გადაწყვეტთ მის წაკითხვას, გირჩევთ _ პირველი გვერდიდანვე დაიწყოთ, ეს ლექსები თავად გაგიყვანთ ბოლოში ისე, რომ შესაძლოა საფერფლეში ჩანთებულ სიგარეტიც გვერდზე დაგრჩეთ და ლოგინში აწრიალებული შვილი ან შვილიშვილიც, რომელიც აქამდე დაჟინებით ითხოვდა ერთი რომელიმე აჩემებული ტექსტის წაკითხვას. მერე, როგორი ენითაა შექმნილი ეს პოეზია? რა სიტყვებია მოკრებილი ამ წიგნ-ზარდახშაში? _ ძველისძველი, დავიწყებული, თუმცა სწორედ პოეტის საპოვნელი და გასაცოცხლებელი. სიტყვები, რომლებითაც ახალ-ახალი აზრების აგება შეუძლიათ პატარებს (დიდებსაც), სიტყვები, რომლებიც მთქმელს რაღაც უფრო მეტს სძენს _ სილაღეს, ლაზათს. აბა მოუსმინეთ: ფაფხაჭელა, ხალა, ფშანი, თიკვი, ბასმა, ხაზალი!... არ შეშინდეთ, თითოეულს თავისი განმარტებაც ახლავს, ამიტომ, შეგიძლიათ თამამად დაამკვიდროთ თქვენს ყოველდღიურ ლექსიკონში. მე, მაგალითად, ამ ლექსებიდან გავიგე, რომ შემოდგომას, საბას ენით, ხაზალი ერქვა და ყოველი შემოდგომისპირზე თავისით ამეკვიატება ხოლმე: „აზიზი და აზალი პატარძალი ხაზალი, მთელ სამეფოს სამყოფი მზითვითა და საგზალით“... ყველა ლექსში პაწაწინა ამბავი ვითარდება, თითეული შეიცავს შემეცნების მარცვლებს, ბავშვი მათგან იგებს ფლორის და ფაუნის თავისებურებებზე, ბუნების მოვლენებზე, ურთიერთობებზეც კი. ზოგადად, ეს საბავშვო ლექსისთვის დამახასიათებელი ნიშანია. იდეალურია ტანდემი, თუკი ის თან მხატვრულად და თან შემეცნებითადაც გამართულია. „მხიარული რეცეპტები“ ამ მხრივაც საოცრად მრავალფეროვანი, დატვირთული და მართლა მხიარულია. ერთ რამედ მარტო დევების ციკლის ლექსები ღირს _ მელანოს და მისი ოჯახის, ცელქი დევების, თადიას, მაწვნიჭამია დევის და ბოლოს _ დევის ერთი გოგოს ამბავი, რომელმაც ლექსების წერა დაიწყო! „ეს გოგო თურმე ლექსებს წერს, ტინებზე ლურსმნით კაწრავს, იმ ლურსმანს ძვრასაც ვერ უზამ, როგორც იმ გოგოს ნაწნავს“... მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი დევის გოგოს დაწერილ ლექსებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საინტერესო იქნება? ან იქნებ, ბავშვებო, ამ ჩვენს მარიამს აქვს კიდეც სადმე შენახული (სადაც ამდენი იქექა და იკვლია და დევთა ექსპერტად იქცა, იქაც, დევის გოგოს ლექსებსაც წააწყდებოდა!), ჰოდა მოდით, ერთად ვთხოვოთ _ მარიამ! გამოგვიჩინე დევის გოგოს ლექსები და საერთოდ, ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს, რაზე წერდნენ დევის გოგოები, რა აწუხებდათ და უხაროდათ, ხომ არავინ აბრაზებდათ, ან როგორი შეყვარებულები ჰყავდათ?! გამოგვიჩინე და წაგვაკითხე! თუმცა, ვიდრე მარიამი ამ ლექსებს მზის შუქზე გამოფენდეს, მანამდე მისი სხვა ლექსებით ვიჯეროთ გული. მით უფრო, თუ წინ „მხიარული რეცეპტები“ გვიდევს _ ეს წიგნად აკინძული სიყვარული, სიკეთე და სიხარული, ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც თანაბარი ხალისით საკითხავი. წიგნი, რომელიც მზის ამოსვლით და დიდი გამოღვიძებით იწყება და დიდი სიჩუმით _ დედის ნამღერი ნანინებით სრულდება, რათა ამ ლოცვა-იავნანებმა ბავშვების სიზმრებიც გააკრიალონ, მომდევნო მზის ამოსვლამდე. კრებული არაჩვეულებრივად დაასურათა დათო ჯამრიშვილმა. რედაქტორმა ქეთო ნინიძემ კი მშვენიერი წინასიტყვა დაურთო. კიდევ ბევრი თავგადასავალი და სულ ლექსად მოსაყოლი ამბები ახლდა ამ წიგნის დაბადებას, მაგრამ აქ და ახლა ამაზე ვერ ვყვები, ან იქნებ თქვენ უკეთესად იცით, რადგან მარიამ წიკლაური ხომ თქვენი საყვარელი პოეტია, ბავშვებო, და თქვენიც _ უფროსებო, მარტო „მხიარული რეცეპტებით“ კი არა, ბევრი სხვა წიგნით და ლექსით, რომლებშიც, ყველას შეუძლია თავისი ტკივილი და სიხარული იპოვოს, სამყარო ახალი სივრცეებიდან დაინახოს... ბოლოს კი, „მხიარული“ ბევრჯერ ვახსენეთ, მაგრამ ეს „რეცეპტები“ რაღაა ნეტა? კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, გადაშალეთ გვერდი 104 და გაყევით, ხოლო, ზოგადად კი!...