Accounting Technologies

ბავშვებისა და მშობლების ერთადყოფნის სიხარულისთვის

რეცენზია ნუნუ ჯანელიძის და დალი მუხაძის წიგნზე „ხატულა ლექსები“

უამრავ ლამაზ, ფერად საბავშვო საწიგნეთს ერთი ქართული საბავშვო წიგნიც შეემატა „ხატულა ლექსები“, ავტორები დალი მუხაძე, ნუნუ ჯანელიძე. რამ განაპირობა ამ ორი ადამიანის საბავშვო შემოქმედებისა და ილუსტრაციების გაერთიანება ერთ წიგნად? ორთავენი „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის „შემეცნებითი-ლიტერატურული საყმაწვილო ჟურნალის, „იალქნის“ თანამშრომლები არიან: ჟურნალის მხატვარი დალი მუხაძე, ოც წელზე მეტია, რაც აფორმებს ამ ჟურნალს თავისი ილუსტრაციებით და ნუნუ ჯანელიძე, ასევე ოც წელზე მეტია ჟურნალის მხატვრული რედაქტორია. ეს ჟურნალი თავის დროზე სოხუმელმა ახალგაზრდა ფილოლოგმა, ლიტერატორმა, სალომე კაპანაძემ დაარსა და რედაქტორობდა. შემდგომ წლებში ჟურნალის რედაქტორი გახდა ნანა ჭანტურია, ჟურნალისტი, ისიც სოხუმელი ადამიანი, პროექტის ავტორი და რედაქტორი. აფხაზეთიდანაა თავად ნუნუ ჯანელიძეც. ეს ადამიანები გააერთიანა საერთო ინტერესებმა საბავშვო ლიტერატურის მიმართ, რასაც წლებია ემსახურებიან. და ამ მსახურების კეთილი ნაყოფია ეს კრებულიც, რომლის გაცნობა ადასტურებს, რომ ორთავე ავტორი სერიოზულად ეკიდება ლიტერატურის ამ თავისებურ და რთულ დარგს! მხატვარი დალი მუხაძეც და ნუნუ ჯანელიძეც რამდენიმე ლირიკული კრებულის ავტორები არიან. საბავშვო პოეზიის წერა ეს ცალკე ნიჭია და არც ნებისმიერი პოეტს ხელეწიფება ის. მათი საბავშვო სადებიუტო კრებული, „ხატულა ლექსები“ ,უდაოდ იმსახურებს კარგ შეფასებას. როგორც ტექსტუალური, ასევე ილუსტრაციების მხრივ. ამ შემთხვევაში წიგნის ერთ-ერთი ავტორი, დალი მუხაძე ინტეგრირებულ ავტორად მოგვევლინა, მან შექმნა ისლუსტრაციები როგორც საკუთარი, ასევე ნუნუ ჯანელიძის ლექსებისთვისაც. დალი არაერთი საბავშვო და მხატვრული წიგნის ილუსტრატორია, აქვს საკუთარი ხელწერა, რომელიც აგრერიგად გაიშვიათებულ, ფუნჯით ნახატი ნამუშევრებით აფორმებს კრებულებს. განსაკუთრებით სახასიატთო და საყვარელია მისი შექმნილი ცხოველები და ფრინველები, ზღაპრულ-მისტიკური გამოსახულებები და ეროვნულ-ეთნოლოგიური დეტალები. ეს შტრიხები მის გრაფიკასა და ფერწერასაც ახასიათებს, ასე მსუყეს, ფერადოვანს, ცოცხალს, ქართულს. ამ 128 გვერდიან ფერადი, ლამაზი და ჭკვიანი წიგნის გაცნობისას კიდევ ერთხელ გახსენდება ასტრიდ ლიდგრენის უკვდავი სიტყვები „კარგი საბავშვო ლიტერატურა ბავშვს სამყაროში უმკვიდრებს ადგილს, სამყაროს კი - ბავშვის გულში.”

სამწუხაროდ, საბავშვო ლიტერატურის დარგში იშვიათობაა, საბავშვო კრებულებზე გამოხმაურებები. არადა, საწერიც, საკვლევიც, სათქმლიც ბევრი დაგროვდა ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე. ერთი წერილის ფარგლებში საზოგად პრობლემებსა და ანალიზს ვინ გაწვდება, მაგრამ კონკრეტულ კრებულზე ვიტყვი, რომ მთელი სამყარო,ბუნების ბინადრები, ცხოველები ფრინველები,მწერები ყველა თავისას უყვება ბავშვს და არა მხოლოდ ბავშვებს, რადგან არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგვრჩეს წიგნზე გაკეთებული წარწერა, ე.წ ქვესათაური ავტორებისაგან „ხატულა ლექსები ბავშვების და მშობლებისათვის“. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ განსაზღვრებაში უმთავრესი პრობლემა გამოსჭვივის, ჩვენი შვილებისა და მშობლების ერთმანეთთან სამწუხარო გაუცხოებისა და დროის მუდმი დეფიციტისა, როცა არცერთ მშობელს ლამის აღარც დრო და ხან არც სურვილი,უფრო სწორად კი ნებისყოფა აღარ აქვს შვილთან ერთად იჯდეს და შუამავალი მკითხველი იყოს შვილსა და საბავშვო წიგნს შორის. არადა, ეს ლექსები სწორედ იმ ასაკის ბავშვებისთვისაცაა, ვისაც სჭირდება წიგნამდე მისასვლელად შუამავალი, სჭირდება მშობელი. ამ ტექსტებში აღწერილი ამბები, ცხოვრებისეული გამოცდილება, სიბრძნე, სიკეთე, იუმორიც, სევდაც ისეა წარმოჩენილი, რომ სხვადასხვა პლასტებში აუცილებელია მშობლებისგან გარკვეული ახსნა განმარტებების მიღება. გამოყენებულია მდიდარი და კარგი ქართული ლექსიკა. კარგია, რომ ასეთ სიტყვებს ახლავს განმარტებები. დალი მუხაძისა და ნუნუ ჯანელიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი ლექსების პერსონაჟების ენით ბავშვები ერთის მხრივ ეცნობიან მათ გარშემო არსებულ ბუნებას, მათ ბინადრებს, რომლებიც სხვადასხვა ამბებსა და სიტუაციებში აღმოჩენილან და გარკვეულწილად უმდიდრებენ პატარებს არა მხოლოდ ლექსიკას და ფანტაზიას, არამედ უღვივებენ ინტერესსაც ამა თუ იმ მოვლენის თავისებურად გააზრებისათვის და მსგავს ვითარებებში ეს ტექსტები იქცევიან გამოცდილებისა და ცოდნის საფძვლად. როგორც ყველა კარგი საბავშვო ლექსი თუ მოთხრობა, ზღაპარი თუ იგავი ბავშვის გულში მართლაც უმკვიდრებს ადგილს მთელ სამყაროს,ახლობელს ხდის მას, სანდოს, სარწმუნოს. უყალიბებს დაკვირვებლობის უნარს და ეს შეფარული დიდაქტიკა თუ აღმზრდელობითი რესურსიც ისეა მოწოდებული, რომ არანაირად არ იწვევს გაღიზიანებას და არ გაფრთხობს, როგორც შიშველი დიდაქტიკის საფრთხობლა. ხან ჭიანჭველების, ხან ფისოების, წიწილების, ბაყაყების, ზღარბების, მწერების, მტაცებელი თუ შინაური ცხოველების თავს მომხდარი ამბები, ისე გამახსოვრდება, რომ ვერც გრძნობ, მსგავსი სიტუაცია ხომ სწორედ ადამიანებს თავს ხდება?! ან, ვთქვათ, ტრაბახა ქვაბის ამბავი, ზოგადად ტრაბახისადმი უარყოფით შეფასებად ექცევა ბავშვს.

ასეთი იყო ყოველთვის ტრადიციული ქართული საბავშვო ლიტერატურა და ფოლკლორიც. ეს წიგნიც ამ ტრადიციების კეთილი გაგრძელებაა. მაგრამ თანამედროვეა ამ პერსონაჟების მოქმედების არეალი, გარემო, რომელიც მცირედ მაგრამ მაინც მოიცავს ურბანულ შტრიხებს, დღევანდელ გარემოს და ტექნოლოგიებს. მელია უკვე სუპერმარკეტში ყიდულობს ქათამს, კომპიუტერს უზის კატა, ტბის ბაყაყი კენჭს იყრის არჩევნებზე, ჭიანჭველები მედგრად იცავენ თავიანთ სამშობლოს, ბაბუა პოპკორნს ყიდულობს შვილიშვილისთვის, აქვეა ეგრე რიგად მოდაში შემოსული კულინარიული ინტერესები და კოკლოზინა ლექსებიც...

ამ კრებულში ლექსების, გამოცანების, გათვლების და თარგმნილი კარგი საბავშვო ლექსთა ნიმუშების ერთობლიობა მშვენიერი მასალაა ყველასთვის ,ვინც ეძებს ახალ ლექსებს ბავშვებისთვის. ლექსებით იწყებს მეტყველებას და ლაპარაკს ქართველი ბავშვი. ასე როდია სხვა ქვეყნებში. ჩვენმა ხალხმა დიდი გუმანით და პრაქტიკული ცოდნითაც შეძლო ამ გამოცდილების დღემდე მოტანა და ყოველი ახალი, კარგი, ქართული წიგნი ჩემთვის კეთილად და გონივრულად ამეტყველებული ქართველი ბავშვია. სიკეთეში და მშვიდობაში მოიხმარონ მათ „ხატულა ლექსები“!

მარიამ წიკლაური, პოეტი