
წიკლაური მარიამ
მარიამ წიკლაური, პოეტი. დაიბადა 1960 წლის 18 მარტს, თბილისში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივ...
დაიბადა, ქალაქ ოზურგეთში 1916წლის 27 აგვისტოს თვალსაჩინო ქართველი მწერლის
საფო მგელაძის ოჯახში. გურიაში ცნობილი პიროვნება იყო მისი მამაც _ ვლადიმერ
მგელაძე. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოზურგეთის გიმნაზიაში. დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის, განსაკუთრებით კი კურორტ ბახმაროს აღორძინების საქმეში. აღსანიშნავია
მისი საქველმოქმედო საქმიანობაც.
შუშანა მგელაძეს ლაღი და მშვენიერი ბავშვობა ჰქონდა. გარს ეხვივნენ მშობლები, ახლობლები, მეგობრები. იმჯერად გურიაში ცხოვრობდნენ. მათ ოჯახში ხშირად თავს იყრიდნენ მაშინდელი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელები.
გაშლილ სუფრასთან იყო კამათი, იუმორით აღსავსე შეძახილები, ლექსი, სიმღერა. აქ გატარებულმა წლებმა პოეტ ქალზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც მის შემოქმედებაშიც სათანადოდ აისახა.
ჯერ კიდევ სამი წლის ბავშვს, მისმა ნათლიამ _ საქართველოსათვის შეწირულმა დიდმა მამულიშვილმა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა ქუთაისის მიტროპოლიტმა ნაზარი ლეჟავამ უწინასწარმეტყველა “ზეგარდმოცხებული ნიჭი, რომელსაც ის მემკვიდრეობითი კანონით მიიღებს ღვთისაგან აუცილებლობის ძალით”.
`ზეგარდმოცხებულ ნიჭთან” ერთად შუშანა მგელაძის შემოქმედად ჩამოყალიბებას ხელი
უდავოდ იმ გარემომაც შეუწყო, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება.
მწერალთა სასახლე, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები, საინტერესო შეხვედრები, გამოჩენილ ქართველ მწერალთა წრეში ტრიალი, ყველაფერ ამას უკვალოდ არ ჩაუვლია...
შემოქმედებითი საქმიანობა მართლაც ადრეულ ასაკში დაიწყო. 8 წლის იყო პირველი ლექსი რომ დაწერა. აღფრთოვანებული საფო მგელაძე მშვენიერი ლექსით გამოეხმაურა შვილის პირველ ლიტერატურულ ნაბიჯებს. დედის ინტუიციამ არც ამჯერად უმტყუნა სა იმთავითვე გააცნობიერა, რომ ეს არ იყო შვილის მხოლოდ ბავშვური გატაცება. ეს ბედისწერა იყო... ალბათ ამან შთააგონა საფო მგელაძის ლექსის სათაურიც „პატარა პოეტესა”.
მეტად საინტერესო იყო შუშანა მგელაძის ლიტერატურული დებიუტიც. 1930 წელს ჟურნალ „ოქტომბრელში” დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი `8 მარტი”, რომელმაც გამოჩენილი რუსი მწერლის ოლგა ფორშის ყურადღება დაიმსახურა. მაშინ იგი მეთოთხმეტე საცდელ _ საჩვენებელი შრომის სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. აღსანიშნავია, რომ ლექსი იმთავითვე მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში იქნა შეტანილი. `ეს ფეხბედნიერი დებიუტი არ იყო შემთხვევითი მოვლენა, _ ვკითხულობთ შუშანა მგელაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო წერილში, _ თქვენ ხომ თვალსაჩინო მწერლის სადო მგელაძის ოჯახში დაიბადეთ და ბავშობიდანვე
დაგყვათ ბუნებით მომადლებული ნიჭი და მაღალი გემოვნება. მუდამ ჩვენს გამოჩენილ მწერალთა შორის გიხდებოდათ ცხოვრება და დღემდე საფოს შემოქმედების შუქით გასხივოსნებული თქვენი ოჯახი ლიტერატურის და ხელოვნების სალონივით იზიდავს ყველას”.
განსაკუთრებული სითბოთი პოეტი ქალი სწორედ სკოლაში გატარებულ იმ შორეულ, ბედნიერ წლებს იგონებს. პედაგოგებსა და მეგობრებში მართლაც რომ უმართლებდა. გერმანულ ენასა და ლიტერატურას კონსტანტინე გამსახურდია ასწავლიდა, რასაც შემდგომში შუშანა მგელაძე ხშირად სიამაყით აღნიშნავდა.
იგი გერმანული პროზისა და პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს აცნობდა მოსწავლეებს
და ქართულად ათარგმნინებდა. შუშანა მგელაძეს ლექსის თარგმნა მშვენივრად ეხერხებოდა, რითაც დიდი მწერლის ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებდა.
ამიტომ შემთხვევითი არც მისი არჩევანი ყოფილა _ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა შუშანა მგელაძე, როდესაც დედამისი _ საფო მგელაძე გარდაიცვალა. ეს მისი ცხოვრების
ყველაზე დიდი განსაცდელი იყო... სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, არავის ნახვა არ სურდა. მარტოობას არჩევდა, მწერალთა სასახლისაკენ გახედვაც აღარ უნდოდა.
ერთხელ მაინც მოუხდა იქეთ გავლა. მაჩაბელის ქუჩის კუთხეში დიდი გალაკტიონი და
გიორგი ნატროშვილი შეხვედრიან. ესეც ბედისწერა იყო... გალაკტიონს მოუკითხავს, მისი
ნაღვლიანი სახეც არ გამოპარვია, ჩაფიქრებულა... შემდეგ თავისი განწყობა და მისდამი
დამოკიდებულება ექსპრომტად პატარა ლექსით გამოუხატავს. ამ შეხვედრამ, დიდი პოეტის ომახიანმა შეძახილმა „იარე დედის გაკვალული გზით”, უდიდესი გავლენა მოახდინა მასზე, თითქოს გამოაფხიზლა, ცხოვრებისაკენ, ბრძოლისაკენ, შემოქმედებისაკენ შემოაბრუნა, `მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი მეზრუნა დედის წიგნებზე, შემესრულებინა მისი ანდერძი და გამეგრძელებინა მის მიერ დაწყებული
საქმე” _ აღნიშნავდა შუშანა მგელაძე. სწორედ ამ შეხვედრას გულისხმობდა გიორგი
ნატროშვილი, როდესაც პოეტ ქალს მიმართავდა: `შენ დიდმა გალაკტიონმა დაგილოცა სამწერლო გზა და უფლება გაქვს ამ გზაზე გამარჯვებით იარო”.
შემდგომ გათხოვება... ოჯახი...შვილები... ახალი მოვალეობები... თეთრად გათენებული ღამეები...
მოსაბეზრებელი ყოფითი წვრილმანები... მიუხედავად ამისა, ლექსების წერას მაინც
განაგრძობდა. თუმცა ადვილი არ იყო დიდი ოჯახის დიასახლისობის შემოქმედებით საქმიანობასთან შეთავსება. მან ეს შეძლო, სიყვარულმა, დიდმა სიყვარულმა შეაძლებინა. ეს შესანიშნავად გამოხატა მწერალმა ქეთევან ქუჩუკაშვილმა პოეტი ქალისადმი მიძღვნილ საიუბილეო წერილში: `ყველას არ შუძლია კარგი დედაც იყოს და კარგი პოეტიც; ერთ მხარეს საამაყო შვილები გიმშვენებენ გვერდს, მეორე მხარეს უმშვენიერესი ლექსები არ გშორდებიან”.
შუშანა მგელაძეს ბედმა საკუთარ პოეტურ შემოქმედებასთან ერთად, დედის მდიდარ არქივსა და წიგნებზე ზრუნვის მძიმე ტვირთი დააკისრა, რომელიც მან ღირსეულად ზიდა და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ კეთილშობილურ საქმეს შეალია.
ამასთანავე, იგი არ ივიწყებდა დედის ნაანდერძევს. დიდხანს ეჭიდებოდა სიტყვას. ხანდახან ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა მშვენიერ ლირიკულსა თუ საყმაწვილო ლექსებს,
ნარკვევებს, მოგონებებს ქართულ მწერლობისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებზე. წიგნის გამოცემას მაინცდამაინც არ ჩქარობდა, მით უმეტეს, რომ მისი `ცხოვრების დაბინდულ გზაზე” არაერთი დაბრკოლება შეხვედრია, იმედის გაცრუებაც იყო, დაეჭვებაც, სასოწარკვეთაც...
პოეტი ქალის პირველი წიგნი მხოლოდ 1969 წელს დაისტამბა. ამჟამად განსაკუთრებით
აღსანიშნავია კრებულები: „სახსოვარი” და „გაზაფხულმა ვერ შემასხა ფრთები”, რომლებიც მისი საყმაწვილო და ლირიკული ლექსების ერთგვარი შეჯამებაა.
შუშანა მგელაძის ლექსებმა იმთავითვე მიიქციეს თანამედროვეთა ყურადღება და აღიარება მოუტანეს ავტორს. პოეტი ქალი სულ სხვა კუთხით წარმოჩნდა მკითხველის წინაშე და არაერთი გამოჩენილი მწერლისა თუ კრიტიკოსის საინტერესო პუბლიკაციის ადრესატი გახდა.
2008 წლის 29 ნოემბერს შუშანა მგელაძე გარდაიცვალა. არაერთი ჩანაფიქრი განუხორციელებელი და სურვილი აუხდენელი დარჩა. ეს რომ ასე იქნებოდა პოეტი ქალი თავადაც გრძნობდა. სევდანარევი ფიქრები დროის წარმავლობასა და წუთისოფლის ამაოებაზე მას არაერთხელ მოსძალებია. ლექსში „ფიქრი” იგი წერს: `გაზაფხულმა ვერ
შემასხა ფრთები, ვდგავარ როგორც გაძარცვული ძელქვა, გროშებივით დაილია წლები, ვერ მოვასწარ, რაც მინდოდა მეთქვა. ყველასგან გარიყული ვრჩები და მეხვევა უსაზომო ფიქრი, ის ლამაზი ოცნებები ჩემი გაქრა, როგორც თოვლის ნაზი ფიფქი”.
ნიშანდობლივია, რომ თავისი ბოლო წიგნის სათაურად შუშანა მგელაძემ სწორედ ეს
სტრიქონები აირჩია: `გაზაფხულმა ვერ შემასხა ფრთები...”