Accounting Technologies

თინათინ ჭეჟია

თინათინ ჭეჟია

დაიბადა 1950 წლის 23 ნოემბერს.ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა ა.შალიკაშვილის პანტომიმის სტუდიაში. ამავე წლებში იყო გორკის სახელობის კულტურის სასახლის მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრის მსახიობი.

1972-1974 წლებში მუშაობდა მშობლიურ სკოლაში ხატვის პედაგოგად და ზუგდიდის შ.დადიანის სახ.დრამატული თეატრის მსახიობად, სადაც ითამაშა ოტია იოსელიანის პიესაში ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ მარეხის და ნინელის როლები, ქეთო ჭილაშვილის საბავშვო პიესაში ,,ამბავი ერთი ბიჭისა“ ბიჭი-კუსპარას მთავარი როლი, ეს სპექტაკლი წარმატებით იდგმებოდა დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სასკოლო არდადეგების დროს.

 აქედან დაიწყო მისი, როგორც საბავშვო ავტორის ცხოვრება. რაიონულ გაზეთში ხშირად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები. ქალაქში ცხოვრობდა შემოქმდებითი ახალგაზრდობა და ადგილობრივი მწერლების, ლიტერატორების და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბდა ლიტერატურული გაერთიანება ,,რიბირაბო“, სადაც იკრიბებოდნენ მწერლები: შუკო ჯიქია, ედემი კვირტია, ზაურ კალანდია, ანატოლი არნანია და სხვები. იბეჭდებოდა ხელნაწერი ჟურნალი ,,ნოთე“. (ახლა ეს ჟურნალები ინახება ზუგდიდის მედია-მუზეუმში).

შემდეგ ის გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად სადაც სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტის საკლუბო-სარეჟისორო ფაკულტეტზე. ამ პერიოდში მხატვარ იქორწინა გუგული მამუკლაშვილზე. შეეძინათ ქალიშვილი თამარი და შემდეგ ანა . 1975 წელს გამოვიდა მისი პირველი მოთხრობები გაზეთ ,,ახალგაზრდა კომუნისტში“ ცნობილი კრიტიკოსის და მთარგმნელის, ჯუმბერ თითმერიას წინასიტყვაობით. 1984 წელს მისი პირველი საბავშვო მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალ ,,დილა“-ში. მუშაობდა თბილისის მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის სახლის პედაგოგად და სწავლობდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ჯერ ფილოლოგიის და შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1986-2006 წლამდე მუშაობდა საქ.ტელერადიო მაუწყებელში კორესპონდენტად, მერე კი მთავარი რადიოს პროგრამების რედაქტორად,( 2014 წლის 21 მარტს მიენიჭა საქ.დამსახურებული ჟურნალისტის წოდება). პარალელურად აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს ჟურნალ ,,დილაში“, ,,შოკოლიტში“ და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე საბავშვო მოთხრობა. თარგმნილია რუსულ ენაზე და დაბეჭდილია ჟურნალ ,,კალაბოკში’’.

2015 წელს ქართულ საბავშვო მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია.

2018 წელს მიენიჭა შიო მღვიმელის პრემია საბავშვო მწერლობაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

2019 წელს ხელოვანთა ოქროს ფონდმა მიანიჭა ,, თამარიონის ენდალმა“ დაჯილდოვებულია ლიტერატურული კონკურსის ,,ბუკნაჭოს“ პირველი პრემიით. მისი სადიდო პროზა და პოეზია ინტენსიურად იბეჭდება ,,ლიტერატურულ საქართველოში“, ,,მწერლის გაზეთში“, ,,ანეულში“ ,,ცისკარში".ცხოვრობს თბილისში, ყავს ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.